ნარკოპოლიტიკა საქართველოში დიაგნოზია, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც ამ პოლიტიკის სუბიექტი და შემსრულებელია, ასევე საზოგადოებისაც, რომელზეც ეს პოლიტიკა ხორციელედება და ის ამ პოლიტიკაზე სათანადო პროტესტს ვერ გამოხატავს. მიუხედავად თითქმის ყველა პარტიის წინასაარჩევნო დაპირებისა, რომლებმაც ამომრჩევლის გულის მოსაგებად ნარკოპოლიტიკა ერთ-ერთ ცენტრალურ თემად აქციეს და ამომრჩეველს - უბრალოდ დეკრიმინალიზაციიდან დაწყებული, აფთიაქებში მარიხუანის გაყიდვით დამთავრებული - მიწიერი სამოთხის შექმნას ჰპირდებოდნენ, არჩევნების დამთავრებისთანავე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ რამდენიმე სახე, საკუთარი თუ პარტიის სახელით, ნარკომომხმარებლობის დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგ ალაპარაკდა.
თვალში საცემი ფაქტია, რომ არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამცველთა უმეტესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, მათ შორისაა ყოფილი მინისტრები კობა ნარჩემაშვილი და შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი სოფო კილაძე, რომელიც ახალ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მეთაურობს. თუკი ნარჩემაშვილის, ისევე, როგორც ერთ დროს ასევე შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციები საბჭოთა მილიციონერის სააზროვნო გაბარიტებს ვერ სცილდება, - რომ ნარკომომხმარებელი სოციალურ საფრთხეს წარმოადგენს, ის აუცილებლად ნარკოტიკების გამსაღებელიც და სხვების ჩამთრევიცაა და რომ „მოწევით იწყებენ და მერე გაჩხერვაზე გადადიან“, - კილაძის აზრები, რომელმაც, მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გააჟღერა, რეპრესიული ცნობიერების სხვა სიმაღლეებს ამჟღავნებს, რის იდეოლოგიური ფესვები ნაცისტურ გერმანიაში უფროა საძებნელი. კერძოდ, კალაძის თქმით, ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი მხოლოდ კრიმინალთან ბრძოლის საკითხი კი არაა, არამედ „აქ საქმე არის ქვეყნის გენოფონდთან, საქმე არის ზოგადად, ნარკოტიკისაგან თავისუფალი საქართველოს მომავალ თაობებზე.“
თავისთავად ისეთი წარმოდგენა, როგორიცაა „გენოფონდი“, რომელიც პერესტროიკის ხანის ქართულ ნაციონალისტურ დისკურსში გაჩნდა და „გენეტიკურად ქართველების“ გამოყვანის სრულიად პროტოფაშისტურ მითოლოგიას მიეკუთვნებოდა, სათავეს იღებს ფსევდომეცნიერება ევგენიკიდან, რომლის მიზანიც ადამიანების „ლამაზებად“ (ჯანმრთელ, ფიზიკურად ძლიერ, „საჯიშე“) და „მახინჯებად“ (ავადმყოფი, ფიზიკური ნაკლის მქონე) დახარისხება იყო. ფაშისტურ უტოპიებში ევგენიკური აზროვნება დღესაც „სუფთა სისხლის“, ფიზიკური „სიჯანსაღის“ და ყოველგვარ ინდივიდუალურ ხასიათს მოკლებული ადამიანის იდეალებს ქადაგებს და იმუქრება „დეკადენტურობის“ ყოველგვარი გამოვლინების, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება თუ თავისუფალი სექსუალობა, აღმოფხვრით. „გენოფონდი“ სხვა არაფერია, გარდა პიროვნულობადაქვეითებული, გენმოდიფიცირებული საჯიშე ბიოლოგიური მასა, რომელიც ტოტალიტარული ცნობიერების სახელმწიფომ საზარბაზნე ხორცად უნდა გამოიყენოს.
რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო გეგმაზომიერად ახორციელებს 2006 წლიდან, იმდენად არარაციონალურია იურიდიული, ეკონომიკური თუ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომ მასში ლოგიკური აზროვნების კატეგორიებით მსჯელობა თითქმის შეუძლებელიცაა. არც ამ პოლიტიკაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულ მილიონებს, არც დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის ყოვლად შეუფერებლად მკაცრ კანონმდებლობას, არც საპატრულო პოლიციის რეიდებს და ადამიანის ღირსების შემლახავ ნარკოტესტირებას არანაირი პოზიტიური შედეგი არ მოუტანია: საქართველოში არც ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი არ შემცირებულა, არც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულა, არც ნარკობიზნესი და ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლობის ზრდა შეუნელებია. სამაგიეროდ, ყოველთვიურად იზრდება ამ პოლიტიკის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი, ისევე, როგორც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ნარკოტიკული ნივთიერებების მიმოქცევა საქართველოს შავ ბაზარზე, პირველ რიგში, ე.წ. სინთეტური ნარკოტიკების, ანუ ნარკოტიკული ეფექტის მქონე შხამქიმიკატების მასობრივი გავრცელება, რაც ალკოჰოლზე უებარი მარიხუანის აკრძალვის შედეგად მომძლავრდა. ამასთანავე, ასეთი მდგომარეობა მხოლოდ უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟზე, რომელიც თავისი რეპრესიული და ანტიჰუმანური ნარკოპოლიტიკით მხოლოდ მსოფლიოს დაბალგანვითარებულ და არადემოკრატიულ ქვეყნებს უთანაბრდება.
ამ აბსურდულ ვითარებაში თითქმის შეუძლებელია სახელმწიფო პოლიტიკის, მის დამკვეთთა თუ აღმსრულებელთა გონიერებაზე, მათ ლოგიკურობაზე მსჯელობა, მაგრამ თვით ყველაზე აშკარა უგუნურებაც კი საჭიროებს ახსნას და კვალიფიკაციას, ყველაზე ალოგიკურ ქმედებაშიც შესაძლებელია ლოგიკის ამოკითხვა. თუმცა ეს ლოგიკა და მასზე დაფუძნებული მიზნები, შესაძლოა, რადიკალურად განსხვავდებოდეს იმ მიზნებისაგან, რომლებიც ქართულ ნარკოპოლიტიკას აქვს დეკლარირებული.
თუკი მას მისი შედეგებისა და გვერდითი ქმედებების კუთხიდან შევხედავთ, საქართველოში ნარკოპოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე პოლიციური ზედამხედველობისა და ძალადობის, ხალხის დაშინების, დაშანტაჟების, მათი ცხოვრების დანგრევისა და ზოგჯერ ფიზიკური განადგურების მექანიზმია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის მეშვეობით საკუთარ მოსახლეობასთან ომში იმყოფება, მას გამოძალვისა და შეურაცხყოფის, დამცირებისა და საკუთარი სადისტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტად აღიქვამს. რადგანაც სახელმწიფოს და მის პოლიციურ აპარატს ყველა მოქალაქე პოტენციურ დამნაშავედ, საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის საშიშ ელემენტად მიაჩნია, ნებადართულია პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების - ხშირად უმიზეზოდ - გაჩერება-დაკავება, მათთვის იძულებითი ნარკოტესტის ჩატარება, რომელსაც უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2015 წლის 17 ივნისს იძულებით ნარკოტესტირებისას დაიღუპა ქუთაისში მცხოვრები ლევან აბზიანიძე. ამავე კონტექსტშია გასახსენებელი 2016 წლის 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მომხდარი 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობაც, რომელიც სწორედ მარიხუანის მოხმარების გამო პოლიციურმა შანტაჟმა მიიყვანა თვითმკვლელობამდე.
სააკაშვილისა და მისი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოცხადებულმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ, რაც ყველა სახის დამნაშავეობასთან დაუნდობელ ბრძოლას გულისხმობდა, პოლიციურ-ძალადობრივი მმართველობის მთელ სიმახინჯესთან ერთად, მისი არაეფექტიანობა აჩვენა. კრიმინალთან კრიმინალური მეთოდებით დაპირისპირებული სახელმწიფო თავად გადაიქცა კრიმინალურად. ნარკოტიკები, რომელთა „ჩაგდებაც“ ისედაც მოქალაქეების დაშანტაჟების მრავალწლიანი და ნაცადი მეთოდი იყო, პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარასთან ერთად, მოქალაქეებზე ზეწოლისა და მათი მანიპულაციის მთავარ საშუალებად, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა კი მოსახლეობის დათრგუნვის, მისი კრიმინალიზაციის, საზოგადოებისგან გარიყვისა და სოციალურ-ეკონომიკური გაპარტახების მექანიზმად გადაიქცა.
ამით ხელისუფლება საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა საკუთარ მოსახლეობასთან, რამაც იგი მასთან გააუცხოვა და მის მხარეს, ფაქტობრივად, მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული, მისივე ხელშეწყობით შექმნილი ელიტებიღა შემორჩნენ. აქვე გამოჩნდა ნარკოპოლიტიკის სოციალური ასპექტები, როდესაც მისი უმთავრესი სამიზნე სოციალურად დაუცველი ფენები - დედაქალაქის გარეუბნებისა და პერიფერიების მოსახლეობა - აღმოჩნდნენ. ეკონომიკურად გადუხჭირებულ და სახელმწიფოსგან უკიდურეს გაჭირვებაში მიტოვებული პერიფერიების მოსახლეობისათვის მათსავე ეზოებში დათესილ-მოყვანილი მარიხუანის მოწევა ხშირ შემთხვევაში გართობისა და სიამოვნების ფაქტობრივად ერთადერთი და ისიც სეზონური საშუალებაა, რომლის გამო დევნაც იმ არგუმენტით, რომ მარიხუანა ადამიანებს აზარმაცებს, ქართული ნეოლიბერალური პოლიტიკის მთელი სოციალურ-დარვინისტული შინაარსის და მისი მონათმფლობელური ცნობიერების ილუსტრაციაა. თუმცა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მთავარი მიზანი არა მხოლოდ მოსახლეობის საწარმოო საშუალებად ექსპლუატაციაა, არამედ მისი შანტაჟისა და დაშინების მეშვეობით საკუთარი არალეგალური პოლიტიკური მიზნებისათვის მანიპულაციაა: კრიმინალიზაციით ნარკომომხმარებელი შანტაჟისათვისაა განწირული, ძალაუფლებას კი საშუალება ეძლევა იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჯაშუშად, პროვოკატორად, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, მოკლედ, ბოროტმოქმედად აქციოს, რასაც უკვე წლებია, არ ერიდებიან ძალაუფლების მპყრობელები საქართველოში თუ მსგავსი ანტიჰუმანური პოლიტიკური სისტემის ქვეყნებში.
იმისათვის, რომ ამგვარმა პოლიტიკამ იმუშაოს, აუცილებელი პირობაა საზოგადოების მხრიდან, სულ ცოტა, გულგრილი დამოკიდებულება ამ პოლიტიკის მსხვერპლთა მიმართ. მსხვერპლი იმდენად დისკრედიტებული უნდა იყოს, იმდენად საძაგელ, საერთო კეთილდღეობისათვის მავნებელ და პარაზიტ არსებად წარმოდგენილი, რომ მის მიმართ საზოგადოებას არათუ თანაგრძნობა, არამედ ზიზღის გრძნობა უჩნდებოდეს. ასეთი მადისკრედიტებელი მოდელი, რომელიც ალკოჰოლის ამკრძალავი „მშრალი კანონის (1920-1933) სანაცვლოდ გაჩნდა ამერიკაში, თანამედროვე შეფასებით, მთელი დასავლეთის უახლესი ისტორიის ერთ-ერი ყველაზე სამარცხვინო ფურცელია, პრიმიტიული ცრურწმენებისა და სოციალური ფობიების თაიგულს განასახიერებს. XIX საუკუნის დეკადენტური კულტურისგან განსხვავებით, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას სახელოვნებო ბოჰემასთან აიგივებდა, XX საუკუნის რეპრესიულ ნარკოპოლიტიკებში ნარკოტიკების მოხმარება გადაგვარებულ, გარყვნილ, ასოციალურ პარაზიტობასთან იგივდებოდა, რასისტულ კონტექსტებში კი მას „დაბალი რასის“ ჩვევად წარმოადგენდნენ. ამიტომაც, უკვე გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო დასავლეთში ნარკოპოლიტიკის თანდათანობითი ლიბერალიზაცია, ხოლო ამჟამად თავად აშშ-ის მეთაურობით დაწყებულია ლეგალიზაცია. ეს პროცესი შეუქცევადი და გარდაუვალია, რამდენადაც არა მხოლოდ ჰუმანისტურ გრძნობებსა და იდეალებს, არამედ კეთილგონიერებასა და მეცნიერულ ფაქტებს ეფუძნება. ფაქტი კი ისაა, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ეგიდით შექმნილ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელსაც ნარკომაფიის გაჩენა მოჰყვა, უკვე ასეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აკრძალული პროდუქტის სტატუსმა კი ნარკოტიკების მასობრივი გავრცელება და პოპულარიზაცია გამოიწვია.
ამ ფონზე ნარკოპოლიტიკა დიაგნოზია იმ მძიმე და სახიფათო სნეულებისა, რომლითაც დაავადებულია საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ვერ ელევა მას, როგორც მოსახლეობის დათრგუნვისა და დაშანტაჟების ბერკეტს. ამ დაავადებას შეიძლება სახელმწიფო სადიზმის პოლიტიკა ეწოდოს, რომლის ამოსავალი პრინციპიც საკუთარი მოსახლეობის არა პიროვნებებად, არამედ ბიოლოგიურ მასად წარმოდგენაა. ძალოვანი სტრუქტურები კი თავიანთ ძალოვანებას ამ ბიომასაზე ძალადობით ახორციელებენ და საკუთარ ამოცანად მისი გარდაქმნა-გამოსწორება წარმოუდგენიათ. მოხდეს დეკრიმინალიზაცია - ნიშნავს სახელმწიფომ უარი თქვას სადიზმის პოლიტიკაზე და ადამიანი, მისი პიროვნული ღირსება ფასეულობად აღიაროს. სხვა შემთხვევაში ასეთი სახელმწიფო თვითგანადგურებისთვისაა განწირული.