Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმოების ტენდენციები საქართველოში


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის IV კვარტლის საწარმოთა საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 15.1 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 7.4 მლრდ. ლარი შეადგინა. მსხვილი ბიზნესის წილი მთლიან ბრუნვაში 82,4 %-ია, ხოლო მცირე ბიზნესის - 8,4 %. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპული ტიპის ეკონომიკამდე საქართველოს საკმაოდ დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს გზა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების აუცილებლობამდე მიდის. ამ სეგმენტის განვითარების გარეშე ძნელი იქნება ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბება და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

საინტერესოა, რომ სტატისტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა რომ ბრუნვაში მცირე და საშუალო ბიზნესს საკმაოდ მოკრძალებული წვლილი აქვს, დასაქმებაში ამ ზომის საწარმოების წვლილი გაცილებით დიდია: საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა, საწარმოს ზომის მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 61.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 16.1 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 22.7 პროცენტი.

საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 1,7 მლრდ. ლარი, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი – 74.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 14.3 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 11.6 პროცენტი. მსხვილი ბიზნესი უკეთ ახერხებს დასაქმებულთა ფინანსურ უზრუნველყოფას. ამას პირდაპირ მოწმობს საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასის მოცულობა: მსხვილ ბიზნესში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 1223.3 ლარია, საშუალო ბიზნესში – 914.4 ლარი, მცირე ბიზნესში – 597.4 ლარი.

საწარმოების მოცულობის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქმიანობის სახეები. მონაცემების გადახედვა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ვაჭრობას და მომსახურებას გაცილებით დიდი ადგილი უკავია, ვიდრე რეალურ წარმოებას. საქმიანობის სახეების მიხედვით, მთლიან ბრუნვაში პრევალირებს „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 48.4 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 11.7 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 10.2 პროცენტი, „მშენებლობა“ – 8.3 პროცენტი, „კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა“- 6.5 პროცენტი.

საქმიანობის სახეების მიხედვით, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს „დამამუშავებელი მრეწველობა“ (22.3 პროცენტი) და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 18.6 პროცენტი, „მშენებლობა“ – 17.6 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 14.1 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ - 8.9 პროცენტი.

ტრადიციულად, ცენტრზე ორიენტირებულია ბიზნესის წარმოების სტატისტიკაც: რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი, მას კი შემდეგი რეგიონები მოჰყვებიან: ქ. თბილისი – 73.2 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.9 პროცენტი, იმერეთი – 4.1 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი.

შესაბამისად, სტატისტიკა გვამცნობს, რომ დისბალანსია საწარმოს მოცულობებს შორის და არის რეგიონალური დისბალანსიც, ქვეყანაში რეალური წარმოების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ის ძირითადად რამდენიმე მსხვილ საწარმოზე მოდის.

XS
SM
MD
LG