კორონავირუსის გავრცელება საქართველოსა და მსოფლიოში
დადასტურებული შემთხვევა - 195
გარდაცვლილი - 2
გამოჯანმრთელებული - 39
კარანტინში - 4735
სტაციონარში - 383
დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 გამოვლენილი შემთხვევაა. თუ ამ რიცხვს უკვე გამოჯანმრთელებულებს გამოვაკლებთ, ახლა მკურნალობა 149 ადამიანს უტარდება.
ვითარება კი მცირედით იცვლება მსოფლიოში. ბოლო დღეებში იკლო როგორც გარდაცვლილთა, ასევე ახალი გამოვლენილი შემთხვევების რიცხვმაც.
თუკი 3 აპრილს, მსოფლიოში კორონავირუსის 101 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 აპრილს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 71 418 შეადგინა.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ანუ პირველიდან 5 აპრილის ჩათვლით, გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 5 აპრილს და მან 4737 ადამიანი შეადგინა. თითქმის 1000 გარდაცვლილით ნაკლები, ვიდრე 4 აპრილს.
რაც შეეხება ამერიკას, ესპანეთსა და იტალიას, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით 208 ქვეყნისა და ტერიტორიისგან შემდგარ სიას სათავეში უდგანან, ბოლო დღეების განმავლობაში, სამივე ქვეყანაში მკვეთრადაა შემცირებული ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტები.
ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში კი პრემიერი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. კორონავირუსი მას 11 დღის წინ დაუდგინდა, ორი დღის წინ კი საავადმყოფოში განაგრძო მკურნალობა, რადგან მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.
დღეს ათენიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან
დღეს მორიგი სპეციალური ავიარეისით საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნდებიან. ამჯერად ფრენა ათენიდან თბილისის მიმართულებით შესრულდება. ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
რეისს Georgian Airways შეასრულებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დღეიდან ავიაკომპანია რეისებს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატით შეასრულებს. ამის შესახებ საპატრიარქოში სტუმრობის შემდეგ აირზენას გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ თქვა.
ამ თემაზე ასევე ნახე:
მთავრობას მოუწოდებენ, საგანგებო მდგომარეობის დროს შეაჩეროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება
„მწვანე ალტერნატივა“ და საია მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესთან დაკავშირებული საჯარო განხილვები გააუქმა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შეაჩეროს პროექტებზე მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
განცხადების თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებულ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის # 181 დადგენილებაში 26 მარტს შევიდა ცვლილება, რომლითაც საქართველოს მთავრობა 20-ზე მეტი დაგეგმილი პროექტის თაობაზე გადაწყვეტილების გაცემისათვის უკვე დაწყებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს საჯარო განხილვების გარეშე ჩაატარებს.
„იმის ნაცვლად, რომ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი ჩვეულად გაგრძელდება, საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვით და საჯარო განხილვის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ რუსეთში დაფუძნებულ რასისტულ ჯგუფს და ლიდერებს ტერორისტებად ასახელებს
აშშ-მა რუსეთში დაფუძნებულ, ულტრანაციონალისტურ ჯგუფს, "იმპერიულ მოძრაობას" და მის სამ ლიდერს ტერორისტების კვალიფიკაცია მიანიჭა, რაც ამ ჯგუფს აქცევს თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგიის მიმდევარ პირველ უცხოურ გაერთიანებად, რომელსაც ეს განსაზღვრება მიუსადაგეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტული პროგრამის კოორდინატორმა, ნეითან სეილსმა 6 აპრილს ამ ნაბიჯს "უპრეცედენტო" უწოდა და თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ მოძრაობას "უდანაშაულოთა სისხლით აქვს დასვრილი ხელები".
ეს ჯგუფი საკუთარ თავს აღწერს "რუს მართლმადიდებელ ეროვნულ-პატრიოტულ და მონარქისტულ ორგანიზაციად", რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში ავტოკრატიული მონარქიის აღდგენას.
დღე ხვალის შემდეგ: როგორ ავიდგათ ფეხი კორონავირუსის დამარცხების შემდეგ?
როგორ უნდა გამოვიდეს მსოფლიო COVID-19-ით გამოწვეული ჩაკეტილობიდან, შეამსუბუქოს მკაცრი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრების გაგრძელება შეძლოს? ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს სვამს ყველა ქვეყნის მთავრობა და ცდილობს დაინახოს, რა დარჩება მათი ეკონომიკიდან ეპიდემიის უკან დახევის შემდეგ.
ე.წ. ლოქდაუნიდან გამოსვლის გზაზე კი ჩნდება იდეები, რომლებიც თითქმის ზედმიწევნით იმეორებს დისტოპიური რომანების სიუჟეტებს. და ეს იდეები გვხვდება კიდეც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის სტრატეგიულ სამოქმედო დოკუმენტებშიც. რომ, მაგალითად, გამოსავალი შეიძლება იყოს მოსახლეობის მუშაობა ცვლებში, მუშაობა ასაკის მიხედვით, ხანდაზმულების იზოლაცია გაცილებით დიდი ხნით, ვიდრე წარმოგვედგინა, რეგიონების დაყოფა ზონებად და ა.შ.
რამდენი ფილმის (წიგნის) შინაარსი გაგახსენდათ? ბევრია ასეთი.
ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის რამდენიმე კონკრეტული გზა უკვე დაასახელა. პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია საკარანტინო ზომების შემსუბუქების თაობაზე, რომელიც ქვეყნის მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილი იქნება.
გამოცემა Haaretz.com წერს, რომ ამ გეგმის თანახმად, პირველი პუნქტი, თანდათანობით, ქვეყანაში არსებული მკაცრი ზომების შესუსტებაა.
ვის რა გეგმები აქვს გვირაბის ბოლოს და რას აპირებს საქართველო, რომელსაც ყველაზე დიდი ზიანი ტურიზმის სექტორში უკვე მიადგა. წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.
ამბობენ, მას შემდეგ, რაც მსოფლიომ სოციალური დისტანცირება დაიწყო და ტრაშუნი შეწყვიტა, ბუნებამაც ამოისუნთქაო.
ჰაერი ალბათ მართლა გაიწმინდა, მაგრამ მართლა დაბრუნდნენ ვენეციაში გედები?
სპილოებმა დასათრობად მოიცალეს?
არ მინდა, იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ....