Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ადგილობრივ თვითმმართველობაში შვებულებაში გასულთა ფუნქციას დარჩენილი თანამშრომლები ითავსებენ


ზუგდიდი
ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი შვებულებაში იმყოფება. რადიო თავისუფლებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის - ადმინისტრაციული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ირმა ზარანდიამ უთხრა, რომ ამ დროისთვის სამხარეო ადმინისტრაციის 9 თანამშრომელი სარგებლობს ერთთვიანი შვებულებით. მისივე განმარტებით, სამსახურში თანამშრომელთა არყოფნა ადმინისტრაციის მუშაობის ხარისხზე არ აისახება. ირმა ზარანდიას თქმით, ადგილზე ამჟამად 25 თანამშრომელია, რომლებიც შვებულებაში გასულთა ფუნქციების შეთავსებასაც ახერხებენ.

„წლის განმავლობაში რაც ეკუთვნით თანამშრომლებს, იმ შვებულებით სარგებლობენ, მეტი არაფერი. ჩვენ ვითავსებთ შვებულებაში გასული ადამიანების ფუნქციებს“, – ამბობს ირმა ზარანდია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წინასაარჩევნო პერიოდში საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, გურამ მისაბიშვილი ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა, ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით დარცმელიძე კი აბაშის მუნიციპალიტეტში წარმოადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
ზამთარში ვის უნდა შვებულება? ყოველთვის ასე ხდება: შვებულებაზე რომ მიდის თანამშრომელი, მეორეს ევალება იმ მომენტში მისი სამუშაოს შესრულება...
თენგიზ შანავა

ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის მოვალეობას დავით კუხალეიშვილი ასრულებს, რომელიც 2005 - 2006 წლებში ქალაქ ფოთის რაიონული პროკურორი იყო.

სამხარეო ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ შანავას განცხადებით, ამჟამად შვებულებაში გამგეობის 14 თანამშრომელი იმყოფება.

„ზამთარში ვის უნდა შვებულება? ყოველთვის ასე ხდება: შვებულებაზე რომ მიდის თანამშრომელი, მეორეს ევალება იმ მომენტში მისი სამუშაოს შესრულება“, - განაცხადა თენგიზ შანავამ.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესის“ მიერ საკრებულოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს აპარატიდან, სადაც სულ 27 მოქალაქე მუშაობს, დღეისთვის 14 თანამშრომელია შვებულებაში გასული.
შვებულებებთან დაკავშირებით მე ჩემზე, პირადად, შემიძლია ვთქვა, რომ ერთთვიანი შვებულება მაქვს გაფორმებული. სხვებზე ვერ ვილაპარაკებ, არ ვიცი. შვებულების დროს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება კიდევ მე არ ვიცი... შვებულების უფლება მაქვს. ჩვეულებრივ, კანონით მეკუთვნის. უკანონოს არაფერს ვაკეთებ...
თამარ შონია

რადიო თავისუფლებასთან საუბარი იმის შესახებ, აისახება თუ არა თანამშრომელთა სიმცირე საკრებულოს აპარატის მუშაობის ხარისხზე, არ ისურვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა თეიმურაზ ბასილაიამ. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თამარ შონია შვებულებაში იმყოფება, თეიმურაზ ბასილაიამ მასთან გადაგვამისამართა. მოუცლელობის მიზეზით კომენტარზე უარი განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამაც.

რაც შეეხებაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს თამარ შონიას, მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკრებულოში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

„შვებულებებთან დაკავშირებით მე ჩემზე, პირადად, შემიძლია ვთქვა, რომ ერთთვიანი შვებულება მაქვს გაფორმებული. სხვებზე ვერ ვილაპარაკებ, არ ვიცი. შვებულების დროს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება კიდევ მე არ ვიცი... შვებულების უფლება მაქვს. ჩვეულებრივ, კანონით მეკუთვნის. უკანონოს არაფერს ვაკეთებ“, – განაცხადა თამარ შონიამ, რომელიც ამჟამად ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ როლანდ ახალაიას შტაბის პიარმენეჯერია.
XS
SM
MD
LG