საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედება დიდი ალბათობით მოახდენს ზეგავლენას საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ განწყობაზე. წლების განმავლობაში ეს განწყობა ცვალებადი იყო და მისი დინამიკა ერთგვარად უკავშირდებოდა მნიშვნელოვან მოვლენებსაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში, თუმცა - არა მხოლოდ. "ევროპის ფონდი" შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს Sida-ს მხარდაჭერით წლებია იკვლევს მოსახლეობის დამოკიდებულებას ევროკავშირის მიმართ. კვლევის ბოლო ტალღა (2015 წ.) ასევე დაფინანსებული იყო საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მიერ. „ევროპის ფონდის“ პროგრამის კოორდინატორი - ნინო სუთიძე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი - გიორგი ლომთაძე არიან დღევანდელი სადისკუსიო რუბრიკის სტუმრები და მსჯელობენ ფაქტორებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის განწყობაზე ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.