ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეფასებას აძლევს 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში ექვსი მეშახტის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესს.
როგორც ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 6 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია ექვსი პირი, რომელთაც ბრალი ედებათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი და რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
5 აპრილის საქმეზე ,,საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ რამდენიმე პირს ბრალი წარედგინა იმავე უბანზე ჯგუფური დაღუპვის ფაქტის განმეორების შემდეგ (2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტში დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი მეშახტე ). ამ დროისთვის ბრალდებულადაა ცნობილი მინდელის სახელობის შახტის დირექტორი, შახტის მთავარი ინჟინერი, შახტის მენეჯერი, N 1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი, ამავე უბნის უფროსის მოადგილე და უფროსის თანაშემწე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიუთითებს, რომ ფატალურად დასრულებული საწარმოო შემთხვევების შემდეგ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანებისთვის ბრალის წარდგენა გამონაკლის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ამ დრომდე განსაკუთრებული არაეფექტიანობით ხასიათდებოდა. მათ შორის ტყიბულის შახტებში მომხდარი არაერთი შემთხვევის გამოძიება, როგორც წესი, რეალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ აყენებდა და/ან დამდგარი შედეგისას ის უმეტესად საშუალო და დაბალი რგოლის დასაქმებულთა პასუხისმგებლობით შემოიფარგლებოდა, რაც მსგავსი შემთხვევების პრევენციას ვერ ახდენდა.
არაეფექტიანი გამოძიების ფაქტებზე მიუთითებს სახალხო დამცველიც, რომლის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების თაობაზე დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, ხოლო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით, 90 საქმის ფარგლებში, რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში, საქმეთა 72,2 % არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5 000 ლარამდე.
როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაშია ნათქვამი, 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამოძიების პირველ ეტაპზე კომპანია ,,საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფ პირებს ჰქონდათ მცდელობა გამოძიება წარმართულიყო არა უსაფრთხოების წესების დარღვევის, არამედ ბუნებრივი პროცესით (სამთო დარტყმა) გამოწვეული შემთხვევის ვერსიით: „კერძოდ, მედიაში და გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები სამთო დარტყმის შედეგად გამოწვეულ გაუთვალისწინებელ შემთხვევასა და კომპანიის პასუხისმგებლობის არარსებობაზე მიუთითებდნენ, თუმცა, გამოძიების ფარგლებში სამთო დარტყმის ვერსიის გაჩენის მიუხედავად, საქმის მასალები მინდელის სახელობის შახტის N 1 მომპოვებელ უბანზე უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევებზე მიუთითებდა, რაც შესაძლოა პირდაპირ ყოფილიყო დაკავშირებული მომხდარ შემთხვევასთან. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა საექსპერტო კვლევები, მათ შორის დაღუპული მეშახტეების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა მომხდარის თავდაპირველ ვერსიას (სამთო დარტყმის არსებობის შესახებ). გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სამთო-საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა და გამოიკვეთა ,,საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფ კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველივე ეტაპზე შახტში არსებული უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევებზე არსებული ინფორმაციის მიუხედავად, სახელმწიფომ არ უზრუნველყო შახტის ფუნქციონირების დროებითი შეჩერება, რამაც N 1 ნახშირმომპოვებელ უბანზე მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა შექმნა და რაც 2018 წლის 16 ივლისს კიდევ ერთი ლეტალური საწარმოო შემთხვევით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ. 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში მომხდარი შემთხვევის გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად (რაც მნიშვნელოვანი პრეცედენტია), სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ამ დრომდე არ გამოკვეთილა შახტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და მოადგილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ადამიანებისა, რომელთა პირდაპირ მოვალეობას შახტში არსებული უსაფრთხოების წესების დაცვა წარმოადგენდა და რომლებიც, გამოძიების მასალების მიხედვით, პერიოდულად ფაქტობრივად ზედამხედველობდნენ # 1 მომპოვებელ უბანზე მიმდინარე სამუშაოებს. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება ბრალდებული პირების მხრიდან სწორედ იმ წესების დარღვევაზე მიუთითებს, რომელთა დაცვის კონტროლი შახტის უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაა.
EMC აგრძელებს მიმდინარე გამოძიებაზე დაკვირვებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას:
- 5 აპრილის საქმეში გამოკვეთოს ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პასუხისმგებელი იყო მინდელის შახტაში უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევის პირობებში მოპოვებითი სამუშაოების განხორციელებაზე;
- უზრუნველყონ ტყიბულის შახტებში 2006 წლიდან დღემდე (მათ შორის 16 ივლისის შემთხვევა) მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესისა და დამდგარი შედეგების შესახებ საზოგადოების პროაქტიული და უწყვეტი ინფორმირება;
- გადახედონ ამ დრომდე არსებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან მიმართებით და ყველა საქმეზე წარმართონ ყოველმხრივი, სრული და ეფექტიანი გამოძიება, რაც გამოკვეთს და დაადასტურებს მომხდარ შემთხვევაზე რეალურად პასუხისმგებელი პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
EMC მიმართავს საქართველოს პარლამენტსაც და მოუწოდებს განიხილოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების 2018 წლის 20 ივლისის ერთობლივი მიმართვა და მიმდინარე გამოძიების შედეგების გათვალისწინებით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს 2006 წლიდან დღემდე ტყიბულში შპს „საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევ ყველა საწარმოო შემთხვევაზე მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობისა და ობიექტურობის საკითხს.