Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ამერიკის ელჩი საოკუპაციო ბანერთან


საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ალტერნატიული ბანერი აღმართეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ალტერნატიული ბანერი აღმართეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სოფელ ყარაფილას სიახლოვეს ჩავიდა. მან საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული ბანერი მოინახულა. ეს ბანერი 400-იოდე მეტრითაა დაშორებული საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალიდან და პრაქტიკულად ოკუპაციის ზოლში აქცევს სტრატეგიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენს. ეს ნავთობსადენი სოფელ ორჭოსანთან უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ამერიკის ელჩმა სწორედ აქედან დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ მცოცავი ოკუპაციის ახალი გამოვლინებები:

„ამ ადგილს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან ის ძალიან ახლოს არის ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენთან და როდესაც 21-ე საუკუნეში მეზობელი ასე უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს ამის წინააღმდეგ. მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივი შეცვლა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახებზე, ხალხზე, მათ თავისუფალ გადაადგილებაზე“.

იან კელი საოკუპაციო ხაზთან
იან კელი საოკუპაციო ხაზთან

ამერიკის ელჩი ყარაფილასთან მას შემდეგ ჩავიდა, რაც ბერშუეთში საპროტესტო აქცია დასრულდა. დღეს დილიდანვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ჩავიდნენ. მათ სოფელ სობისიდან ახლად დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერისკენ მსვლელობა მოაწყვეს და ოკუპაციის პროცესი გააპროტესტეს. მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის ორგანიზატორებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად პოლიციის მითითებებს დაემორჩილებოდნენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ბერულავამ, მეგობრებთან ერთად საოკუპაციო ბანერიდან რამდენიმე მეტრში ალტერნატიული ბანერი აღმართა. ამ ბანერს ეწერა: საქართველოს სახელმწიფო საზღვარი როკის გვირაბთან -101 კილომეტრი.

აქციის ორგანიზატორ ელისო კილაძის აზრით, ქართველთა მარში დღეს საოკუპაციო ხაზთან უნდა იმართებოდეს და არა აღმაშენებლის გამზირზე.

საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან
საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან

ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და მხნეობა უსურვა.

პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გარდა, აქციაზე მესამე სექტორის წარმომადგენლები და მოქალქეები იმყოფებოდნენ. მაია ხარაძე და თამარ სამხარაძე თბილისიდან ავტობუსს გამოჰყვნენ და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. მათი აზრით, საოკუპაციო ხაზთან უფრო მეტი ქართველი უნდა ჩასულიყო.

საოკუპაციო ხაზთან აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა, თუმცა სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები აპირებენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან საპროტესტო აქციები პერმანენტულად გამართონ.

XS
SM
MD
LG