საქართველოში ხანძრები გრძელდება. ამჯერად ტყე კახეთში, თუშეთსა და ყაზბეგის რაიონში იწვის. ხანძრების ჩასაქრობად მეხანძრეები და ვერტმფრენები მუშაობენ. ამასთან, მეწყრული პროცესები განვითარდა სვანეთშიც. მეწყერი ჩამოწვა სოფელ მულახში, ასევე სოფლების – მაზერისა და ჭოხულდის თავზე. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეწყერი უჩვეულოდ დიდია და, ძლიერი წვიმის შემთხვევაში, საფრთხეს წარმოადგენს.
2 სექტემბერს ცეცხლი ერთდროულად სამ ადგილას გაჩნდა. აქედან ყველაზე დიდი კერა თელავის რაიონში, კოხტას მთაზე იყო. შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ლედი ოქროპირიძე ხანძრის მოცულობაზე ვერ საუბრობს. მისი თქმით, კვამლის გამო, ტერიტორიის განსაზღვრა ჭირს. კახეთში ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეები და სამი ვერტმფრენი გაიგზავნა. აქედან ორი 1 სექტემბერს ირანიდან ჩამოფრინდა დასახმარებლად. კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მეხანძრეებს კილომეტრების ფეხით გავლა მოუხდათ, რადგან ხანძარი ტყის სიღრმეში, მიუვალ ადგილას წარმოიქმნა.
„ეს არის უკვე კავკასიონის ქედი, ანუ აბსოლუტურად მიუვალი ადგილია და შეუძლებელია სახმელეთო ტექნიკა გამოიყენო“.
შედარებით მცირე მასშტაბის ხანძრები გაჩნდა ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთასა და თუშეთში. ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეები ამ ტერიტორიებზეც გაიგზავნა.
სტიქიას ებრძვიან სვანეთშიც, ოღონდ, ამ შემთხვევაში, პრობლემა არა ცეცხლი, არამედ წვიმები გახდა. ბეჩოს რწმუნებული რეზო ხორგუანი ამბობს, რომ, 1 სექტემბრის ღამის კოკისპირული წვიმის შედეგად, მესტიის რაიონში მეწყრული პროცესები განვითარდა და ბევრგან შიდა გზები ჩაიხერგა.
„მულახშიც არის, თვითონ მესტიაშიც, აბსოლუტურად ყველა სოფელი მოიცვა. ბეჩო 13 უბნისგან შედგება, მაზერში უფრო მძიმე მდგომარეობაა, სხვა სოფლებში ასეთი ვითარება არაა, მაგრამ მაინც ყველა სოფელში შიდა გზები არის ჩახერგილი და გასუფთავებას საჭიროებს. ეს წვიმა კი არ იყო, ეს იყო თავსხმა“.
მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაა სოფელ მულახში, ასევე მეწყერი ჩამოწვა სოფლების მაზერისა და ჭოხულდის თავზე. ამ ორ სოფელში 110 კომლი ცხოვრობს. მეწყერი უკვე დაათვალიერეს გეოლოგებმა და ახლა რეკომენდაციებზე მუშაობენ. ხორგუანი ამბობს, რომ ამჯერად მეწყერი სოფლებისთვის საშიში არ არის, წვიმების სეზონის დაწყებამდე კი შესაბამის ზომებს მიიღებენ. ის ასევე აცხადებს, რომ მართალია, სტიქიის ზუსტი მოცულობის თქმა არ შეუძლია, მაგრამ მეწყერი ძალიან დიდია.
„ეს არის უზარმაზარი მოცულობის, უშბის კალთებიდან ჩამოსული ქვის საოცრად დიდი მასა. გეოლოგებმა დაათვალიერეს და აგვიხსნეს, რა უნდა გავაკეთოთ, მანდ მძიმე ტექნიკამ უნდა იმუშაოს და სადრენაჟო სისტემა თავიდან უნდა გაკეთდეს“.
რაც შეეხება ბორჯომსა და აბასთუმანს, 1 სექტემბერს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, თათბირი ჩაატარა. შეაფასეს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის, ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სრულად ლოკალიზებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე გრძელდება ნიადაგის პრევენციული დამუშავება. კლიმატური პირობების გაუარესების მიუხედავად, არ წარმოქმნილა ხანძრის არც ერთი ახალი კერა. ადგილზე რჩებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.
ამ ხანძრების ფონზე არასახარბიელოა მომავალი ამინდის პროგნოზი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს მონაცემებით, 7 სექტემბრამდე საქართველოში უმეტესად ცხელი ამინდები შენარჩუნდება. ყველაზე მაღალი ტემპერატურა იქნება კახეთში – 38 გრადუსამდე და თბილისშიც არანაკლები – 36-37 გრადუსი. ინტენსიური წვიმები მოსალოდნელი არ არის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სტიქიური უბედურების დროს გზადაგზა უწევს გამოსავლის ძიება, ნაცვლად იმისა, რომ წინასწარ ჰქონდეს გეგმა კრიზისული ვითარების სამართავად.
„რომ შევადაროთ, ბორჯომის ხანძართან დაკავშირებით, როგორი შტაბი იყო შექმნილი და როგორი უნდა იყოს ეს შტაბი სინამდვილეში (მაგალითად, ისეთი როგორიც თურქეთშია), სასაცილოდაც არ გვეყოფა. ჩვენი მინისტრები ქაღალდზე დახატულ რუკებზე არჩევდნენ რაღაცას და ზოგი ერთ მხარეს იშვერდა ხელს, ზოგი – მეორე მხარეს“.
მისივე თქმით, როდესაც გვალვების სეზონზე ამდენი კატასტროფა ხდება, კიდევ უფრო რთულ ვითარებას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, როცა უკვე წვიმების სეზონი დაიწყება.