Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიში - მწვავე აქცენტებით საქართველოზე


დაუსჯელობა, ანგარიშვალდებულების არარსებობა, გადაადგილების თავისუფლება, სასამართლო სისტემა, ლგბტ ადამიანების უფლებები, შრომითი უფლებები, ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები - ეს ის საკითხებია, რომლებიც მოხვდა უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ წლიურ ანგარიშში, საქართველოს შესახებ ქვეთავში. ანგარიშის პრეზენტაცია 22 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, გაიმართა.

ჩაბუქისა და მუხთარლის საქმეები, „ბირჟა მაფიას“ საქმე, ბათუმში დაკავებული ლგბტ აქტივისტების ამბავი, „რუსთავი 2“-ის საქმე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო, სამუშაო ადგილებზე ათობით დაღუპული ადამიანი - „ამნესტი ინტერნეშნალმა“ თავის წლიურ ანგარიშში ყველა ეს ფაქტი დააფიქსირა.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის, დენის კრივოშეევის, განცხადებით, საქართველოში რჩება არაერთი გამოწვევა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით:

„ჩვენ ვამაყობთ, რომ წარმოვადგენთ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 159 ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ეს ძალიან სევდიანი ადამიანური ამბების კატალოგია. საქართველოს შემთხვევაში ისევ პრობლემად რჩება ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რის გარეშეც ძნელია გამოავლინო სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები. ამის გარეშე მუდამ იარსებებს საფრთხე, რომ ადამიანის უფლებები ისევ დაირღვევა. ჩვენ ასევე შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გამო. ასევე თვალს ვადევნებთ სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს, ბორდერიზაციის პრობლემას, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო და მოსწყვიტა ისინი კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო მიწებს“.

საქართველოს შემთხვევაში ისევ პრობლემად რჩება ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რის გარეშეც ძნელია გამოავლინო სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები. ამის გარეშე მუდამ იარსებებს საფრთხე, რომ ადამიანის უფლებები ისევ დაირღვევა...
დენის კრივოშეევი

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა და აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გააგრძელეს. „საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით, ათეულობით ადამიანის დროებით დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა. ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა განაგრძო: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა“.

22 თებერვალს დენის კრივოშეევი მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველომ არ უნდა გადასცეს ის თურქეთს, სადაც მას წამება ემუქრება. აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე კი აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი სწორედ იმ ქვეყანაში მოხდა, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ - საქართველოში. მან განაცხადა ასევე, საკმარისზე მეტი დრო გავიდა, გამოძიება კი არ დასრულებულა და პასუხებიც არ ჩანსო.

როგორც „ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანმა, გვითხრა, დღეს რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება გავლენას საქართველოზეც ახდენს.

ანგარიშში შესული პრობლემები სრულად არის ასახული საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე გია ბურჯანაძემ გვითხრა, ერთობლივად პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი მეტ შანსს აჩენს მათ მოსაგვარებლად.

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“, ანგარიშის სწორედ იმ ნაწილს გამოყოფს, რომელშიც შრომითი უფლებების დარღვევებზეა საუბარი. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის განსაკუთრებით დიდი ნაწილი მაღაროებსა და მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებზე მოდიოდა.

„წესების გამკაცრებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მათი ეფექტური მონიტორინგის საჭიროება კვლავინდებურად დგას“, - ნათქვამია ანგარიშში.

„ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ გაღარიბებული საქართველო, არამედ ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას“ - ასე შეაფასა ანგარიში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ და ანგარიშის მწვავე საკითხებიდან „რუსთავი 2“-ის ამბავი გამოყო.

საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით, ათეულობით ადამიანის დროებით დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა...
„ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიში

მისმა კოლეგამ კი „ევროპული საქართველოდან“, გიორგი ტუღუშმა, ანგარიშიდან გამოყო ისეთი საკითხები, როგორიც არის საკონსტიტუციო რეფორმა და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები.

საქართველოს ხელისუფლებაში კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და მაგალითად მოჰყავთ შსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შექმნა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კი, ეკა ბესელიას, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ამ ანგარიშში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა მიაჩნია, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„ამნესტი ინტერნეშნლის“ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოში წელს პირველად გაიმართა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG