Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელებს არ სურთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გათვლილი დოკუმენტის მიღება


საოკუპაციო ხაზი
საოკუპაციო ხაზი

ოკუპირებული ქალაქ გალის მილიციაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ბინადრობის მოწმობების მისაღებად საბუთების ჩაბარება. აფხაზეთში - მეტწილად კი გალის რაიონში - მცხოვრები ქართველების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ დე ფაქტო მთავრობამ მათ მოთხოვნას კვლავ დაეშვათ პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი, ფორმა ნომერი ცხრა, უარით უპასუხა. სწორედ ამ დოკუმენტით სარგებლობდნენ ე.წ. აფხაზური და რუსული პასპორტების არმქონენი წლების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გადასაკვეთად.

გალის ადმინისტრაციაში მოსახლეობას განუმარტეს, რომ აღნიშნულდოკუმენტზე ვადა ორი თვით გაუხანგრძლივდებათ მხოლოდ იმ პირებს, ვინც ბინადრობის მოწმობის მისაღებად საბუთებს ჩააბარებს. ორი თვის შემდეგ კი, თუ დააკმაყოფილეს დაწესებული კრიტერიუმი ჩაბარებული საბუთების გადამოწმებისას, მოქალაქე მიიღებს ბინადრობის მოწმობას, რომლის მოქმედების ვადა 5 წელია.

„77 წლის ქალი ვარ. ჩემი ბაბუიდან, პაპიდან ყველა ადგილობრივია, აფხაზეთიდან არის. როგორ მაძლევ შენ „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“, რის საფუძველზე? საიდან მოვედით, რომელი ემიგრანტი ჩვენ ვართ. იცით, რა თქვეს რუსებმა? შეგვიძლია ერთი-ორჯერ გაგიშვათ, მაგრამ შეგვიძლია უკან სულ არ შემოგიშვათო. ჭიანჭველას უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე აქ ქართველებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ ნაბაკევში მცხოვრებმა ქალმა, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს.

დაზუსტებით არც რადიო თავისუფლების მიერ ენგურის ხიდზე გამოკითხულმა რესპონდენტებმა იციან, თუ რა უფლებებით ისარგებლებს ბინადრობის მოწმობის მფლობელი. მგზავრების თქმით, ამ ეტაპზე ენგურის ხიდზე გადაადგილდებიან რუსული და ე.წ. აფხაზური პასპორტის მფლობელები. ისინი, ვის ფორმა ნომერ ცხრასაც ვადა ამოეწურა, ზუგდიდში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ:

„მე პასპორტი მაქვს და მაგით გადმოვედი“;

„ახლა რომ იძლევიან აფხაზები, ის პასპორტი არ ვარგა, მაგით ვერ გადახვალ, რუსები არ გაგიშვებენ“;

„საბუთები უნდა ჩავაბაროთ და ორ თვეში გვეტყვიან პასუხს, მივიღებთ თუ არა ბინადრობის მოწმობას“;

„სხვა ქვეყნიდან რომ ვიყოთ, ისეთ რაღაცებს ამბობენ. ეს მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ ვის ეტყვი, ვინ გამოგართმევს მაგას. გული სკდება. გიჟი რომ იყო, უკეთესია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას მგზავრებმა ენგურის ხიდზე.

ბინადრობის მოწმობების გაცემისა და საბუთების მიღების პროცესი აფხაზურმა ტელევიზიებმა გააშუქეს. „გალ ტევე“ და „აფსუა“ იუწყებიან, რომ გალის მილიციის შენობაში, სადაც დოკუმენტები ბარდება, მოქალაქეთა დიდი რიგებია და იგრძნობა დაძაბულობა. ჟურნალისტებთან საუბარში გალის დე ფაქტო საპასპორტო-სავიზო განყოფილების უფროსი ედუარდ მანარგია ირწმუნება, რომ მოქალაქეების შიში უსაფუძვლოა:

„ბინადრობის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. ის იძლევა აფხაზეთში გადაადგილების და მის საზღვრებს გარეთ - საქართველოს რესპუბლიკაში - გადაადგილების საშუალებას, რაც მათ (გალელებს) ძალიან აწუხებთ. ბინადრობის მოწმობის ნიმუშები უკვე გადაეცათ მესაზღვრეებს და ის ჭორები, რომ თითქოს ამით არ შეიძლება გადასვლა, უბრალოდ, მოგონილია“.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საპასპორტო-სავიზო განყოფილებაში განმარტავენ, იმისთვის, რომ მოქალაქემ მიიღოს ბინადრობის მოწმობა, უნდა ფიქსირდებოდეს აფხაზეთში მცხოვრებად 1995 წლიდან, გალის მილიციაში უნდა დატოვოს თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და საცხოვრებლის შესახებ ცნობა. ქართულ ენაზე გაწერილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი რუსულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. საბუთებს თან უნდა ერთვოდეს ორი ფოტოსურათი და 940 რუბლის (37 ლარის) გადახდის ქვითარი.

XS
SM
MD
LG