4 სექტემბერს უელსში ნატოს წევრი ქვეყნების სამიტი გაიხსნება. სამიტის მთავარი საკითხი უკრაინის კრიზისია. დიდი ხანია ცნობილია ისიც, რომ ნატოს უელსის სამიტზე ალიანსის გაფართოება არ მოხდება, კერძოდ, საქართველო ვერ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. MAP-ის სანაცვლოდ, საქართველომ ეგრეთ წოდებული არსებითი პაკეტის ამოქმედების პირობა მიიღო. ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის 1 სექტემბერს გაკეთებული განმარტებების თანახმად, პაკეტი ითვალისწინებს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიისა და ტრენინგ-ცენტრის ჩამოყალიბებას, ნატოს წვრთნებში საქართველოს უფრო მეტ მონაწილეობას, საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნების ორგანიზებას და ნატოს სამოკავშირეო ოფისის გაფართოებას. რამდენად მნიშვნელოვანი სიახლეა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში „არსებითი პაკეტი“ და როგორ შეუწყობს ხელს იგი საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესს. ამ საკითხებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე და სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.