Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი: ბეტონის კედლები ფანჯრების მიღმა


ბათუმი
ბათუმი

ბათუმში ბაგრატიონის #120 კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი აპროტეტსებს მათი სახლის წინ ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. მათ შორისაა ლელა კოტრიკაძე, რომელმაც ბინა ერთი წლის წინ შეიძინა, რამდენიმე თვეში კი მისი სახლის წინ, სამი მეტრის დაშორებით, მშენებარე კორპუსი გაჩნდა და ფანჯრებიდან ქალაქის ხედი ბეტონის კედელმა შეცვალა:

გადმოწერა

„სინათლე აღარ არის, მზე აღარ შემოდის, დაბნელდა სახლი. გარდა ამისა, მშენებარე სახლის ოთახში ვიყურები და ანალოგიურად იქედანაც მიყურებენ, რა თქმა უნდა. ეს არასასიამოვნო ფაქტია და დაუშვებელია. აუცილებლად ვაპირებ სასამართლოში სარჩელი შევიტანო. ჩემი აზრი არც ქალაქის მერიამ გაითვალისწინა და არც მშენებელმა კომპანიამ... სასამართლომ გადაწყვიტოს“.

ბათუმი
ბათუმი

მსგავსი პრობლემის წინაშე უკვე წლების განმავლობაში დგანან მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში, გორგასლის ქუჩის #136-ში, ცხოვრობენ. კორპუსი შვიდი წლის წინ აშენდა და ძველი, თორმეტსართულიანი სახლის მიმდებარედ კუთხე შექმნა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუჩამდე დარჩენილი ფართი თავდაპირველად სახლის ეზო იყო, თუმცა ერთ-ერთმა მენაშენემ მერიის ნებართვით ქუჩის პირას მრავალსართულიანი შენობა ააშენა და საცხოვრებელი სახლების ფანჯრების წინ ბეტონის კედლები აღმართა. კორპუსებს შორის ვიწრო ეზო დარჩა, სადაც მზის სხივი და განათება უკვე ძნელად აღწევს, ამიტომ აქ მცხოვრებნი დღისითაც კი ეზოსა და სახლებს ღამის ნათურებით ანათებენ. გორგასლის #136-ში მცხოვრები თამილა გოგუაძე იხსენებს, რომ მომიჯნავე კორპუსის მშენებლობის დაწყებისთანავე მის შესაჩერებლად ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართეს და ხელმოწერებიც კი შეაგროვეს, თუმცა უშედეგოდ:

მრავალსართულიანი სახლების უმრავლესობას თითქმის ყველას აქვს ეს პრობლემა ან შეიძლება მომავალში ყველა უბანში გაჩნდეს მსგავსი პრობლემა...
ნათია აფხაზავა

„ჩვენს გარდა სხვა კორპუსებსაც შეუქმნა პრობლემა. იქ, ლერმონტოვის ქუჩაზე, ყველა მხრიდან ფანჯრებთან კორპუსი აქვთ. უყურებ კორპუსს ყველა მხრიდან. სივრცე დაიკარგა, სინათლე ვეღარ აღწევს, სიბნელეა და მთელი დღე ნათურა უნდა გქონდეს ანთებული, რომ დაინახო სახლში რაიმე. ზაფხულში ძალიან ვგრძნობთ უჰაერობას. ტემპერატურის მხრივაც, სახლში მგონია, რომ სიცივეა და ქუჩაში გასულს გცხელა. ციხესავითაა... ფანჯრიდან ვიყურებით და მხოლოდ შუქს ვხედავთ“.

ბათუმში საცხოვრებელი სახლების ფანჯრებთან აღმართულ ბეტონის კედლებს განსაკუთრებით იმ უბნებში წააწყდებით, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. უძრავი ქონების შეძენის დროს მყიდველი იმასაც ითვალისწინებს, რამდენად შესაძლებელია სახლთან, სამიოდე მეტრის დაშორებით, ახალი კორპუსი აშენდეს:

„ყიდვის დროს შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია, არის თუ არა მიმდებარე ტერიტორიაზე სივრცე, სადაც შეიძლება მომავალში აშენდეს სახლი და დღის შუქის შესვლის პრობლემა შეიქმნას მრავალსართულიან კორპუსში. მრავალსართულიანი სახლების უმრავლესობას თითქმის ყველას აქვს ეს პრობლემა ან შეიძლება მომავალში ყველა უბანში გაჩნდეს მსგავსი პრობლემა“, - ამბობს ნათია აფხაზავა.

ბათუმი
ბათუმი

სამშენებლო ნებართვები ბათუმში კანონის სრული დაცვით გაიცემა, - აცხადებენ ქალაქის მერიაში. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით ხელმძღვანელობს - კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის ბრძანებულებით და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 59-ე დადგენილებით, რითაც განისაზღვრა საზოგადოებრივი სივრცისა და სამეზობლო საზღვრებთან შენობის განთავსების წესები, მათ შორის, შენობებს შორის დასაშვები მანძილებიც. მაგალითად, თუ სამეზობლო მიჯნის მხარეს ღიობი - ფანჯარა ან აივანი - გაიჭრება, მეზობელ კორპუსთან დასაშვები მინიმალური მანძილი სამი მეტრია. ღიობების გარეშე, ბეტონის კედლის შემთხვევაში კი, ამ დისტანციის შემცირება კიდევ უფრო შესაძლებელია და მენაშენეს შეუძლია მშენებლობა მომიჯნავე შენობის საზღვარზევე წამოიწყოს. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მეტრეველი ამბობს, რომ პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც 59-ე დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და მომიჯნავე კორპუსის მხარეს, მეზობლის თანხმობის შემთხვევაში, ღიობის გაჭრა დასაშვები შეიქნა:

„აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ატეხილი აჟიოტაჟიც და პრობლემა, რომელიც შეიქმნა, გამოწვეულია იმით, რომ ადრე, სავარაუდოდ, ნებართვა აქვს აღებული მშენებელს და მოწყობილი აქვს ღიობები სამეზობლო საზღვრის მხარეს, რაც ვერ დაიცავს მეზობლად არსებულ კორპუსს, რომ მას ჩამოეფარება და დააბნელებს. ეს დღეისათვის დასაშვებია... ყოველ შემთხვევაში,2017 წელს, სახანძრო უსაფრთხოების წესები როდესაც ძალაში შევიდა, იქ დამატებით დადგინდა სამეზობლო საზღვრები, მაგრამ ეს წელს შეიცვალა, ამიტომ მანამდე გაცემულ ნებართვებისას, ცალკეულ ადგილებში, შესაძლოა, პრობლემამ თავი იჩინოს“.

ბათუმი
ბათუმი

საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს უფლება იცხოვროს ჯანსაღ და უვნებელ გარემოში. საქართველოს კონსტიტუციის ამ ზოგად პრინციპს ხაზს უსვამს საიას ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი და ქალაქის ურბანულად სწორად განვითარებისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

„ვერ აღწევს მზის სხივები, არ არის განიავების სისტემა და ყველა ის აუცილებელი კომპონენტი, რაც ადამიანს სჭირდება. სამშენებლო რეგულაციები საქართველოში დღეს ძალიან ზოგადია. მშენებლობის პროცესი ეფუძნება ველურ საბაზრო პრინციპებს: ვისაც აქვს მეტი ფინანსური რესურსი, ის თავისუფალია მშენებლობის პროცესში. ათეული წლების შემდეგ ეს პრობლემა გახდება მასობრივი. ადგილობრივებისთვის ქალაქი იქნება კატასტროფულად დაბინძურებული, რაც გამოიწვევს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ჩვენ თუ არ გავაუმჯობესეთ და მოვაწესრიგეთ სამართლებრივი ბაზა, ყველასათვის თანაბარი და საერთო სამშენებლო წესი თუ არ იქნება შემოღებული, ეს პროცესი გაგრძელდება, რასაც დღეს ბათუმში ვხედავთ“.

ბათუმი
ბათუმი

ბათუმში დაუგეგმავ და ქაოტურად მიმდინარე მშენებლობებს არქიტექტორთა ნაწილი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ქალაქს დღემდე არ აქვს არც ურბანული განვითარებისა და არც განაშენიანების რეგულირების გეგმა. თუმცა არქიტექტორი გიორგი რამიშვილი მიიჩნევს, რომ თუ საზოგადოება არ შეთანხმდა, როგორ ქალაქში სურს ცხოვრება, შესაძლოა, ამ ორი დოკუმენტის მიღებითაც არაფერი შეიცვალოს.

„თუ საზოგადოება და მისი რჩეულები, - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ან მერია და საკრებულო, ამ შემთხვევაში, - როგორც საზოგადოების ნაწილი, თუ არ არის ჩამოყალიბებული, რა უნდა მას, და საზოგადოებაში არ არის შეთანხმება ძირითად მიდგომებზე მაინც, პრაქტიკულად გენერალური გეგმის მიღებაც აზრს კარგავს. ჩვენ ახლა ასეთ მდგომარეობაში ვართ. უკანასკნელი 30-40 წელია სამართლიანი განხილვა, რაიმე სახის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის განხილვა სინამდვილეში არ ყოფილა ჩვენთან. ძალიან განსხვავებული ინტერესებია ქალაქთან მიმართებაში და უნდა მოხდეს ამ ინტერესების შეჯერება, საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და უნდა თქვას, რა და როგორ წარმოუდგენია - უნდა ჩამოვყალიბდეთ ამაზე და ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. უნდა შედგეს სერიოზული კონსენსუსი“, - ამბობს გიორგი რამიშვილი, არქიტექტორი.

XS
SM
MD
LG