Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციული რეფორმები და საერთაშორისო შეფასება


„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ“ საქართველოს შესახებ მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნა, რომ 2010-2013 წლების განმავლობაში ქვეყანამ კორუფციის შემცირების საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მთავრობამ განაგრძო ანტიკორუფციული რეფორმების კურსი, თუმცა, პროგრესის მიუხედავად, იყო ხარვეზებიც, მათ შორის, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით.

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ შეფასებების თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატება განვლილი 10 წლის განმავლობაში თვალსაჩინოა, თუმცა პროგრესის შესანარჩუნებლად საჭიროა სახელმწიფო სამოქალაქო სერვისების გაუმჯობესება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ქვეყნის ანტიკორუფციული პოტენციალის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სამოქალაქო სერვისების რეფორმა იმგვარად განახორციელოს, რომ გაიზარდოს სახელმწიფო მოხელეთა პროფესიონალიზმი და ისინი პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდნენ. რეკომენდაციათა შორისაა ასევე ანტიკორუფციული საბჭოს ეფექტიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო სექტორთან დიალოგის გზით, კანონმდებლობის დახვეწა ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და სხვ.

როგორც „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის ხელმძღვანელმა ერეკლე ურუშაძემ გვითხრა, ზემოხსენებული კვლევა საქართველოს, ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რეგიონში კვლავაც ლიდერად წარმოაჩენს:

„რა თქმა უნდა, ბევრ სფეროს მოიცავს და სხვადასხვა შეფასება მიიღო საქართველომ სხვადასხვა საკითხში სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მაგრამ, მთლიანობაში, ანგარიშის დასკვნები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ პოზიტიურია, ანუ ჩაითვალა, რომ საქართველომ წინა, 2010 წელს მიცემული რეკომენდაციებიდან საკმაოდ ბევრი მთლიანად შეასრულა ან ნაწილობრივ შეასრულა. თუმცა რჩება პრობლემებიც- კერძოდ, შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა კვლავაც დაუსრულებელია, ჯერაც სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი საჯარო მოხელეების დამოუკიდებლობა, მათი დაცულობა, ვთქვათ, თვითნებურად სამსახურიდან დათხოვნისგან, მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი. პრობლემად რჩება პრემიების საკითხი საჯარო სამსახურში“.

ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ თანახმად ანგარიშისა, რომელიც, მთლიანობაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებებსაც ემთხვევა, ასევე სუსტია აუდიტის სახელმწიფო სამსახური და აუდიტის მექანიზმები, სუსტია ანტიკორუფციული საბჭო, რის გამოც პრაქტიკაში სათანადოდ ვერ ხდება ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და სხვ.

სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების მოსაზრება მთლიანად დაემთხვა ერთმანეთს. აქ არის საუბარი, მაგალითად, ცალკე კანონმდებლობის შექმნაზე, საზედამხედველო ორგანოს შექმნაზე, რომელიც კონტროლს გაუწევს სამთავრობო უწყებებს, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, რომელიც უკვე აისახა ჩვენს კანონმდებლობაში...
ლევან ავალიშვილი
ანტიკორუფციული რეფორმების შეფასების პროცესში აქტიურადაა ჩართული ასევე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, რომლის გამგეობის თავმჯდომარე, პროექტების დირექტორი ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ ანტიკორუფციული დონის შეფასების ფუნდამენტი სწორედ ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობაა. ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, საქართველოს დელეგაციის წევრებმაც ისაუბრეს. საჯარო ინფორმაციის ერთიანი ბაზა, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, იუსტიციის სახლი, როგორც კორუფციისა და ბიუროკრატიისგან თავისუფალი სახელმწიფო სერვისების მიწოდების უნიკალური მოდელი - ეს ის თემებია, რომლებზეც 1 ნოემბერს ისაუბრეს ლონდონში საქართველოს წარმომადგენლებმა. საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონულად გამოთხოვის კუთხით განხორციელებული რეფორმა კი, როგორც არასამთავრობო სექტორის მთავრობასთან თანამშრომლობის წარმატებული პროექტი, სამიტზე კონკურსის ფარგლებში წარდგენილ 7 წარმატებულ პროექტს შორის მოხვდა. რაც შეეხება ანტიკორუფციული რეფორმების გაგრძელებას, ზოგადად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი ამბობს:

“სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების მოსაზრება მთლიანად დაემთხვა ერთმანეთს. აქ არის საუბარი, მაგალითად, ცალკე კანონმდებლობის შექმნაზე, საზედამხედველო ორგანოს შექმნაზე, რომელიც კონტროლს გაუწევს სამთავრობო უწყებებს, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, რომელიც უკვე აისახა ჩვენს კანონმდებლობაში. ამიტომ ამ კუთხით, მე მგონი, საკმაოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია დადებული“.

საქართველოს არსებული ანტიკორუფციული სტრატეგიის ხარვეზებზე, რომლებიც „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების“ შეფასების დოკუმენტშიც აისახა, და სამომავლო რეკომენდაციებზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძეც. იგი ამბობს, რომ სტრატეგია რეალურ გამოწვევებზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მექანიკურად მიბმული რეფორმებზე. საჭიროა ანტიკორუფციული უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება და ქმედობაუნარიანობის გაზრდა და სხვ. იუსტიციის სამინისტროს საია რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ, 2014 წლის სტრატეგიიდან გამომდინარე, კარგი იქნება ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, თუ ამას დაამტკიცებს პარლამენტი და ეს უკვე ნიშნავს, რომ განხილვისა და დისკუსიის საგანია ამ შემთხვევაში სტრატეგია და უფრო ფართო საზოგადოება იქნება ჩართული ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ სათანადოდ აისახოს ახალ სტრატეგიაში ელიტური კორუფციის კომპონენტები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების დონეზეც. აუცილებელია ასევე, ჩვენი მოსაზრებით, საჯარო სამსახურის რეფორმა, მათ შორის, როგორც საჯარო სამსახურში დანიშვნის, ასევე ანაზღაურების ნაწილში და ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმავე პრემიასთან მიმართებაში“.

სულხან სალაძე აღნიშნავს ასევე, რომ აუცილებელია მოწესრიგდეს სარეზერვო ფონდებისა და შესყიდვების კანონმდებლობა. ეს რეკომენდაციები, თავის მხრივ, მოხვდა „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ანგარიშშიც, რომლის პრეზენტაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, შესაძლოა, უახლოეს მომავალში საქართველოში გაიმართოს.
XS
SM
MD
LG