მარიკა გაგნიძე ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირია. მას არასოდეს დაავიწყდება თავის ცხოვრებაში რამდენიმე ახალი წელი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული. 1990 წლის ბოლოს ის ცხინვალიდან გამოვიდა. მაშინ პირველ შვილზე იყო ფეხმძიმედ და გორში უნდა ემშობიარა. ფიქრობდა, რომ სამშობიაროდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნდებოდა, მაგრამ ცხინვალი საშობაოდ მთლიანად დაიცალა, მისი პირველი შვილი კი პირველ ახალშობილ დევნილად იქცა.
27 წლის მანძილზე მარიკა გაგნიძის ოჯახი გორში, სასტუმრო „ქართლის“ ერთ ოთახში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. ამ დროის განმავლობაში მას უწევდა ბრძოლა არსებობისთვის, თავის გატანისთვის, დამკვიდრებისთვის. ასეთივე ბრძოლის გადატანა მოუხდა გასული წლის ბოლოსაც, როდესაც უცბად აღმოაჩინა, რომ ბინას არ მისცემდნენ იმ ახალ კორპუსში, რომელშიც იძულებით გადაადგილებული პირები უნდა შეესახლებინათ. კიდევ ერთხელ გაიბრძოლა - სპეციალურ კომისიას დაუმტკიცა, რომ ბინა ეკუთვნოდა და თავისას მიაღწია. სამოთახიანი ბინის გასაღები უკვე გადასცეს, მაგრამ მთლად საზეიმო განწყობა მაინც არა აქვს - ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი რჩება მის მსგავს მდგომარეობაში.
ვიკა ქალდანი ახალგაზრდა პოეტია, სოხუმელია, მაგრამ ეს ქალაქი არც კი ახსოვს - შეიძლება ითქვას, რომ გორში გაიზარდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ბინა მანაც მიიღო. დასთან ერთად მალე ახალ სახლში გადავა. მისთვის 2017 წელი დაუვიწყარი იქნება.
იძულებით გადაადგილებული 445 ოჯახი 2017 წელს მართლაც ვერ დაივიწყებს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ამ ოჯახებს საკუთარი ჭერი გაუჩნდათ, მაგრამ კიდევ არაერთი ოჯახი რჩება საკუთარი ბინის გარეშე. მთავრობა პირობას დებს, რომ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ახალ ბინებში განსახლების პროცესი 2018-შიც გაგრძელდება და კიდევ მრავალი ოჯახი გაიხარებს.