ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. თითქმის ყველა საკითხის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართაა. შეუძლოდ გახდა საკრებულოს ორი წევრი. გამგეობის შენობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საკრებულოს წევრები და პარტიების მხარდამჭერებიც.
დეპუტატების ურთიერთდაპირისპირებისა და ხმაურიანი სხდომის გამო სხდომათა დარბაზის გარეთ პარტიების მხარდამჭერები და დეპუტატთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ...
ბორჯომში ახლად არჩეული საკრებულოს პირველივე სხდომა ხმაურით დაიწყო. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი სხდომის დღის წესრიგი გახდა. ოპოზიცია კომისიის ფორმირებას ითხოვდა და ირწმუნებოდა, რომ დარიგებული დღის წესრიგიდან საკითხები მათთან შეუთანხმებლად ამოიღეს.
დეპუტატების ურთიერთდაპირისპირებისა და ხმაურიანი სხდომის გამო სხდომათა დარბაზის გარეთ პარტიების მხარდამჭერები და დეპუტატთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. დაძაბული ვითარების განსამუხტავად სხდომაზე უხუცესმა წევრმა, თედო არბოლიშვილმა, შესვენება ორჯერ გამოაცხადა, საბოლოოდ კი მმართველმა პარტიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
სხდომის დატოვებამდე ორი წევრი ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. შეთანხმების შემდეგ სხდომა კვლავ განახლდა, თუმცა მორიგი დაპირისპირება ამჯერად ირაკლი კვირკველიას განცხადებას მოჰყვა - ის,,პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებსა და ლეიბორისტული პარტიის წევრს, გიორგი გიუაშვილს, მუქარაში ადანაშაულებდა. ხმაურის მიუხედავად, საკრებულოს დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ სხდომას გააგრძელებდნენ. საკრებულოს წევრებს 36-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიმართა. ლევან დევიძემ ხალხის რჩეულებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.
ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც წევრთა უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს. საკრებულოში მმართველი გუნდიდან 13 დეპუტატია, ოპოზიციიდან კი 15...
ორჯერ გადადებული სხდომისა და ოლქის თავმჯდომარის მიმართვის მიუხედავად, საბოლოოდ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება მაინც ცნეს. საკრებულოს სხდომაზე 5 კომისია შეიქმნა. ოთხ კომისიას ,,პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი უხელმძღვანელებს, ხოლო ერთი კომისიის ხელმძღვანელი ,,ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი იქნება. სამანდატო კომისიის დასკვნის თანახმად, საკრებულოს 28 წევრის უფლებამოსილება ცნობილია. სამანდატო კომისიის დასკვნა ბაკურ გელაშვილმა გაასაჯაროვა. დეპუტატებმა ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს, ოთარ არბოლიშვილმა გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა, რის გამოც ორივე მათგანი სამართალდამცველებმა დაკითხეს. ლეიბორისტმა გიორგი გიუაშვილმა სხდომას პარლამენტის წევრის მიერ მართული უწოდა.
სხდომის უხუცესმა წევრმა და თავმჯდომარემ, თედო არბოლიშვილმა, სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ სხდომა გააგრძელა და თავმჯდომარისა და მოადგილის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო. კენჭისყრაში მხოლოდ ოპოზიცია მონაწილეობდა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი – ზაზა ჩაჩანიძე ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ და ვახტანგ ქვათაძე ,, ნაციონალური მოძრაობიდან“. ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე გახდა, ხოლო მოადგილე ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, გიორგი გოგიჩაიშვილი. ხმაურიან პირველ სხდომას 28 დეპუტატი ესწრებოდა. ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც წევრთა უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს. საკრებულოში მმართველი გუნდიდან 13 დეპუტატია, ოპოზიციიდან კი 15. სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს.