Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თეთრი სიის" წარმოების ახალი წესი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება


ელიავას ბაზრობა
ელიავას ბაზრობა

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უჩნდებათ შანსი შესყიდვების მონაწილეთა „თეთრ სიაში“ აღმოჩნდნენ. "თეთრი სიის" წარმოების ახალი წესი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

დღემდე არსებული წესის მიხედვით, იმისათვის, რომ მეწარმე სუბიექტი მოხვედრილიყო „თეთრ სიაში“, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მას უნდა ჰქონოდა არანაკლებ 1 მლნ ლარის ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.

როგორც შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, სააგენტოს მიერ ამ კუთხით ჩატარებული კვლევების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება არაერთი მეწარმე, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოთ მითითებული ბრუნვა, თუმცა წლების განმავლობაში, ყოველგვარი შეფერხებისა და ჩავარდნების გარეშე, კეთილსინდისიერად ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებს.

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ, ზოგადად, „თეთრი სია“ წარმოადგენს ერთგვარ "სანდოობის რეესტრს" და ასეთი ნდობის მოსაპოვებლად მხოლოდ ბრუნვა არ შეიძლება იყოს ერთადერთი კრიტერიუმი, შემოდის ახალი კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც, „თეთრ სიაში“ შეიძლება დარეგისტრირდეს მიმწოდებელი, რომელსაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჯეროვნად აქვს შესრულებული სახელმწიფო კონტრაქტები.

ახალი კრიტერიუმის მიხედვით, ერთი მილიონი ლარის ბრუნვა რჩება. ამას გარდა, კომპანიას სამი წლის განმავლობაში 30 შესრულებული ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს, მათ შორის, წლის განმავლობაში მინიმუმ 10, რათა მათი აქტივობა ჩანდეს. წარმატებით შესრულებული 30 ხელშეკრულება უკვე მცირე მეწარმეებსაც აძლევს საშუალებას5 000 ლარის ხელშეკრულებითაც მოხვდნენ "თეთრ სიაში".

რა პრივილეგიას ანიჭებს „თეთრ სიაში“ ყოფნა კომპანიას?

როგორც შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, გარდა იმისა, რომ ეს კომპანიები წარმატებულთა სიაში იქნებიან, მათ საშუალება ეძლევათ, ხელშეკრულების შესრულებისთვის გარანტიის ნახევარი წარადგინონ, ანუ მათ ბანკებთან ურთიერთობა უფრო გაუადვილდებათ და ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ართმევენ მათ ამ გარანტიის გაცემაში, განახევრდება.

ასევე, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში ავანსი იქნება გათვალისწინებული, მათ შეუძლიათ ავანსის ნახევარი გარანტია წარადგინონ. ესეც შეღავათია, თუ დავთვლით სახელმწიფო შესყიდვებში წლის განმავლობაში მათი მონაწილეობის ოდენობას და შემდეგ დავთვლით იმ სარგებელს, რასაც ბანკებთან ურთიერთობაში ამ საპროცენტო განაკვეთიდან მიიღებენ. ეს საკმაოდ სოლიდური თანხებია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე მილიონებს ეხება.

ამიტომ ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ წესების შეცვლა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მიერ დადებითად იქნება აღქმული.

XS
SM
MD
LG