Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სუბსიდიას ბუმერანგის ეფექტი აქვს“


თბილისის მერია ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის გამო სოციალურად დაუცველებისთვის სუბსიდირების გეგმაზე მუშაობს. სავარაუდოდ, 40 ათასი ოჯახი სუბსიდიას მიიღებს, თუმცა სუბსიდირების გეგმას ეკონომიკის სფეროს ექსპერტები გრძელვადიან პერსპექტივაში ბიუჯეტისთვის ტვირთად, ხოლო, ზოგადად, ეკონომიკის სტიმულირებისთვის შემაფერხებლად მიიჩნევენ. რამ გამოიწვია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა და არის თუ არა გამოსავალი სუბსიდია.

თბილისის ცენტრში მდებარე საკონდიტროს თანამშრომელი ლარისა ამბობს, რომ ელექტროენერგიის ხარჯი თვეში 1 500 ლარს შეადგენდა და ახლა ვარაუდობს, რომ ხარჯი 2 000 ლარამდე გაიზრდება, რის გამოც პროდუქციის ფასის მატებაც გარდაუვალი იქნება:

„ყველაფერი დენზე მუშაობს - მაცივარი, მიქსერები, საცხობი ღუმელი და, ბუნებრივია, გაიზრდება ხარჯი. პროდუქციის ფასი რომ არ გავზარდოთ, თანამშრომლების ხელფასები როგორღა გავცეთ?“

ამასვე ამბობს სილამაზის სალონის მფლობელი ირმა:

„ბევრი კლიენტი მეუბნება, რომ თუ გავაძვირებ მომსახურებას, ვეღარ მოვა. იგივე ფასი რომ დავტოვო, დოლარი ძვირდება და მეც ვერ ვიმუშავებ, ქირას ვერ გადავიხდი“.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გამო სოციალურად დაუცველები სუბსიდიას მიიღებენ:

„უკვე დაევალა ჩვენს სოციალური დაცვის სამსახურს შესაბამისი გაანგარიშებების წარმოდგენა. რასაკვირველია, დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს შესაბამისი სახსრები და და ეს ყველაფერი დადგენილი წესით ანაზღაურდება“.

ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძის თქმით, ელექტროენერგიის საფასურის მომატება სხვა პროდუქციის ფასსაც გაზრდის და ამას მხოლოდ სუბსიდირება ვერ უშველის, მით უფრო, რომ, მისი თქმით, სუბსიდირება მოკლევადიან პერსპექტივაშია გამოსავალი, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ბუმერანგის ეფექტს იძენს - ის უკან უბრუნდება ეკონომიკას და სტიმულირების მექანიზმებს ანგრევს:

„დენის ტარიფის მომატება ავტომატურად გამოიწვევს არა მარტო მოსახლეობისთვის დამატებით რამდენიმე ათეული ლარის გადახდის აუცილებლობას ყოველთვიურად, არამედ, ჯაჭვური რეაქციით, ყველა სხვა პროდუქციის გაძვირებას და არა მარტო საქონლის, არამედ მომსახურებისაც, - ტრანსპორტირება იქნება ეს, ლოგისტიკა, სასაწყობე მეურნეობა თუ ა.შ... - სადაც ელექტროენერგია ამა თუ იმ ნაწილში გამოიყენება“.

იოსებ არჩვაძეს უკვირს, რატომ გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი დაახლოებით 4 თეთრით, როცა შარშან საქართველოში 52 მილიონი დოლარის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ენერგორესურსების, ანუ გაზის, ნავთობის და ელექტროენერგიის იმპორტი, ჯამში, 1მლრდ 357 მლნ დოლარს შეადგენდა, ანუ დენის ღირებულებითი კომპონენტი ენერგორესურსების იმპორტში არცთუ მაღალია.

როდესაც მიწოდება არ იზრდება და გამომუშავება იგივე დონეზე რჩება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით და ამას ძალიან ბევრი ადამიანი ორი წლის წინაც ამბობდა...
ზვიად ხორგუაშვილი

იოსებ არჩვაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს არანაკლებ 8 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას, რაშიც დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის თანხას იხდის, ანუ, სულ, დაახლოებით 10-12 პროცენტი მოდის იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხის გარდა. თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში სემეკს უნდა დავეყრდნოთ, რომელმაც ტარიფის გაზრდის აუცილებლობა დაინახა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ პირობებში გარდაუვალი იყო, თუმცა ის მიზეზს, ლარის დევალვაციის გამო გაძვირებული იმპორტის გარდა, იმაშიც ხედავს, რომ ხელისუფლება ენერგოინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს არ ახორციელებდა:

„ანუ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არც ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი არ განხორციელებულა ენერგოსექტორში. მოხმარება ისედაც იზრდება, ასევე იზრდება იმპორტირებულის ფასი საზღვარზე. როდესაც მიწოდება არ იზრდება და გამომუშავება იგივე დონეზე რჩება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით და ამას ძალიან ბევრი ადამიანი ორი წლის წინაც ამბობდა“.

ექსპერტთა თქმით, ხელისუფლებას ბიუჯეტის გადახედვა მოუწევს, ვინაიდან, სუბსიდირების გარდა, სხვა გამოსავალი არ რჩება, თუმცა სუბსიდიის ხანგრძლივობას და ეფექტს საეჭვოდ მიიჩნევენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG