გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ქალაქის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ წარმომადგენლები უპირისპირდებიან ერთმანეთს. გორის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" ზურაბ ჯირკველიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის "ქართული პარტიიდან" კი კახაბერ ერგემლიძე იბრძვის.
რაც შეეხება თემის გამგებელს, აქ "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ონიაშვილია, "ქართული პარტიის" კანდიდატი კი - ბონდო ვათიაშვილი.
გორის საარჩევნო ოლქში 109 ათასი ამომრჩეველია. კანდიდატები საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულები არიან. მათ საკუთარი არჩევანი დილიდანვე გააკეთეს. „ქართული პარტიის“ კანდიდატი კახა ერგემლიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებს.
გამარჯვებაში დარწმუნებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილიც. მისი აზრით, ამომრჩეველთა აქტივობა ამას ადასტურებს.
პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა ოდნავ მაღალია. რაც შეეხება დარღვევებს, მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურული დარღვევები ფიქსირდება. საოლქო კომისიაში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ შეტანილი. საიას გარდა, გორში არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ და საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ აკვირდება. ამ ორგანიზაციამ დილიდან პროცედურული დარღვევები გამოავლინა, თუმცა კომისიებისთვის შესაბამისი მითითებების შემდეგ ხარვეზები გამოსწორდა. მაგალითად, 21-ე საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმის სპეციალური სიის გრაფაში ამომრჩეველთა რაოდენობა არ იყო აღნიშნული იმ მოტივით, რომ შეიძლება რაოდენობა გაზრდილიყო. ეს ხარვეზი ადგილზევე გამოსწორდა. „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელ ერნა პოღოსოვის განცხადებით, მათი ორგანიზაციის მიერ უბნებზე სამი საჩივარი დაიწერა.
გორის მე-10 საარჩევნო უბანში საარჩევნო პროცესი დილიდანვე მშვიდად მიმდინარეობს. კომისიის თავმჯდომარე ირმა პაპიძე აცხადებს, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით ამ უბანზე ამომრჩევლები უფრო აქტიურად მიდიან და საკუთარ ნებას აფიქსირებენ.
დავით ნასყიდაშვილმა არჩევანი გორის მე-10 საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება ხალხს არ უნდა დაშორდეს და მასთან მეტი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.
გორში საარჩევნო უბნები 8 საათისთვის დაიხურება. საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველი მონაცემები უკვე 11 საათიდან შევა, კვირა დილით კი ქალაქის მერისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ვინაობა უკვე ცნობილი იქნება.