Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელები, ნაციონალები და იდეოლოგიები


რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ 28 მარტს ფეისბუკზე გააკეთა განცხადება, რომ 26-27 მარტს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ფართო საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებენ. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, რესპუბლიკელები 2016 წლის არჩევნებში საარჩევნო ბლოკში აღარ გაერთიანდნენ პარტია „ქართულ ოცნებასთან“. (შეგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნების წინ პარტია „ქართული ოცნება“ გაერთიანდა საარჩევნო ბლოკში „თავისუფალ დემოკრატებთან“, „რესპუბლიკურ პარტიასთან“, „ეროვნულ ფორუმთან“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთან“.)

თუ გაჩენილი ეჭვი დადასტურდება, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ არჩევნების წინ რესპუბლიკელების გამოსვლა მეტ იდეოლოგიურ სიცხადეს შესძენს ქართულ პოლიტიკას. ქართულ პოლიტიკაში მეტი იდეოლოგიური სიცხადე შეიტანა 2014 წელს „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვებამაც. ქვემოთ სწორედ იმაზე ვისაუბრებ, თუ რას ვგულისხმობ „იდეოლოგიურ სიცხადეში“, რატომ ვსაუბრობ ამაზე მაინცდამაინც ახლა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის.

იქიდან დავიწყოთ, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოკვეთილი იდეოლოგიური პლატფორმების მქონე პარტიების დეფიციტი ყოველთვის არსებობდა. ზოგადად, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელია ის, რომ პარტიები პოლიტიკურ იდეოლოგიებს მხოლოდ ნომინალურად/ფორმალურად იღებენ და სინამდვილეში კი შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულ, ხშირად - შერეულ პოლიტიკურ პლატფორმებზე რჩებიან. ამისი ნათელი მაგალითი არის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ რუსეთში (ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტია), რომელიც ყველაფერს ქადაგებს, გარდა ლიბერალური დემოკრატიის განვითარებისა.

მიზეზი, თუ რატომ ხდება ეს ასე, კომპლექსურია და არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციოლოგიურ და კულტურულ ახსნებში უნდა ვეძებოთ. ამჯერად მხოლოდ იმის აღიარებას დავჯერდეთ, რომ მოცემულობა ასეთია. კოალიცია „ქართული ოცნებაც“ სწორედ ასეთი ეკლექტური (შერეული) პოლიტიკური წარმონაქმნია, რომელშიც შედიან მარცხნივ გადახრილი სუბიექტებიც (მაგალითად, ჟორჟოლიანი, წულუკიანი, კალაძე, ბესელია...) და მარჯვნივ მყოფებიც (პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რესპუბლიკელები...). საბოლოოდ კი გაუგებარია, „ქართული ოცნება“ მემარცხენე პარტიაა, მემარჯვენე პარტიაა, თუ როგორი პარტიაა... ასევე, პარტიის ზოგიერთ წევრს, დიდი ეჭვი მაქვს, საერთოდ არც გააჩნია საკუთარი აზრი პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ და ბუნდოვანი და გაუგებარი პოლიტიკური და ეკონომიკური იდეებით არის შესული პარტიაში და პარლამენტში.

ამავე დროს, ზოგიერთი პარტია, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში საპირისპირო პლატფორმის პარტიებთან უწევს (ან უწევდა) ყოფნა, მაინც შეგვიძლია, რომ კონკრეტული იდეოლოგიის მიმდევრადაც ჩაითვალოს. მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“ მემარჯვენე-ცენტრისტული და ლიბერალური პარტიაა, რომელიც ევროპულ დონეზე აფილირებულია სწორედ მემარჯვენე-ცენტრისტულ და ლიბერალურ კოალიციასთან. ევროპული პარტიების ამავე კოალიციასთან არიან აფილირებული იმავე იდეოლოგიის მქონე პარტია „თავისუფალი დემოკრატებიც“.

ამის საპირისპიროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ მემარჯვენე-ცენტრისტული, მაგრამ კონსერვატორული პარტიაა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ამავე იდეოლოგიის მქონე „ევროპის სახალხო პარტიაში“ არის გაწევრიანებული.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ იდეოლოგიური დაყოფების შესახებ არ იცის (იმ მიზეზით, რომ მათ არ აშუქებენ მედიაში და ამაზე არ საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები), ეს დაყოფები არსებობს. მართალია, მათი მნიშვნელობები ევროპული კონტექსტისგან რამდენამდე განსხვავებულია საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რელევანტური არ არის ჩვენს კონტექსტში.

მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსერვატორულად არის განწყობილი საგარეო პოლიტიკის საკითხებთან მიმართებაში და თვლის, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიული პოლიტიკის წარმოება, მაშინ, როდესაც „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ აქცენტს უფრო მეტად პრაგმატულ პოლიტიკაზე აკეთებენ (განსაკუთრებით, რესპუბლიკელი მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი); „ნაციონალური მოძრაობა“ მეტი აქცენტს აკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაშინ, როდესაც „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ უფრო მეტად შერიგებასა და ინტეგრაციაზე საუბრობენ; „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ასევე მეტს საუბრობენ „სახელმწიფო ინტერესებზე“ (რომლებიც ხშირად კონფლიქტში მოდის ადამიანის უფლებებთან), მაშინ, როდესაც ლიბერალური პარტიები უფრო მეტად ადამიანის უფლებების დაცვას ახსენებენ.

მომავალში, თუ ქართულ პოლიტიკაში ასეთი იდეური განსხვავებები მეტად გამოიკვეთება, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს საჯარო პოლიტიკის ხარისხზე. ასევე, უფრო გასაგები და ცხადი გახდება ისიც, თუ რეალურად რას უჭერს მხარს ქართული ელექტორატი. ახლა, როდესაც არჩევნებზე ხალხი არა იდეების, არამედ პიროვნებების მხარდასაჭერად მიდის, ისიც კი გაუგებარია, საერთოდ შესაძლებელია თუ არა თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბარი (თუ, ამის საპირისპიროდ, ყველაფერი თანმიმდევრულად შეიძლება ჩაითვალოს, რასაც არჩეული ლიდერი მოისურვებს?). იმისათვის, რომ ჩვენმა დემოკრატიამ უკეთ იმუშაოს პიროვნებებიდან იდეების მხარდაჭერაზე უნდა გადმოვერთოთ, ამას კი პარტიებს შორის იდეოლოგიური დიფერენციაცია მხოლოდ ხელს შეუწყობს.

XS
SM
MD
LG