Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის მომხრე ოთხი პირი დააკავეს


ლევან იზორია
ლევან იზორია

1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო მხარდამჭერ ოთხი პირს, რომელთა დაკავების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე 1 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, მიაწოდა. როგორც უწყებაში 1 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია საბრძოლო იარაღი, ასაფეთქებელი მასალები თუ ნივთები, რაც აღძრავს ეჭვებს ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მათი სავარაუდო კავშირის შესახებ. დაკავებულთა ოჯახის წევრები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და პროვოკაციაზე ლაპარაკობენ. აქვს თუ არა დასაყრდენი ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველოში და რამდენად დიდია ამჟამად ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კვირას, 29 ნოემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა თერთმეტ მისამართზე, საიდანაც ოთხ მისამართზე, საეჭვო ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა საბრძოლო იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების ფართო სპექტრი. ინფორმაცია 1 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ მიაწოდა:

„ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტმოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები“.

უშუალოდ საქათველოს მოქალაქეებზე, საქართველოს ინფრასტრუქტურაზე ან საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებზე საფრთხე, ჩემი აზრით, არ არის მაღალი, რადგანაც ეს იქნებოდა ნაკლებად რეზონანსული თვითონ ტერორისტებისთვის. მაგრამ უცხო ქვეყნის საელჩოები, თვით თბილისში განლაგებული, ალბათ, შედიან მათ ინტერესთა სფეროში...
ბესო ალადაშვილი

სწორედ 29 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკის დროს დააკავეს 4 ახალგაზრდა კაცი. ზუსტი ადგილი არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი გურიასა და აჭარაში მოხდა. ლევან იზორიას თქმით, დაკავებულები ემხრობიან „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის დაკავებულთა კავშირი ამ ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან და კვლავაც გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები როგორც კავშირის, ასევე ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად. ამ ეტაპზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს სსკ 236-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

განსხვავებულია ვითარება დავით ბორჩაშვილის შემთხვევაში, რომელიც, თურქეთიდან ჩამოსული, 22 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას შეეხება. მას უკვე მიესაჯა წინასწარი პატიმრობა. ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ სირიაში იმყოფებოდა, თუმცა უარყოფს კავშირს „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

წაყენებულ ბრალს კატეგორიულად უარყოფენ 29 ნოემბერს დაკავებულთა ოჯახის წევრებიც და ისინი სრულ უდანაშაულობაზე ლაპარაკობენ. მაგალითად, ლაშა გობაძის დედის თქმით, ჩხრეკის დროს მის შვილს საბრძოლო მასალები თავად სამართალდამცველებმა ჩაუდეს. სხვათა შორის, დაკავებული ლაშა გობაძე მოგვარე და ახლო ნათესავია საქართველოდან სირიაში საბრძოლველად წასული იმ ახალგაზრდა კაცისა, რომელიც, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს სიკვდილით ემუქრება ახლო წარსულში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

„შემოუდეს ორი ბომბა... არასდროს რომ ჩემს შვილს ეგ დროშა („ისლამური სახელმწიფოს“ დროშა) არ უნახია, ის ამოიღეს მისი საწოლის ქვეშ... ჩემი ხელით გავასწორე მისი ლოგინი შაბათ დილაზე, ავრეკე, გოვუსწორე ჩემს შვილს და ორ ბომბაზე დამიწვინეს... არ ვიცი, რაზე დააკავეს ჩემი უდანაშაულო შვილი, ჩემი პატიოსანი შვილი, ჩემი 23 წლის შვილი“, – უთხრა ჟურნალისტებს დაკავებული გობაძის დედამ.

მშობლებისა და ახლობლების ასეთი პოზიცია არ უკვირს სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელ ბესო ალადაშვილს. მისთვის მთავარია სასამართლოს პოზიცია და კანონის უზენაესობა, რომელზე მაღლაც სახელმწიფოში არავინ უნდა იდგეს. რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, როგორც ექსპერტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მართალია, ქვეყანა არ ირიცხება ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პირველი რიგის სამიზნეებში და 60 სამიზნე ქვეყნის სიაშიც არ არის მოხვედრილი, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს:

ბესო ალადაშვილი
ბესო ალადაშვილი

„შესაძლებელია, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერაქტების სამიზნე გახდეს საქართველოში განთავსებული უცხო ქვეყნის საელჩოები ან მათი ორგანიზაციები, რაც, სამწუხაროდ, ხდება, მაგალითად, მალიში და სხვა ქვეყნებში... პირდაპირ უშუალოდ საქათველოს მოქალაქეებზე, საქართველოს ინფრასტრუქტურაზე ან საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებზე საფრთხე, ჩემი აზრით, არ არის მაღალი, რადგანაც ეს იქნებოდა ნაკლებად რეზონანსული თვითონ ტერორისტებისთვის. მაგრამ უცხო ქვეყნის საელჩოები, თვით თბილისში განლაგებული, ალბათ, შედიან მათ ინტერესთა სფეროში, მათ მიზანში“.

ბესო ალადაშვილი ფიქრობს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს როგორც სახელმწიფოს, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა თავიდან აიშოროს სავარაუდო საფრთხეები და ყველამ, ვინც საეჭვო ადამიანს თუ საგანს შენიშნავს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდამცველ ორგანოებს.

მსოფლიო მასშტაბით თანდათანობით სულ უფრო იზრდება რადიკალური ისლამის მიმდევართა რიცხვი და ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გიორგი სანიკიძე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა აბსოლუტური უმრავლესობა „ქვეყნის ლოიალური მოქალაქეა“, გიორგი სანიკიძის თქმით, სახელმწიფოს ვალია, ერთი მხრივ, შესაბამისი უსაფრთხოების ზომები დაიცვას და, მეორე მხრივ, აქტიურად იმუშაოს მუსლიმურ თემებთან – განსაკუთრებით პანკისის ხეობაში, სადაც, რუსეთ-ჩეჩნეთის ომების პერიპეტიებიდან გამომდინარე, უფრო ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა რადიკალური იდეების გასავრცელებლად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG