Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ინტერნეტუსაფრთხოების პერსპექტივა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

საქართველოში ამ ბოლო დროს სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა კომპანია „კავკასუს ონლაინის“ გაყიდვის პერსპექტივას და, რაც მთავარია, მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვას, თუმცა აჟიოტაჟი ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ამ ვაჭრობაში რუსული კომპანია „ვიმპელკომი“, იგივე „მობიტელი“ („ბილაინი“), ჩაერთვებოდა.

„კავკასუს ონლაინი“ საქართველოს ინტერნეტბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი გაყიდვა დაგროვებული ვალების გამო გახდა აუცილებელი. გარდა ინტერნეტბაზრის სერიოზული წილისა, „კავკასუს ონლაინი“ ფლობს შავი ზღვის ფსკერზე გამავალ მაღალი გამტარუნარიანობის 1,200 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. პირდაპირ ევროპიდან ინტერნეტს ამ კავშირით არა მხოლოდ ქართველი, არამედ სომეხი და აზერბაიჯანელი მომხმარებლებიც იღებენ. „კავკასუს ონლაინი“ საქართველოში ინტერნეტის მიწოდების 55, სომხეთში 85, ხოლო აზერბაიჯანში 50 %-ს უზრუნველყოფს.

როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანია CyberHouse წერს, ამ კაბელით რუსული და თურქული კომპანიები - „როსტელკომი“ და „თურქტელკომი“ - ჯერ კიდევ 2007 წლიდან იყვნენ დაინტერესებული, როდესაც მისი გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.

მოვლენები დრამატულად განვითარდა გასული წლის გაზაფხულიდან, როცა ითქვა, რომ „კავკასუს ონლაინს“ „სილქნეტი“ ყიდულობდა და ამ ორი უმსხვილესი კომპანიის შერწყმის პერსპექტივამ უკონკურენტო ბაზარზე აღმოჩენის საშიშროების წინაშე დააყენა ქართველი ინტერნეტმომხმარებელი. მაშინ საკმაოდ აქტიურად დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ არ შეიძლებოდა დაეშვათ ბაზრის მონოპოლიზაცია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაშინ ამ კომპანიისთვის, „სილქნეტის“ გარდა, „მაგთიკომიც“ იბრძოდა და, საბოლოოდ, კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ სწორედ „მაგთიკომზე“ გასცა „კავკასუს ონლაინის“ შესყიდვის უფლება.

როგორც ინტერნეტუსაფრთხოებაზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, ამ გარიგებით „მაგთიკომი“ ქართული ინტერნეტბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდებოდა.

გასული წლის ნოემბერშივე „კავკასუსის“ ინტერნეტით რუსული კომპანია „ვიმპელკომი“, იგივე „მობიტელი“ („ბილაინი“), დაინტერესდა და შესაბამისი განცხადებაც შეიტანა კომისიაში.

ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ „ვიმპელკომის“ განაცხადი კომისიაში მიმდინარე წლის 9 თებერვალს განიხილა და, „მობიტელის“ აქტივებთან დაკავშირებით დამატებითი საკითხის დაზუსტების მიზნით, მოსმენა ერთი თვით გადადო.

კომისიის თავმჯდომარემ ორივე კომპანიისგან გარანტია მოითხოვა, რომ „ვიმპელკომის“ ინტერესი მხოლოდ საცალო აქტივებია (არანაკლები საფრთხის შემცველი) და არა საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო გაყიდვას უარყოფს „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჭიაურელი. მისი თქმით, აღნიშნული კაბელის გაყიდვა განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა.

ცხადია, ეს საკითხი საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მართლაც, მნიშვნელოვანი თემა გახლავთ: მართალია, ფოთი-ვარნას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გარდა, საქართველოს ინტერნეტი მოეწოდება შავ ზღვაში არსებული მეორე კაბელითაც, მაგრამ ეს კაბელი შედარებით ნაკლები გამტარუნარიანობისაა და თან რუსეთიდან მოდის. ამას გარდა, ინტერნეტკავშირის მცირე ნაწილს საქართველო იღებს თურქეთიდანაც. დღეს საქართველოში თითქმის ყველა იმ აზრისაა, რომ მაგისტრალური ინტერნეტკაბელი რუსეთის უმხვილესი კომპანიის ხელში საფრთხის შემცველია, თუმცა რატომღაც უყურადღებოდ რჩება ის, რომ საცალო აქტივების გაყიდვა და, მით უმეტეს, მიყიდვა რუსული კომპანიისთვის, არანაკლებ სერიოზული საფრთხის შემცველია, თავისთავად.

XS
SM
MD
LG