Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილის კამპანიის დროს ორი მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული პოლიციაში გამოცხადდა


ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ხალხთან
ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ხალხთან

ალექსანდრე ინდუაშვილი, მეტსახელად "ხამსა", შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა და ბრალი აღიარა. იგი 2 ოქტომბერს, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ორი მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული. ინდუაშვილი 2 დღის განმავლობაში მიმალული იყო.

ინდუაშვილის დაკავების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ირაკლი ოქრუაშვილი ინდუაშვილის ამოცნობაზე პოლიციაში გუშინ საღამოს იმყოფებოდა. მან ეს ინციდენტი პოლიტიკური მოტივით ახსნა და ხელი კახი კალაძის ცოლისძმისკენ გაიშვირა.

ინდუაშვილის დაკავების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს ოჯახის წევრებმა. ბრალდებულის და, ამალია ინდუაშვილი, აცხადებს, რომ მის ძმას პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია და ყველაფერი შელაპარაკების შემდეგ დაიწყო.

ბრალდებულის ვაჟი ვასილ ინდუაშვილი კი აცხადებს, რომ მამამისს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ , რასაც სროლა მოჰყვა.

პოლიციამ უკვე დაკითხა თვითმხილველები, რომლებიც მედიასთან საუბარს ერიდებიან. ჯერჯერობით არც ბრალდებულის ჩვენება გავრცელებულა, თუმცა, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მათ შორის შელაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ინდუაშვილი ითხოვდა ახსნა-განმარტებას იმ პერიოდში მისი დაკავების შესახებ, რასაც ჯერ შელაპარაკება, შემდეგ ჩხუბი და ბოლოს სროლა მოჰყვა. ინციდენტის დროს დაჭრილ მოქალაქეებს გორის ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

XS
SM
MD
LG