კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში და მდგომარეობა საქართველოში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. WHO-ს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანო ამბობს, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია ვირუსის გავრცელების მასშტაბებითა და მისი სიმწვავით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიის გამოცხადება ნიშნავს უფრო მეტ სიფხიზლესა და მზადყოფნას.
გუშინ საქართველოში ვირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ უკვე 24-ს მიაღწია. ახალი დაავადებული პაციენტიც იტალიასთან არის დაკავშირებული.
გუშინ ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეყოლებოდა, რადგან მამაკაცს, რომელსაც პირველად აღმოუჩინეს ვირუსი საქართველოში, უკვე 14 დღეა რაც მკურნალობს, ეს კი ვირუსისგან განკურნების საშუალო დროა. თუმცა განმეორებითმა კვლევამ ისევ აჩვენა ვირუსის კვალი. მის მდგომარეობას რამდენიმე დღეში ისევ გადაამოწმებენ.
ვირუსის გამო პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა არდადეგები სკოლებში, ბარებსა და უნივერსიტეტებში.
მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში საიდანაც ეპიდემიური აფეთქება დაიწყო ვითარება უმჯობესდება. ხელისუფლებამ კარანტინის ზომებიც შეამსუბუქა.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- „კათარზისი“ მომსახურების წესებს ცვლის - უფასო სასადილოები რეკომენდაციებს ელიან
- საპატრიარქო მზადაა ეკლესიებში დეზინფექცია ჩაატაროს
- კორონავირუსის გამო სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი თვით გადაიდო
- ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები შეიძლება ერთი ან ორი წლით გადაიდოს
დღეს გახდება ცნობილი რა რეკომენდაციები აქვს WHO-ს პანდემიის გამოცხადების შემდეგ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დღეს ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებულ რეკომენდაციებს. ამის შესახებ გუშინ ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხვალ გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს პანდემიასთან დაკავშირებით. ანუ, რა ტიპის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, იქ არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რაც ქვეყნებში არ ხორციელდება, მაგრამ ალბათ მაინც იქნება გარკვეული სიახლეები. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი პანდემიური მზადყოფნის გეგმები, მოსახლეობის დაზიანების მაჩვენებლის მიხედვით. ქვეყანა აწარმოებს სამუშაოებს ამ გეგმით“, - განმარტა გამყრელიძემ. მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ბოლო სამი კვირის განმავლობაში სერიოზული განგაშია, სხვადასხვა უწყება ბევრ ღონისძიებას ატარებს.
დღეს დილით 10:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაა დანიშნული, სადაც სავარაუდოდ იმ ზომებზე იქნება საუბარი, რასაც ქვეყანა მსოფლიო პანდემიის კვალდაკვალ მიიღეს.
EMC - მხუთავი აირით მოწამვლის გამო 3 მეშახტე საავადმყოფოში გადაიყვანეს
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრი იტყობინება, რომ 10 მარტს, ქალაქ ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირებისგან მოიწამლა 3 მეშახტე, რომლებიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
EMC-ს განცხადებაში წერია: „24 თებერვლის საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული მეშახტეები პროტესტის ნიშნად უარს ამბობდნენ სამუშაოს გაგრძელებაზე. პროტესტი კომპანიის სწორედ იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, რის გამოც იქ დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, კეძოდ კი მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ, რის გამოც მეშახტეები უარს აცხადებდნენ ამ გზით საქმიანობის განხორციელებაზე. მათი თქმით, საწარმოო პროცესის შედეგად დაგროვებული ნარჩენების ნაწილი - მათ შორის ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერის დამაბინძურებლები - თავს სავენტილაციო გვირაბში იყრის, რაც მისი გადაადგილებისთვის გამოყენებას საზიანოს ხდის“. მათ კომპანიისგან მიიღეს დაპირება, რომ ეს მხოლოდ დროებითი გზა იქნებოდა, ისინი შეცვლილ პირობებს დათანხმდნენ, რასაც მეშახტეების მოწამვლა მოჰყვა.
შეგვიძლია თუ არა ონლაინსწავლებაზე გადასვლა
მთავრობის გადაწყვეტილებით, არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ სამინისტრო შეიმუშავებს გაცდენილი აკადემიური საათების ანაზღაურების გეგმას. ჯერჯერობით ონლაინსწავლებაზე გადასვლას სამინისტროში არ გეგმავენ, ეს მხოლოდ უკიდურესი ნაბიჯი შეიძლება იყოს. უფრო რეალურია სასწავლებლებმა გაცდენილი აკადემიური საათების ანაზღაურება სხვა მეთოდებით სცადონ - იქნება ეს საათების გახანგძლივება თუ შაბათ-კვირას ან ზაფხულში სწავლება.
რამდენად შეძლებენ ქართული სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინრეჟიმში მუშაობას, თუ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო ეს აუცილებელი გახდება - წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.
თერმული და ჩვეულებრივი კამერით გადაღებული ორი ფოტო ბერლინის მეტროში. თერმოსკრინინგს არაერთი ქვეყანა მიმართავს კორონავირუსის გავრცელების პირობებში. ამ გერმანიაში გაუქმდა ყველა ღონისძიება, სადაც 1 000 ადამიანზე მეტი იქნებოდა ერთად თავმოყრილი.
ავსტრიაში, კონკრეტულად კი ტიროლის მხარეში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, აამუშავოს პანდემიის სამოქმედო გეგმა. ირმა კვიცარიძე, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი რადიო თავისუფლებას ესაუბრება იმ სქემის შესახებ, რომლითაც საუნივერსიტეტო კლინიკამ მუშაობა დაიწყო. ექიმი ფიქრობს, რომ ამგვარი სქემა კორონავირუსის პრევენციისათვის ბრძოლაში საქართველოსაც გამოადგება.