Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კენწვლის” მეთოდი არასრულწლოვანთა დასასჯელად


8 აგვისტოს ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი არეულობის მიზეზი არასრულწლოვანთა წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო, აცხადებენ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები. ამის შესახებ მათ სექტემბრის ბოლოს თავად არასრულწლოვანი პატიმრებისგან შეიტყვეს. ცენტრის წარმომადგენლები მოითხოვენ გადაიხედოს ე.წ. ბუნტში მონაწილე არასრულწლოვნების საქმეები და სასწრაფოდ გაუმჯობესდეს პირობები მსჯავრდებული არასრულწლოვნებისა, რომლებიც ამჟამად სასჯელს სხვადასხვა დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იხდიან.

ციხეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებიდან რამდენიმე ხანში არასრულწლოვანი პატიმრები მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდნენ, - აცხადებენ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები. მათთვის ცნობილი გახდა, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ავჭალის არასრულწლოვანთა სპეციალურ #-11 დაწესებულებაში არასრულწლოვან პატიმრებს სისტემატურად აწამებდნენ, თუმცა, კიდევ უფრო მეტად დასჯის შიშით, ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ადვოკატებისა და ახლობლებისგან მალავდნენ.
ეს იყო ცემა ხელით, ფეხით, ხელკეტით. ლაპარაკობენ ე.წ. ”აკენწვლის” მეთოდზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხუთი ან ოთხი ადამიანი შუაში მოიქცევს მოზარდს ...
მაია ცირამუა

სწორედ ავჭალის დაწესებულებაში არსებული გაუსაძლისი პირობები გახდა 8 აგვისტოს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი არეულობის მიზეზი, ამბობს ფსიქოსოციალური ცენტრის წარმომადგენელი და ფსიქოლოგი მაია ცირამუა. შეგახსენებთ, რომ დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მაშინ 90 არასრულწლოვანი მსჯავრდებული რუსთავის მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე დაწესებულებებში გადაიყვანეს, 11 არასრულწლოვანი კი დღემდე გლდანის მერვე საპყრობილეში რჩება. მათგან 3-ს არეულობის ორგანიზება, რვას კი არეულობაში მონაწილეობა ედება ბრალად. სექტემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დაინიშნა, მაია ცირამუასა და მის კოლეგებს საშუალება მიეცათ არეულობაში მონაწილე მოზარდებს შეხვედროდნენ. სწორედ იქ მოისმინეს მათ არასრულწლოვანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ მძიმე ისტორიები:

”ისინი აღწერენ დასჯის ფორმებს. ეს იყო ცემა ხელით, ფეხით, ხელკეტით. ლაპარაკობენ ე.წ. ”აკენწვლის” მეთოდზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხუთი ან ოთხი ადამიანი შუაში მოიქცევს მოზარდს და აქეთ-იქით აბურთავებენ”.

მაია ცირამუასვე თქმით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, არასრულწლოვნების საჩივრებს და განცხადებებს მაშინდელი ხელმძღვანელები ბლოკავდნენ, მეტიც - ეს საჩივრები ხდებოდა მოზარდების ხელახალი და უმკაცრესი დასჯის საბაბი.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები
ავჭალის არასრულწლოვანთა მეთერთმეტე დაწესებულებაში არასრულწლოვნებს რომ არაადამიანურად ეპყრობოდნენ, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში 15 წლის მსჯავრდებულის ბებიაც ადასტურებს. მან აღნიშნულის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც საზოგადოებამ ციხეში წამების ამსახველი კადრები იხილა. როგორც ის გვეუბნება, მოზარდები შიშისგან გათავისუფლდნენ და იმის თქმა გაბედეს, რასაც აქამდე ვერ ბედავდნენ:

”საღამოს შვიდ საათზე შეყრიდნენ ბავშვებს საკნებში. იქ არც კონდიციონერი იყო, არც არანაირი გამაგრილებელი საშუალება. რამდენიმე ბავშვმა ფული შეაგროვა და ვენტილატორი იყიდა, მაგრამ 45 გრადუსიან სიცხეს რა ვენტილატორი გააგრილებდა. შორტის ჩაცმის უფლებას არ აძლევდნენ ბავშვებს, მთელი ზაფხული შარვლებში დაჰყავდათ. სცემდნენ თურმე სასტიკად, იმ ვენტილატორის ჯოხებით სცემდნენ, რაც ბავშვებმა იყიდეს. გამოჰყავდათ ხუთ-ხუთი ბავშვი, ატიტვლებდნენ და ფილტვებში და სათესლე ჯირკვლებში ურტყამდნენ”...

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი მოითხოვს ავჭალის სპეციალურ დაწესებულებაში 2012 წლის 8 აგვისტოს მომხდარი არეულობის ხელახალ და ობიექტურ გამოძიებას. აქვე გეტყვით, რომ არეულობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი 9 ნოემბერს არის ჩანიშნული. ცენტრის მოთხოვნებს შორისაა ე.წ. ”ბუნტის” ორგანიზატორებს მოეხსნათ წაყენებული ბრალდებები, რადგან, როგორც ცენტრის წარომადგენლები მიუთითებენ, ”ბუნტის” ორგანიზატორობის ბრალდებით სამართალში ხელახლა მიცემული თერთმეტივე არასრულწლოვანი მოქმედებდა გარდაუვალი თავდაცვის ფარგლებში, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ სხვა საშუალება თავიანთი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ხმა მიეწვდინათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე არ აღდგენილა არეულობის დროს დაზიანებული ავჭალის მეთერთმეტე დაწესებულება, რის გამოც არასრულწლოვანი პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ლელა ცისკარიშვილი, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ამ მოთხოვნებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს მიმართავს:
ავჭალის დაწესებულებაში იყო თანამშრომელთა მხრიდან მსჯავრდებულებისადმი არასწორი მიდგომა. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ის ადამიანები, რომელთა ქმედებამაც ამბოხი გამოიწვია, კანონის წინაშე პასუხს აგებენ ...
სოზარ სუბარი

”ახლა მოზარდები იმყოფებიან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების ე.წ. სადისციპლინო ნაწილში. ეს არის მიწური, ქვედა სართული. მათ არ აქვთ გასეირნების უფლება, რადგან იქ ზრდასრული პატიმრებიც არიან და არ შეიძლება მათთან შერევა. რა თქმა უნდა, არ აქვთ განათლების ხელმისაწვდომობა, არ აქვთ საშუალება, რომ ნახონ ფსიქოლოგი და ა.შ.”

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური ცენტრის წარმომადგენლები ასევე მოითხოვენ არასრულწლოვანთა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული ავჭალისა და გლდანის დაწესებულებების თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები დროულად გადავიდნენ ავჭალის სპეციალურ დაწესებულებაში, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი სოზარ სუბარი. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გადაიხედოს ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებული პატიმრების საქმეებიც.

”გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავჭალის დაწესებულებაში იყო თანამშრომელთა მხრიდან მსჯავრდებულებისადმი არასწორი მიდგომა. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ის ადამიანები, რომელთა ქმედებამაც ამბოხი გამოიწვია, კანონის წინაშე პასუხს აგებენ. რაც შეეხება დაწესებულებას, როგორც ექსპერტები მეუბნებიან, მის სრულ რეაბილიტაციას კიდევ სამი თვე დასჭირდება და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს საკითხი დავაჩქარო, რადგან ის ადგილი, სადაც ბავშვები იმყოფებიან, სრულიად მიუღებელია”, - აცხადებს სოზარ სუბარი.
XS
SM
MD
LG