Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საზოგადოება გმობს კარალეთში მომხდარ ინციდენტს


კარალეთი დაპირისპირების დროს
კარალეთი დაპირისპირების დროს
გუშინ კარალეთის ინციდენტის დროს დაშავებული ყველა პირი გორის საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. ჩხუბის და ქვების სროლის დროს დაზარალებული ჟურნალისტები სამართალდამცავებს ჩვენებას დღეს მისცემენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჟურნალისტთა სამართლებრივ დაცვას ახორციელებს. წელს იურისტებს ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის 10-ზე მეტი საქმე აქვთ, მაგრამ გამოძიებამ არც ერთი მათგანი ბოლომდე არ მიიყვანა - ჟურნალისტების შეურაცხყოფის გამო არავინ დასჯილა. „იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ დაუსჯელობით არიან წახალისებულები ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ჯერ მერეთში და ბოლოს კი კარალეთში ჟურნალისტებს დაუნდობლად უსწორდებოდნენ:

„აქაც ფიგურირებენ საჯარო მოხელეები და მათ მიერ ხორციელდებოდა ზეწოლა. აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, ანუ ვინ არიან ეს ადამიანები, სისტემატიურად რატომ ხდება გარკვეული ადამიანების მიერ ცემა და სულ ერთი და იგივე ადამიანები რატომ მონაწილეობენ ასეთ საქმიანობაში.“

კარალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარი ინციდენტი გორის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეაფასეს. ისტორიკოსი ელდარ მამისთვალაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველო ასეთი ამბების გამო ავტორიტეტს სულ უფრო და უფრო კარგავს, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კი ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება:

„რა თქმა უნდა, ეს თავის მოჭრა არის როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. უნდა გამოიყენონ მთელი ძალისხმევა ორივე მხრიდან, რათა თავიდან აიცილონ ასეთი ვითარება, რომელიც უახლოეს მომავალში ძალიან ცუდ პერსპექტივას გვისახავს. თუ ასე გაგრძელდა ოქტომბრამდე, სავსებით შესაძლებელია, ჩვენ აღმოვჩნდეთ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე.“

მწერალი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პრობლემატური საკითხის გადაწყვეტისას ერი ერთიანი უნდა იყოს, პოლიტიკური პარტიები კი ერთმანეთს სიკეთის კეთებაში უნდა ეჯიბრებოდნენ.

„არის რაღაც საკითხები, როცა როგორ შეიძლება შენ იქით იდგე და აქეთ იდგე. ეს არის ეროვნული და ქართული საკითხები. თუ შიგნით რაღაცა ხდება, თუ რამის გაუმჯობესება გვინდა, მოდი ერთმანეთს მოვუსმინოთ, სხვანაირად არ გამოვა. ვაჟა-ფშაველას აქვს ნათქვამი, თუ შვილნი არ ვევარგებით, რა ქნას სამშობლოს მიწამაო. ახლა შენ იძახე, საქართველო დიდი ტრადიციების ქვეყანააო. აი, როგორც ვიქცევით და როგორც ვჩანვართ, ისე აღგვიქვამს ის მსოფლიოც.“

პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკავოს და არ აჰყვეს პროვოკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.

დღეს გორში ახალი მემარჯვენეების ლიდერები იმყოფებოდნენ. დავით გამყრელიძემ და ფიქრია ჩიხრაძემ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. გორში მათი რჩეული ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სოსო ბორცვაძეა. ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკური სპექტრისადმი მიმართვა გორიდან გაავრცელა და ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას სიფრთხილისკენ მოუწოდა:

„როდესაც ასეთი დაპირისპირება ხდება, იქ უკვე ძალიან ძნელი ხდება იმის კონტროლი, მერე ეს რაში შეიძლება გადაიზარდოს. ღმერთმა ნუ ქნას, სადღაც ასეთი შეტაკების დროს ვინმე რომ გარდაიცვალოს. მერე როგორი შეუქცევადი პროცესი შეიძლება წავიდეს, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. მინდა მოვუწოდო, გავაფრთხილო, ვთხოვო ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, - რომლებიც არჩევნებში არიან ჩართული და შეიძლება ასეთ დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ, - მაქსიმალურად ეცადოს თავისი მხრიდან, თავისი გადასახედიდან, რომ ნებისმიერი მოტივი გადადონ გვერდზე და ყველამ ვიმოქმედოთ, როგორც ამ ქვეყნის პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებმა.“

რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ გეგმებს, გუშინდელ ინციდენტს მათ გრაფიკში ცვლილებები არ შეუტანია და დღესაც შიდა ქართლის სოფლებში შეხვედრები გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG