გამომძიებლების საერთაშორისო ჯგუფმა აღმოსავლეთ უკრაინაში იპოვა „ბუკის“ ტიპის რაკეტის ნამსხვრევი იმ ადგილას, სადაც 2014 წლის ივლისში ჩამოვარდა მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი. ავიაკატასტროფამ შეიწირა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ჰოლანდიელები იყვნენ. ჰოლანდიელი გამომძიებლების განცხადებით, მათ სურთ რუსეთისაგან მეტი ინფორმაციის მიღება საზენიტო-სარაკეტო დანადგარ „ბუკზე“, რომლითაც, მათივე თქმით, თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. დასავლეთი და უკრაინა აცხადებენ, რომ რაკეტა ისროლეს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა. რუსეთი კი ირწმუნება, რომ სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. თვითმფრინავი „ბოინგ 777“ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ნიდერლანის უსაფრთხოების საბჭომ შარშან გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ მალაიზიის თვითმფრინავი რუსული წარმოების „ბუკმა“ ჩამოაგდო. მაგრამ ანგარიშში არ არის დაზუსტებული, რომელმა მხარემ ესროლა თვითმფრინავს რაკეტა.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1