საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში, 45 ლარიდან 60 ლარამდე გაიზრდება დევნილის შემწეობა, ხოლო დევნილის სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება დევნილთა რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურების გარეშე. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დევნილის სტატუსის რეგისტრაციის გარეშე მინიჭებას იძულებით გადაადგილებულ პირთა შთამომავლებისთვის.
აფხაზეთიდან დევნილი ლიანა ხომასურიძე, რომელიც თბილისში უშანგი ჩხეიძის რვა ნომერში, მუსიკალური ათწლედის შენობაში, ცხოვრობს, წლებია ელოდება შემწეობის გაზრდას:
“შემწეობის გაზრდასთან დაკავშირებით ტელევიზიით მოსმენილი მაქვს, რომ მინისტრი ამბობდა, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს, იმას აღარ დაერიცხებოდა შემწეობა და ამის ხარჯზე ვისაც უჭირს, იმას გავუზრდითო, მაგრამ ეს რამდენად შესრულდა, არ ვიცით“.
ლიანა ხომასურიძემ და მუსიკალურ ათწლედში მცხოვრებმა სხვა დევნილებმა არაფერი იციან „ევროპული საქართველოს“ ინიციატივის შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაში დევნილებს შეეძლებათ სიღარიბის შემწეობასთან ერთად დევნილის შემწეობაც მიიღონ. გარდა ამისა, დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას. მთლიანობაში, კანონპროექტის მიღება ნიშნავს ყოველწლიური ხარჯის 75 მილიონით გაზრდას, თუმცა, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, კანონპროექტს, ფინანსურის გარდა, აქვს ასევე პოლიტიკური ნაწილი, რომელიც დევნილთა სტატუსის მინიჭების წესს უკავშირდება.
„იმის გარდა, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურად საერთაშორისო ასპარეზზე ფიქსირდებოდეს დევნილთა რეალური რაოდენობა - დღესდღეობით ეს არის 273 ათასი - და არ ხდებოდეს კლება მომდევნო რეგისტრაციების დროს, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ვისაც უკვე აქვს რეგისტრაცია, აღარ დასჭირდეს მომავალში ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა, რომ მიიღოს დევნილის სტატუსი და მას დევნილის სტატუსი ჰქონდეს იქამდე, ვიდრე მოხდება ამ ადამიანების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება თავის საცხოვრებელ ადგილებში იმ ტერიტორიებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ოკუპირებულია“, უთხრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დევნილის სტატუსი ასევე რეგისტრაციის გარეშე უნდა მიენიჭოთ იძულებით გადაადგილებულ პირთა შთამომავლებს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის ამ ინიციატივას არ იწონებს ლტოლვილთა განსახლების სამინისტრო. მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძის თქმით, დევნილთა რეგისტრაციამ და მასთან დაკავშირებულმა პროცედურებმა უნდა გამორიცხონ დევნილის სტატუსის უკანონო მინიჭების შესაძლებლობა:
„ჩვენ არაერთი ასეთი საქმე გამოვავლინეთ, დაახლოებით, 2 ათასამდე, როცა 2012 წლამდე ჰქონდათ მიღებული სტატუსი კორუფციული გარიგებებით, მათ სახლებიც კი ჰქონდათ მიღებული. შესაბამისად, ნათელია, რომ ამ მიმართულებით დაუფიქრებლად სტატუსის ავტომატურად მინიჭება არ შეიძლება“.
როცა მთავრობის დამოკიდებულება შეიცვალა და ხდება დევნილებისთვის ნორმალური ბინების გადაცემა, დევნილების მოტივაციაც გაიზარდა და ისეთი ადამიანები მოგვმართავენ სტატუსის მიღების სურვილით, რომლებიც წლებია საქართველოდან წასულები არიან და აქამდე არ ჰქონიათ დევნილის სტატუსი...გიგა გიორგაძე
გიგა გიორგაძის თქმით, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე დევნილების რაოდენობა კი არ მცირდება, პირიქით, იზრდება.
„ჩვენ ყოველთვიურად მოგვმართავს 50-100 ადამიანი, რომელსაც სტატუსი აქამდე არ მიუღია ან შეჩერებული ჰქონდა და აღდგენას ითხოვს. ეს დინამიკა არანაირად არ გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ დევნილი დაიზარებს და ბიუროკრატიული ბარიერების გამო სტატუსს არ აიღებს. პირიქით, როცა მთავრობის დამოკიდებულება შეიცვალა და ხდება დევნილებისთვის ნორმალური ბინების გადაცემა, დევნილების მოტივაციაც გაიზარდა და ისეთი ადამიანები მოგვმართავენ სტატუსის მიღების სურვილით, რომლებიც წლებია საქართველოდან წასულები არიან და აქამდე არ ჰქონიათ დევნილის სტატუსი“, უთხრა გიგა გიორგაძემ რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება დევნილთა შთამომავლებისთვის სტატუსის რეგისტრაციის გარეშე მინიჭებას, მთავრობა არც ამ ინიციატივას იწონებს. გიგა გიორგაძის თქმით, ახალშობილისთვის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს დევნილი და მან შესაბამისი განცხადებით მიმართოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს. გიგა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ინიციატივა პოპულისტურია და მას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, მით უფრო, რომ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისგან განსხვავებით, კანონპროექტი უკვე დაიწუნა როგორც იურიდიულმა კომიტეტმა, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტმა.