Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

შეჩერებული მშენებლობები და ახალი პროექტები ანაკლიაში


ანაკლია
ანაკლია
„ხუთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უკვე იქნება ანაკლიაში 2012 წლის ბოლოს. რა კარიბები, რა მექსიკა და რა ეგვიპტე...“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს, ანაკლიაში რიგით მესამე სასტუმროს გახსნისას გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის დაპირება, რომ ანაკლიაში 2012 წლის ბოლოს ხუთი სასტუმრო იქნებოდა, არ გამართლდა.

ამ დროისთვის ანაკლიაში მშენებლობების ნაწილი გაურკვეველი დროით შეჩერებულია. სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის შემდეგ არ გაგრძელებულა უკვე მოქმედი სასტუმრო „ოქროს საწმისის“ გვერდით მშენებარე ახალ კომპლექსში. 11 სართულიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ახლა აქ მის ნაცვლად ოთხსართულიანი კარკასი დგას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ანა წითლიძე, რომელიც, იმავდროულად, ორგანიზაცია „სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის“ ხელმძღვანელია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ორი სასტუმროსა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის შეჩერება ახალი საკურორტო ზონის განვითარებას ხელს უშლის. მისი თქმით, ანაკლიაში დაწყებულ მშენებლობებს პირველივე დღიდან ადევნებდა თვალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი მთლიანად რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„სამეგრელოს ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა“, ანაკლიაში მშენებლობების გაგრძელების მოთხოვნით, მოაწყო აქცია „არ გააჩეროთ ანაკლია“ და არაერთხელ მიმართა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კითხვით, რა გეგმები აქვს მას საკურორტო ზონასთან მიმართებაში. მიუხედავად ამ მცდელობებისა, წითლიძე აცხადებს, რომ მისთვის დღემდე გაურკვეველია სამინისტროს პოზიცია:

შარშან ანაკლიაში მოსახლეობას ჰქონდა ყველაფერი. მე მშენებლობაზე ვმუშაობდი შარშან, ხუთსართულიანის მშენებლობაზე. ახლა არ არის და რა ვქნა...
ალიოშა ესართია
„ბატონ დავით ნარმანიასგან მივიღეთ პასუხი, რომ ანაკლიაში 2013 წელს არის ორი პრიორიტეტი - საქონლის გადასარეკი ხიდი და გზების რეაბილიტაცია. ეს საქონლის გადასარეკი ხიდი რომელია, ამას თავად ანაკლიელები ვერ ხვდებიან, გზების რეაბილიტაცია კი არ არის ახალი პროექტი, ის 2012 წლის დასაწყისში დაწყებული პროექტია, რომელიც 2013 წელს უნდა დასრულებულიყო“.

ანაკლიაში მშენებლობების გაგრძელებას ითხოვენ საკურორტო ზონაში მცხოვრები მოქალაქეებიც. ისინი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებენ, რომ შარშან მშენებლობებზე იყვნენ დასაქმებული, წელს კი ამის შესაძლებლობა არა აქვთ:

„შარშან ანაკლიაში მოსახლეობას ჰქონდა ყველაფერი. მე მშენებლობაზე ვმუშაობდი შარშან, ხუთსართულიანის მშენებლობაზე. ახლა არ არის და რა ვქნა“, - გვითხრა, ალიოშა ესართიამ.

ანაკლიაში მცხოვრები ემზარ გოგოხიას თქმით კი, „მშენებლობები უნდა გაგრძელდეს და ხალხი ისევ უნდა დასაქმდეს“. ამასვე ფიქრობს მისი მეზობელი ნარგიზა კვარაცხელია. „ხალხი დასაქმებული იყო. ყველასთვის უკეთესი იყო, უმრავლესობა მუშაობდა და იმიტომ...“, - ამბობს ის.

„ანაკლიაში შეჩერებული სამუშაოებიც გაგრძელდება და ბევრი ახალი პროექტიც განხორციელდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ. მისი თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ინვესტორებს სხვადასხვა მეთოდებით აიძულებდა ობიექტების მშენებლობას, ახლა მთავრობა ბიზნესმენებთან მოლაპარაკებებს რეალურად აწარმოებს:

„ინდოელები აშენებდნენ ანაკლიის სტადიონის გვერდით კოტეჯური ტიპის სასტუმროებს. ეს იყო მაშინ და ახლაც გრძელდება. რაც შეეხება სასტუმროს, რომელზეც სულ საუბრობენ, ამას ახორციელებდა ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სახელმწიფო წილით არ შეუძლია სახელმწიფოს, რომ სასტუმრო ააშენოს. ჩვენ გვქვს მოლაპარაკება. ჩვენ წინასწარ, სანამ ინვესტორთან მოლაპარაკება არ დასრულდება, არ ვაპირებთ ბანერი გამოვფინოთ და ვთქვათ, აქ ამას ვაშენებთ... წინასწარ ზღაპრების მოყოლას არ ვაპირებთ“.

ედიშერ თოლორაიას განმარტებით, ანაკლიის სანაპიროზე ზღვის დონე თანდათანობით მატულობს, რაც მოსახლეობას და დაგეგმილ მშენებლობებს საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტის, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იგეგმება.
XS
SM
MD
LG