Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეკლუცობა შეუწყნარებლობასთან


მაშ ასე. მისტიკა ამოხსნილია, ბუნდოვანება - გაფანტული. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ეს უცნაური, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მოსმენილი ფრაზა - “უმცირესობის უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე”.

რას ნიშნავს და, მაგალითად, შემდეგს: როცა რელიგიური უმრავლესობა, ქრისტიანები, რელიგიურ უმცირესობას - მუსლიმებს - რიტუალის ჩატარებაში ხელს უშლის, შეურაცხყოფას აყენებს, აშინებს და სამლოცველოს გაუქმებას სთხოვს, სახელმწიფო პირველ ეტაპზე ცივად უნდა გადგეს განზე და ამაყად განაცხადოს, ინციდენტის “ამოწურვის საშუალებას” ეკლესიას ვაძლევო. მეორე ეტაპზე - როცა სახელმწიფოს მხრიდან ამგვარ უმოქმედობას აგრესიის კერების გამრავლება მოჰყვება და, სოფელ ნიგვზიანის გარდა, დაპირისპირება წინწყაროშიც იფეთქებს - მომრიგებლებად უნდა გაიგზავნონ დეპუტატები, რომლებიც “სისხლის დაღვრის” შესახებ მუქარებს გაგებით მოეკიდებიან და უმრავლესობის აგრესიას დინჯად დაუქნევენ თავს. მესამე, დასკვნითი ეტაპი კი უკვე ნამდვილი ტრიუმფია. სატელევიზიო სიუჟეტებში საზეიმო ინტონაციით გვამცნობენ, რომ დეპუტატ ქუცნაშვილის და ადგილობრივი ეპისკოპოსის შუამავლობით დიდი შერიგება იქნა მიღწეული და “მართლმადიდებლები მუსლიმებს ხელს აღარ შეუშლიან”. ერთი ეგაა, რომ ეს შერიგება მუსლიმთა ინტერესების უხეშად შელახვის ხარჯზე შედგა. წინწყაროში სალოცავად სურვილისამებრ ჩასვლა აეკრძალათ სხვა სოფლების და რეგიონების მცხოვრებთ - ანუ, აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად მათ მიმოსვლის თავისუფლებაც შეეზღუდათ. დაირღვა ფუნდამენტური უფლებები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია გვანიჭებს.

თუმცა ეს არაფერი. თემას დავუბრუნდეთ - “უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე უმცირესობების უფლებების არდაცვას”. პროცესი მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი სამი ეტაპისგან არ შედგება. ამ ეტაპების აღსრულებას თან უნდა სდევდეს ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები - რომ “საქართველოს ოდითგანვე ტოლერანტული კულტურა ჰქონდა” და რომ “უმცირესობებთან დაპირისპირება ჩვენთვის სრულიად უცხოა”. თითქოს არც 1990-იანი წლები ყოფილა, არც ბასილ მკალავრიშვილი, არც სხვა სასულიერო პირების მიერ ნაქადაგარი შეუწყნარებლობის და ქსენოფობიის უამრავი მარგალიტი; თითქოს დიდი ხნის მოგვარებული იყოს სომხური, კათოლიკური, ლუთერული ეკლესიებისთვის, იუდეველებისთვის ან თუნდაც იმავე მუსლიმებისთვის ქონების დაბრუნების პრობლემა; ან თითქოს საჯარო სკოლების დაწყებითი კლასებიდანვე არ ირღვეოდეს სეკულარიზმის თუ რელიგიური თანასწორობის პრინციპები - პედაგოგების მიერ დაპატიჟებული მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ მოსწავლეების ინდოქტრინაციის გზით.

ზემოთჩამოთვლილ ზომებს ემატება კიდევ ერთი, დამატებითი და ეფექტური ნაბიჯი - რომელიც განსაკუთრებით ცხადად პრემიერ-მინისტრისა და რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებებში გამოიკვეთა. შექმნილი ვითარება რელიგიური უმცირესობის უფლებების ხელყოფად კი არა, “პროვოკაციად” უნდა შეირაცხოს. მზაკვრულ შეთქმულებად, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობა აწყობს, რათა ჩვენი სინამდვილეში ღრმად ჰარმონიული საზოგადოება “შეუწყნარებლად”, ზედმიწევნით ტოლერანტული საპატრიარქო კი “ქსენოფობად” წარმოაჩინოს. მერე რა, რომ ორივე სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა ტელეკამერების წინ გაცნობიერებულად, გულახდილად და ღიად გამოდის მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობრივი მუქარით. მეტიც - ტოლერანტობის ცენტრი იუწყება, რომ სოფლებიდან მუსლიმთა გასახლების მოთხოვნით ხელმოწერებიც კი გროვდება. ამ ხალხის საქციელის კრიტიკა თუ მათი აგრესიის დაგმობა მაინც არ შეიძლება - “უმრავლესობას”, თანაც მართლმადიდებლობის სახელით მოქმედს, ხომ ვერ ვაწყენინებთ. ამიტომაც, ეს ყველაფერი “პროვოკაციაა” და მორჩა.

მოკლედ, “უმრავლესობის უფლებების არშელახვის” ფორმულა მგონი მართლა ამოვხსენით, რაც თავისთავად შესანიშნავი ამბავია. ოღონდ აქ ერთი პატარა სირთულე იჩენს თავს - რაც უფრო მეტად ვუკვირდებით, ეს ფორმულა თვალსა და ხელს შუა სულ უფრო და უფრო ემსგავსება სხვა, ბევრად უფრო პრობლემურ ცნებას. “უმრავლესობის ტირანიას” - რომელიც სახელმწიფოს მიერ პირველ ადგილზე უმრავლესობის შეხედულებების თუ გადაწყვეტილებების დაყენებას გულისხმობს, შედარებით მცირე ჯგუფების, თუ ცალკეული ინდივიდების ინტერესების შეზღუდვის ფონზე. ანუ წინწყაროს სცენარს: მუსლიმთათვის გადაადგილების თავისუფლების და კოლექტიური ლოცვის უფლების წართმევას, მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას - ქრისტიანებს - ასე სურს.

ეს პოზიცია და ამგვარი პოლიტიკა კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების თუ ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან. გასაგებია, რომ ხელისუფლება ხალხის მიერ არის არჩეული და ვალდებულია გაითვალისწინოს თავისი ამომრჩევლის შეხედულებები. მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს უმრავლესობის ტირანიის მხარდაჭერას. უმცირესობების უფლებები მთავრობამ მაშინაც კი არ უნდა შეზღუდოს, როცა ამას მოქალაქეთა უმრავლესობა მოითხოვს (თუმცა, ამ შემთხვევაში კიდევ საკითხავია, რამდენად არის ასე. NDI-ს ბოლო კვლევას თუ დავუჯერებთ, გამოკითხულთა უმრავლესობა - 51% - მიიჩნევს, რომ მუსლიმ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ კერძო შენობებში შეკრების და მსახურების ჩატარების უფლება, წინააღმდეგ კი მხოლოდ 29% გამოდის).

მცირე ჯგუფების ინტერესების დაცვა კი ალბათ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით უნდა მოხდეს. საამისოდ ნამდვილად არ კმარა მხოლოდ კონსტიტუცია და კანონები. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია არაფორმალური შეთანხმებები - ისეთი იდეოლოგიური კლიმატის, თუ კულტურული გარემოს ხელშეწყობა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს მოქალაქეების თავისუფლების და თანასწორობის პრინციპებს. სხვა, უფრო კონკრეტული სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი მანანა კობახიძე სწორია, როცა ამბობს, რომ „ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან - ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ეს მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის“ (და ახლა „გლუკსმანი“ არაფერ შუაშია; ეს ციტატა მის მიერ „საქინფორმისთვის“ მიცემული ინტერვიუდან არის მოტანილი) - ხელისუფლებამ ამგვარ შეხედულებებს კოჭი არ უნდა გაუგოროს. ჩვენი ახალი მთავრობა კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით პირიქით იქცევა და ამ განწყობებს კიდევ უფრო აღვივებს - მუსლიმთათვის ლოცვის და მიმოსვლის შეზღუდვას ასაღებს “დიდ შერიგებად”, ჩვენი მრავლისმნახველი საჯარო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური, ფაშისტოიდური და აგრესიული ფიგურის, მალხაზ გულაშვილის თანამოაზრეებს კი “პოლიტპატიმრების” საპატიო წოდებას ანიჭებს. კი, ბატონო, ამ ახალგაზრდების ვადაზე ადრე განთავისუფლება, თავისთავად, ჰუმანური და კარგი ნაბიჯია, მით უმეტეს მაშინ, როცა მათ სულიერ მოძღვრებს და სავარაუდოდ წამქეზებლებს პასუხი არავინ არაფრისთვის მოსთხოვა და ერთ-ერთი მათგანი, დავით ისაკაძე, „გამშვენებული ჯვრითაც“ კი დააჯილდოვეს. მაგრამ მათთვის სარწმუნოებისთვის წამებულთა როლის მიკუთვნება რელიგიური შეუწყნარებლობის ლეგიტიმაციას ნიშნავს. წესით კი პირიქით უნდა ხდებოდეს - როგორც ამ ახალგაზრდებს, ისე მთელი ქვეყნის მოქალაქეებს მშვიდად, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა განემარტოს, რომ მართლმადიდებლად ყოფნა უფლებრივ პრივილეგიებს არ ნიშნავს; რომ სამართალდამცავები შეებრძოლებიან სიძულვილის ნიადაგზე გამოვლენილ აგრესიას და ჩადენილ დანაშაულს; და რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უმრავლესობისგან განსხვავდებიან.

ამ ფუნდამენტური პრინციპების ერთხელ და სამუდამოდ დადგენის შემდეგ კი დისკუსია უკვე კონკრეტულ საკითხებზეც შეიძლება. მაგალითად, იმაზე, წარმოადგენს თუ არა „დანაშაულს“ სასაფლაოს ღობეზე მიდუღაბებული ჯვრების ახსნა - მითუმეტეს მაშინ, როცა იქ მუსლიმები არიან დაკრძალული; რამდენად, და რა ფორმით უნდა დარეგულირდეს რელიგიური რიტუალების ხმა ისე, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შეექმნას (და აქ ალბათ „მოლას ყივილით“ შეწუხებულ ქრისტიანებს იმის გათვიცნობიერებაც მოუწევთ, რომ ვიღაცას შეიძლება ეკლესიების ზარების რეკვა და გამაძლიერებლებით გადაცემული წირვის ხმაც უშლიდეს ხელს). უფრო რთულ თემებზეც მოგვიწევს ფიქრი - მაგალითად, სეკულარიზმის პრინციპებზე; რელიგიის და გამოხატვის თავისუფლებების ურთიერთმიმართებაზე; სახელმწიფოს მართებულ ნაბიჯებზე მაშინ, როცა მოქალაქეები რელიგიური მოსაზრებებით ამბობენ უარს სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარებაზე; ან სწორ გამოსავალზე ისეთ ვითარებებში, როცა ამა თუ იმ ჯგუფის რელიგიური შეხედულებები, ვთქვათ, ქალთა უფლებების ხელყოფას იწვევს.

მაგრამ ასეთ არსობრივ დისკუსიებამდე ჯერ კიდევ შორია. ჯერ, როგორც ჩანს, ზედმიწევნით ტრივიალური საკითხებით უნდა დავიწყოთ. მაგალითად იმით, რომ „მეზობლური მოლაპარაკება“, რომელიც სხვა სოფლების მკვიდრ მუსლიმებს წინწყაროში ჩასვლის უფლებას მხოლოდ „2 დღესასწაულზე და მიცვალებულის დაკრძალვის დროს“ აძლევს, დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციურია. ხოლო ხელისუფლება, რომელიც ამ გარიგებას საზეიმო მიღწევად ასაღებს, სინამდვილეში შეუწყნარებლობას და უსამართლობას ეკეკლუცება და „უმრავლესობის უფლებების არშელახვას“ კი არა, უმრავლესობის ტირანიის დამყარებას უწყობს ხელს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG