Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაინაცვლებს თუ არა გაფიცვა ქუჩიდან პატარიძის მაღაროში?


ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაჩერებულია ყველა მაღარო და ქარხანა. ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციულ შენობასთან ისევ ხალხმრავლობაა, თუმცა 16 ოქტომბრის ინციდენტის შემდეგ, როცა მუშებმა მინები დაამსხვრიეს და შენობაში შეჭრა სცადეს, ვითარება შედარებით მშვიდია. 17 ოქტომბერს დაპირისპირებული მხარეები ძირითადად კრიზისის განმუხტვის მიზნით წარმოებული მოლაპარაკებებით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მაღაროელთა პროტესტი უკიდურესი ფორმით გაგრძელდეს.

”ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებმა, 16 ოქტომბრის ვნებათაღელვის ფონზე, გაფიცულებთან მხოლოდ მცირედ დათმობაზე წასვლა შეძლეს. აქციის მონაწილეები, მოგეხსენებათ, ხელფასის 100 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ, კომპანიამ კი მათ ხელფასის მხოლოდ 10 პროცენტით მომატება შესთავაზა. გაფიცულებმა კომპანიის შეთავაზება დაცინვად აღიქვეს და, მათი 15-პუნქტიანი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქის პარალიზებით დაიმუქრნენ:

”ყველაფერი გადასახედია, ყველაფერს ვითხოვთ აბსოლუტურად. ხელფასებმა, რა თქმა უნდა, უნდა მოიმატოს; ტარიფები უნდა მოგვემატოს; აუცილებლად უნდა მოემატოს ყველაფერს.”

”ნელ-ნელა დავიწყოთ რკინიგზაზე დადგომა, დავიწყოთ მერიის შენობის წინ დადგომა, არ შევუშვათ. ქალაქის მმართველობას არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება, სანამ არ გამოვლენ და არ მოგვხედავენ.”

დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოების საქმეში 17 ოქტომბერს ერთდროულად ჩაერთნენ ჭიათურის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ჭიათურის საკრებულოში ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის წარგზავნილ პირებს შეხვდნენ, გამგეობაში კი მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფს ელოდნენ. როგორც ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარემ ნუკრი ჭუმბურიძემ გვითხრა, შეხვედრაზე გადაწყდა, გაფიცულ მუშებს მიმართონ თხოვნით, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ და კონფლიქტის ცივილიზებული ხერხებით გადაჭრას შეუწყონ ხელი.

”საწარმოო პროცესი გაგრძელდეს, ამასობაში ჩამოყალიბდნენ ჯგუფები, რომლებიც შეთნხმებებს გააკეთებენ და იმუშავებენ. ჩვენ, საკრებულოს რამდენიმე წევრი, ჩავერთვებით ამ პროცესებში. ამასობაში ახალი ხელისუფლების ფორმირების პროცესიც მოხდება და, ალბათ, თვითონაც ჩაერთვებიან. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ეს პროცესები არ გვინდა გამოვიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან, რისი პრეცედენტიც გუშინ საღამოს დაფიქსირდა.”
გამოვიდა ინფორმაცია, რომ მენეჯერი კაკო გლურჯიძე გადადგა, გენერალურმა დირექტორმა ტრესტის თანამშრომლები უფასო შვებულებაში, უვადო შვებულებაში დაითხოვა და აპირებს ლოკაუტის გამოცხადებას. სანამ ის ლოკაუტს გამოაცხადებდეს, მანამდე გადავწყვიტეთ, რომ 10-კაციანი ჯგუფი შევქმნათ და შევდივართ პატარიძის მაღაროზე, შიგნით მაღაროში, და ვაცხადებთ გაფიცვას...
გურამ იაკობიძე

”ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა გაგრძელდება ხელფასის ზრდის მიმართულებითაც. სწორედ ამ თვალსაზრისით, თორნიკე ჭუმბურიძე გაფიცულ მუშებს მოუწოდებს, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ და ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას საფინანსო-საბიუჯეტო გათვლების მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში გაკეთების საშუალება მისცენ.

ჩაიშალა გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა ჭიათურის გამგეობაში. როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე სილაგაძემ გვითხრა, გაფიცულებმა ჯერჯერობით არ ისურვეს მათთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. მანამდე კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ჩვენთან საუბარში გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ვითარების ნორმალიზებას:

”იმისათვის, რომ არ გართულდეს სიტუაცია და, ამის გარდა, გაფიცულები ამბობენ, რომ უკიდურეს ფორმებს მივმართავთო, ისეთებს, როგორებიცაა რკინიგზის გადაკეტვა და სხვა სასიცოცხლო ობიექტების ფუნქციონირების პრობლემების შექმნა, ამ დონეზე რომ არ მივიდეს საქმე, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ დავსხდეთ მათთან ერთად დიალოგზე და როგორღაც მხარეების პოზიციები დავაახლოოთ.”

პოზიციების დაახლოებას ჯერჯერობით პირი არ უჩანს. მუშებმა კი პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვის გადაწყვეტილება მიიღეს.

”არავინ არ გამოგვხმიანებია დღეს. გამოვიდა ინფორმაცია, რომ მენეჯერი კაკო გლურჯიძე გადადგა, გენერალურმა დირექტორმა ტრესტის თანამშრომლები უფასო შვებულებაში, უვადო შვებულებაში დაითხოვა და აპირებს ლოკაუტის გამოცხადებას. სანამ ის ლოკაუტს გამოაცხადებდეს, მანამდე გადავწყვიტეთ, რომ 10-კაციანი ჯგუფი შევქმნათ და შევდივართ პატარიძის მაღაროზე, შიგნით მაღაროში, და ვაცხადებთ გაფიცვას”, - ამბობს მაღაროელი გურამ იაკობიძე.
დაიწყებს მუშაობას აუდიტი, ფინანსური აუდიტი, ჩაერთვებიან იურისტები, შესაბამისი სპეციალისტები თბილისის ოფისიდან, რომლებიც დაიწყებენ ყველაფრის გადამოწმებას...
კაკო გლურჯიძე

”ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაკა კვარაცხელიამ ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყო საწარმოში ლოკაუტის, ანუ გაფიცვის ჩახშობის მიზნით თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების ფაქტი და ასევე უარყო ინფორმაცია სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორის, კაკო გლურჯიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

კაკო გლურჯიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მაღაროელები ორმაგი ბუღალტერიის წარმოების ბრალდებით ითხოვენ. თავად კაკო გლურჯიძე კი განმარტავს, რომ, „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით, საკითხის შესწავლას სპეციალური კომისია დაიწყებს:

”დაიწყებს მუშაობას აუდიტი, ფინანსური აუდიტი, ჩაერთვებიან იურისტები, შესაბამისი სპეციალისტები თბილისის ოფისიდან, რომლებიც დაიწყებენ ყველაფრის გადამოწმებას.”

კაკო გლურჯიძემ გვითხრა ისიც, რომ იგი მზადაა თანამდებობიდან გადადგეს და ამის შესახებ გენერალურ დირექტორსაც მიმართა, მან კი, თავის მხრივ, გლურჯიძის წინადადება არ დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG