Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოკომპანიები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ


გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ორმა კომპანიამ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. ამ სათაურით ყაზახურმა ვებგვერდმა abctv.kz სტატია გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზმა“ ვერ შეძლო შვილობილი კომპანიის საქართველოში გაყიდვა და ახლა მასზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს. „ყაზტრანსგაზმა“ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმ მიზნით შეიტანა, რომ შვილობილ „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ კონტროლი დაიბრუნოს. მანამდე დაანონსებული გარიგება 100 %-იანი წილის გაყიდვაზე ჩავარდა. ამის შესახებ გამოცემას „ყაზმუნაიგაზის“ მმართველობის ხელმძღვანელმა საუატ მინბაევმა განუცხადა.

გადმოწერა

„ყაზტრანსგაზმა“ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. საარბიტრაჟო პროცესი ხანგრძლივია და დაკავშირებულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ბედთან. “შესაძლოა შევთანხმდეთ, შესაძლოა გავაგრძელოთ. ამის პროგნოზირება არ შემიძლია“, - განუცხადა გამოცემას მინბაევმა. Global Arbitration Review-ს ინფორმაციით, სასარჩელო თანხა 180 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. გამოცემის ინფორმაციით, 2016 წლის მარტში „ყაზტრანსგაზმა“ მიიღო შეთავაზება „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ქართველი ინვესტორისგან 100 %-ის გამოსყიდვის შესახებ. გარიგების დახურვა 2016 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა ყიდვის პროცესი არ დასრულებულა და გარიგება ჩაშლილია.

გამოცემის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზმა“ კონტროლი „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2009 წელს დაკარგა. მიზეზი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ დავალიანება იყო, რაც 40 მილიონ დოლარს შეადგენდა. მაშინ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი დაინიშნა, „ყაზტრანსგაზს“ კი ამ დრომდე არა აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს თავისი შვილობილი კომპანიის საქმიანობაში.
„ყაზტრანსგაზმა“ აღნიშნული აქტივი „თბილგაზისგან“ 2006 წელს 12,5 მილიონ დოლარად შეიძინა. 2006-2009 წლებში „ყაზტრანსგაზმა“ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განვითარებისა და თბილისის გაზმომარაგებისთვის 130 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. „ყაზტრანსგაზის“ ერთადერთი აქციონერი „ყაზმუნაიგაზია“.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, "ყაზტრანსგაზის" გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს, მოულოდნელია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები მმართველობაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

კალაძის ცნობით, მოლაპარაკებები გრძელდება და, შესაძლოა, საქმე არბიტრაჟამდე არც მივიდეს.

მეორე სარჩელი ასევე ენერგეტიკის სფეროს ეხება. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ინტერ რაოს“ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ. ამ მიზნით მათ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. "ტასის" მონაცემებით, „ინტერ რაოს“ სტრუქტურები - Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 75 %-ს და 100 %-ით „ხრამჰეს 1“-სა და „ხრამჰეს 2“-ს, დაცულნი არიან სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის შეთანხმებით ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის.

კომპანიები Silk Road და Gardabani წერილებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიერ მიღებული რიგი ზომები, 2014 წლიდან დაწყებული, უარყოფით გავლენას ახდენს მათ ინვესტიციებზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება შექმნილიყო ელექტროენერგიაზე ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომელშიც არ შევიდა ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო დანაკარგის კომპენსაციის გარანტიები ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის ხარჯზე; 2016 წელს კომპანიებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით ტარიფების შეცვლის შესახებ, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ მათ ამ თხოვნაზე უარი უთხრა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სარჩელი ჯერჯერობით არბიტრაჟში შესული არ არის. ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც იმედოვნებს, რომ "ინტერ რაოსთან" კონსულტაციები პოზიტიურად დასრულდება და საქმე არბიტრაჟამდე არ მივა.

რა გადაწყვეტილებების მიღება და დათმობებზე წასვლა მოუხდება ხელისუფლებას იმისათვის, რომ აღნიშნულ კომპანიებთან ურთიერთობა გარიგებით დაასრულოს, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG