Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომში საკრებულოს სხდომებს ვერ ატარებენ


ბორჯომი
ბორჯომი

სოფელ დვირში მცხოვრები ნინო ხუბულაშვილი ბორჯომის ხელისუფლებას მესამედ ეწვია. იგი თანასოფლელებთან ერთად ცდილობს ხმა მერიასა და საკრებულოს მიაწვდინოს. დვირელები ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირებული საბავშვო ბაღის აშენებამდე ტრანსპორტის გამოყოფას სთხოვენ, რომ ბავშვები ახლომდებარე სოფლებში არსებულ ბაღებში ატარონ. საუბარია 700 ლარზე, რომელიც ბავშვების ტრანსპორტით მომსახურებას ესაჭიროება.

გადმოწერა

ბორჯომის საკრებულოს გადადებული სხდომები

  • ბორჯომში სხდომა მეხუთედ გადაიდო.
  • საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს 27 საკითხი უნდა განეხილათ.
  • სხდომების გადადების გამო მეორე თვეა, მერიის თანამშრომლები ხელფასს ვერ იღებენ.
  • უმრავლესობაში მოსული ოპოზიცია კვორუმს ვერ აგროვებს, მმართველი პარტია კი პროტესტის ნიშნად სხდომებს არ ესწრება.

გაირკვა, რომ დვირის მოსახლეობამ დახმარებისთვის მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ბორჯომის ოპოზიციონერი დეპუტატები შეჰპირდნენ, რომ საკრებულოს სახელზე გამოგზავნილ წერილს თან თუ ხელმოწერებიც დაერთვებოდა, საკითხს მხარს დაუჭერდნენ. მერიისგან უარის მიზეზს მედიასთან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე განმარტავს.

ვიდრე ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყოფითი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ხალხის რჩეულები არსებული პრობლემების გადასაჭრელად სხდომებს ვერ ატარებენ. ბორჯომში სხდომა მეხუთედ გადაიდო. მიზეზი ამჯერადაც ერთ-ერთი დეპუტატის ავადმყოფობა და არშემდგარი კვორუმი გახდა. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს 27 საკითხი უნდა განეხილათ. მათ შორის ყველაზე აქტუალური საშტატო ნუსხასა და გაზრდილ თანამდებობრივ სარგოებს ეხებოდა. სხდომების გადადების გამო, მეორე თვეა, მერიის თანამშრომლები ხელფასს ვერ იღებენ. საკრებულო მერიას გაზრდილ ხელფასებს არ უმტკიცებს და, სავარაუდოდ, არც მომავალ სხდომაზე აპირებს საკითხის მხარდაჭერას. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე განმარტავს, რომ ოპოზიცია რიგითი თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას მხარს უჭერს.

ბორჯომი
ბორჯომი

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე აცხადებს, რომ ხელფასების მომატების შესახებ მოთხოვნა საკრებულოს უკვე მესამედ წარუდგინეს. აქვე იმასაც განმარტავენ, რომ ხელფასები კანონის შესაბამისად გაიზარდა.

უმრავლესობაში მოსული ოპოზიცია კვორუმს ვერ აგროვებს, მმართველი პარტია კი პროტესტის ნიშნად სხდომებს არ ესწრება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მანდატები ბორჯომის საკრებულოში ასე გადანაწილდა: 13 ხმა „ქართულ ოცნებას“, ხოლო 15 ოპოზიციას ერგო.

XS
SM
MD
LG