Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგის უცნაური დასაწყისი


ოპოზიციური პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა
ოპოზიციური პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა

შეთანხმების გარეშე დასრულდა პარლამენტის შენობაში გამართული შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. ოცამდე ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება. ოპოზიცია კვლავინდებურად მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, პროპორციულად განაწილდეს ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატები“ პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე, ხოლო პრეზიდენტის არჩევა კვლავ პირდაპირი, საყოველთაო წესით მოხდეს. ოპოზიციური პარტიების ეს მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად ეწინააღმდეგება ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტს, თუმცა 18 აგვისტოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის აწარმოოს დიალოგი ოპოზიციასთან საბოლოო კონსენსუსის მისაღწევად.

დიალოგის უცნაური დასაწყისი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:55 0:00
გადმოწერა

პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში შეკრებილმა საპარლამენტო უმრავლესობისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ორი საათი მოანდომეს აქამდე ბევრჯერ ნათქვამის გამეორებას. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ მოისმინა ოპოზიციის არგუმენტები, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ურთიერთობის ამ ფორმატმა შესაძლოა თვისებრივად განსხვავებული შედეგი გამოიღოს:

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი მიდგომა არის შედეგზე ორიენტირებული დიალოგი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ დავიწყებდით ამ მოლაპარაკებებს, რომ არ გვქონდეს მოლოდინი, რომ გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც ჩვენ საკითხებს განვიხილავთ მმართველ გუნდში, შევძლებთ ჩვენი პოზიცია გავაცნოთ პოლიტიკურ პარტიებს“.

უმრავლესობის ლიდერის ამ განცხადებამ შეხვედრაში მონაწილეების ნაწილს გაუჩინა განცდა, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი შეხვედრის დაწყებამდეც გამოთქვამდა ვარაუდს, რომ დიალოგი უშედეგოდ დასრულდებოდა და რომ მართველი პარტია ეცდებოდა ვენეციის კომისიაში გასამართი შეხვედრის წინ დიალოგის წარმოებისა და კონსენსუსის მიღწევის ილუზიის შექმნას. აი, რა უთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, რადიო თავისუფლებას შეხვედრის დაწყების წინ:

„ეს არის მორიგი სპექტაკლი. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას არავითარი რეალური შემოთავაზება არ ექნება. მათ უნდათ შექმნან ილუზია თანამშრომლობისა ვენეციის კომისიაში შეხვედრის წინ, რომელიც 6 სექტემბერსაა დანიშნული“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილმა ოცივე პარტიამ ერთი და იგივე პოზიცია დააფიქსირა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის, კომენტარი:

„პრიორიტეტულ საკითხად ვასახელებთ საარჩევნო სისტემის შეცვლას. ანუ მზად არის თუ არა ხელისუფლება გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ და არა 2024 წლიდან. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, განსხვავებული მსოფლმხედველობის, აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან, მტრულ რეჟიმში მყოფი პარტიებიც კი, მაგალითად, ჩვენ და „ნაცმოძრაობა“, ჩვენ და ბოკერიას პარტია - ყველა პარტია, რაც კი არსებობს საქართველოში, შეთანხმებულია, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა“.

მოვუწოდებთ მხარეებს, არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ პროცესის დასრულებაზე აკისრია მმართველ პოლიტიკურ პარტიას...
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

თუმცა ოპოზიციის ეს ნათქვამი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პირველად არ მოუსმენიათ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ ლევან თარხნიშვილის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ ოპოზიცია მოითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულ განაწილებას პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს შორის და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას:

„უმრავლესობამ მიიღო კიდევ ერთხელ ჩვენი ეს განცხადება. ცოტა უცნაურია, რომ ამისთვის შეხვედრა გახდა საჭირო, იმიტომ რომ ამას ვაცხადებდით დაუსრულებლივ და ამის შემდეგ მათ აღგვითქვეს, რომ ჩაატარებენ კონსულტაციებს უმრავლესობის შიგნით და შემდეგ შეხვედრაზე მოვლენ მზა პასუხით. ველოდებით ამ შემდეგ შეხვედრას, ველოდებით პასუხს და ამ პასუხის შემდეგ - იქიდან გამომდინარე, თუ როგორი იქნება ეს პასუხი - გადავწყვეტთ, თუ რას ვაკეთებთ. ახლა ბურთი არის მათ მხარეს, მათ უნდა განიხილონ ჩვენი წინადადებები და გაგვცენ პასუხი იმაზე, თუ რამდენად არიან მზად გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯები“.

ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა, რომელმაც შეხვედრის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

”მოვუწოდებთ მხარეებს, არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ პროცესის დასრულებაზე აკისრია მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კონსენსუსის მისაღწევად”.

განცხადების მიხედვით, რომელსაც ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, „ლიბერალური აკადემია თბილისი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, შეთანხმების მიუღწევლობისა და არასამართლიანი საარჩევნო სისტემის შენარჩუნების პირობებში მივიღებთ ერთი - მმართველი - პარტიის მიერ მიღებულ კონსტიტუციას, რაც გააღვივებს პოლიტიკურ დაპირისპირებას, გაზრდის დაძაბულობას პოლიტიკურ პარტიებს შორის, დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, შეაფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას. 18 აგვისტოს პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ საზოგადოება უმრავლესობის შეჯერებულ პოზიციას შეიტყობს მომავალ შეხვედრაზე, რომლის ზუსტი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG