Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვები ისტორიულ საქართველოში


თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

რა ადგილი ეჭირა ბავშვს ისტორიულ საქართველოში? როგორ ექცეოდნენ მას და რა უფლებები და მოვალეობები ჰქონდა? ისტორიკოსები ამბობენ, რომ ბავშვის მიმართ ადრეული საზოგადოება საკმაოდ მომთხოვნი იყო და ბავშვობაც დიდხანს არ გრძელდებოდა.

ბავშვების ყოფა ისტორიულ საქართველოში

  • ბავშვებს კვებავდნენ დედის რძით, მოგვიანებით კი მარტივი საკვებით - მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ლობიოში ან ღვინოში ჩაფშვნილი მჭადით;
  • ოჯახს, როგორც წესი, ერთ ოთახში ერთ გრძელ საწოლზე ეძინა. საწოლი ჩვილებისთვის, ანუ აკვანი, საქართველოში მონღოლების შემოსევის შემდეგ დამკვიდრდა;
  • დაახლოებით სამი წლიდან მათ მარტივი დავალებები ეძლეოდათ - სახლში შეშის შემოტანა ან წყლის მოტანა. ამისთვის პატარა კოკებიც ჰქონდათ.

საქართველოს ისტორია, ფაქტობრივად, არ არის შესწავლილი იმ კუთხით, თუ რა ადგილი ეკავა საზოგადოებაში ამა თუ იმ ასაკის ან სქესის ადამიანს, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება მაინც შეიძლება. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნათელა კაპანაძე აღწერს გარემოს, რომელშიც ადრე ბავშვი იზრდებოდა. როგორც წესი, ეს იყო მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც უფროსი და-ძმები უმცროსებს უვლიდნენ. ეცვათ ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმელი, ტყავის ქალამნები, ხანდახან ფეხშიშველებიც რჩებოდნენ.

„ოჯახს ხნით უფროსი მამაკაცი განაგებდა. ეს ყველგან ასე იყო, თუმცა მთა სიმკაცრით მაინც გამოირჩეოდა. მაგალითად, ხევსური მამაკაცი ჩვილ ბავშვს ხელს არც კი მოჰკიდებდა“.

უფროსუმცროსობის კულტი განსაკუთრებით ძლიერი იყო აფხაზეთში, თუმცა პატივისცემით ექცეოდნენ ბავშვსაც. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ლეილა ავიძბა ამბობს:

აფხაზეთში არის ასეთი წესი: ნებისმიერი ადამიანის ოთახში შემოსვლისას ყველა დგება ფეხზე - არა აქვს მნიშვნელობა, უფროსია ის თუ უმცროსი. ბებიაჩემი, ასაკოვანი ადამიანი, დგებოდა ფეხზე, როდესაც შემოდიოდა ბავშვიც კი“.

ნათელა კაპანაძის თქმით, უშვილობა ძველად დიდ უბედურებად მიიჩნეოდა. ამის გამო შეიძლება ცოლსაც გასცილებოდნენ, თუმცა უმეტესად მაინც ძმისშვილს იშვილებდნენ ხოლმე ან ვინმე უცხო ბავშვს. იყო შემთხვევებიც, განსაკუთრებით მთაში, როდესაც მამაკაცს მეორე ცოლიც მოჰყავდა და შემდეგ ორივე მეუღლე ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა. იმ შემთხვევაში, თუ ქალი დაქვრივდებოდა, მეორედ თითქმის არასდროს თხოვდებოდა და ბავშვებს ზრდიდა.

ბავშვებს კვებავდნენ დედის რძით, მოგვიანებით კი მარტივი საკვებით - მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ლობიოში ან ღვინოში ჩაფშვნილი მჭადით. იყენებდნენ ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილ შრატსაც - მასში სიმინდის ფქვილს გაურევდნენ და მოხარშავდნენ. იყო ხილი და ბოსტნეულიც.

ნათელა კაპანაძე
ნათელა კაპანაძე

ოჯახს, როგორც წესი, ერთ ოთახში ერთ გრძელ საწოლზე ეძინა. საწოლი ჩვილებისთვის, ანუ აკვანი, საქართველოში მონღოლების შემოსევის შემდეგ დამკვიდრდა. ნათელა კაპანაძე ამბობს, რომ იმ პერიოდში ხალხი მუდმივად თავდასხმის მოლოდინში იყო. საჭიროების შემთხვევაში აკვანს ცხენის უნაგირზე ამაგრებდნენ, რაც ბავშვის გადაყვანას აადვილებდა. აკვანი მოხერხებული იყო ქალისთვისაც, რომელიც ბევრს საქმიანობდა და არ ჰქონდა საშუალება მხოლოდ ბავშვისთვის ედევნებინა თვალყური.

მეაკვნის პროფესია საკმაოდ გავრცელებული იყო. აკვანი მსუბუქი ხისგან უნდა გამოთლილიყო. მას არასდროს აგდებდნენ. არსებობდა ბედნიერი აკვნის კულტიც. ვისაც ახალი აკვნის შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ისეთი ოჯახისგან თხოულობდა, ვისი ბავშვებიც ჯანმრთელები გაიზარდნენ.

ბავშვებს ჰქონდათ სათამაშოებიც, უმეტესად, თვითნაკეთი ან ახლობლების მიერ დამზადებული. საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი გულიკო კვანტიძე ამბობს, რომ სათამაშოები იყიდებოდა კიდეც. მაგალითად, თბილისში ბერიკაობის წინ საგანგებოდ ამზადებდნენ გასაყიდ სათამაშოებს, თუმცა ეს უფრო სათამაშო ხმლები, მშვილდები და სხვა საომარი იარაღი იყო, რადგან ბერიკაობის სცენა მტერთან შებმასა და ყეენის დამარცხებას გულისხმობს, რასაც საომარი აქსესუარებიც სჭირდებოდა. თოჯინებს ამზადებდნენ ნაჭრისგან, ცოცხისგან, სხვადასხვა მცენარისგანაც კი.

გულიკო კვანტიძე
გულიკო კვანტიძე

„რაც შეეხება ცხოველების გამოსახულებებს, ისინი ძირითადად თიხისგან არის გაკეთებული“, - ამბობს გულიკო კვანტიძე.

ბავშვი, სხვა ყველაფერთან ერთად, მუშახელიც იყო. ნათელა კაპანაძე ამბობს, რომ სულ თავიდან პატარები მუშაობას თამაშით სწავლობდნენ. დაახლოებით სამი წლიდან მათ მარტივი დავალებები ეძლეოდათ - სახლში შეშის შემოტანა ან წყლის მოტანა. ამისთვის პატარა კოკებიც ჰქონდათ. ჰქონდათ პატარა თოხებიც და როდესაც მშობლები მინდორში მიდიოდნენ, თან ბავშვებიც მიჰყავდათ, რომ მათაც რამე ეკეთებინათ. უფრო მოზრდილი ბავშვის საქმე უკვე საქონლის მწყემსვა იყო.

ნათელა კაპანაძის თქმით, ბავშვს ოჯახი სიყვარულით და ზრუნვით ეპყრობოდა. თუკი დასჯა უნდოდათ, გაუჯავრდებოდნენ, ძალადობა გაუმართლებელი იყო, თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეიძლება ასეთი რამ მაინც მომხდარიყო. მაგალითად, ცნობილია, რომ სასწავლებლებში ბავშვებს საკმაოდ მკაცრად სჯიდნენ, მათ შორის ჯოხითაც.

16 წლის ასაკში რომ ავიდა დავით აღმაშენებელი ტახტზე, ეს მაშინ სულაც არ იყო ბავშვობის ასაკი. იგივე 12 წლის იყო წმინდა ნინო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ და ის სხვა ქალს ჩააბარეს. 12 წლის ასაკში უკვე თხოვდებოდნენ...
მარინე ჩხარტიშვილი

საქართველოს ისტორიაში იყვნენ ბავშვი მეფეებიც და მეფეების თანამოსაყდრეებიც, თუმცა ბავშვობის ასაკი ამ შემთხვევაშიც პირობითია.

„16 წლის ასაკში რომ ავიდა დავით აღმაშენებელი ტახტზე, ეს მაშინ სულაც არ იყო ბავშვობის ასაკი. იგივე 12 წლის იყო წმინდა ნინო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ და ის სხვა ქალს ჩააბარეს. 12 წლის ასაკში უკვე თხოვდებოდნენ“, - ამბობს თსუ-ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი მარინე ჩხარტიშვილი.

მისი თქმით, ბავშვებთან დაკავშირებით ისტორიული კვლევები, ფაქტობრივად, არ არსებობს, მაგრამ ჰაგიოგრაფიული ძეგლებიდან მაინც შეიძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა, თუნდაც ნაწარმოებიდან „ცხრათა ძმათა კოლაელთა“. მასში მოთხრობილია ამბავი ცხრა ბავშვზე, რომლებიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. ისინი საკუთარმა მშობლებმა ჩაქოლეს.

„აქ საინტერესო ის არის, რომ ავტორი ამ ბავშვებს წარმოადგენს როგორც სრული გაგებისა და პასუხისმგებლობის მქონეთ. მეორე მაგალითი, რაც მახსენდება, ეს არის შუშანიკის მარტვილობა. მას შემდეგ, რაც ვარსქენმა მიიღო მაზდეანობა და შვილებიც თავის რწმენაზე მოაქცია, შუშანიკი ბავშვებს, ფაქტობრივად, უარყოფს. აქაც ჩანს, რომ მათი ასაკი არ გამოდგება იმის საფუძვლად, რომ მათ რწმენაში მერყეობა ეპატიოს“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG