Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სადაზვერვო სამსახურები: „ქართული ოცნება“ შეეცდება დაბლოკოს ოპოზიცია და შეინარჩუნოს ძალაუფლება


რუსეთი საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ არის დასახელებული აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ანგარიშში („გლობალური საფრთხის შეფასება“), რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით არის შემუშავებული და 13 თებერვალს აშშ-ის კონგრესის დაზვერვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტში ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენიელ კოუტსმა წარადგინა. ხაზგასმით აღინიშნება, რომ რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, მათ შორის - კიბერშეტევასა და პროპაგანდას, რათა ზეგავლენა მოახდინოს აშშ-ის კონგრესის ნოემბრის არჩევნების შედეგებზე. იგივე საფრთხე ემუქრებათ ამერიკის ევროპელ მოკავშირეებსაც. ანგარიშში ლაპარაკია რუსეთის აქტიურ მცდელობაზე ზეგავლენა შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორის - საქართველოზე და არ დაუშვას ამ ქვეყნების დასავლური ინტეგრაცია. საქართველოსთან მიმართებით, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გარდა, ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არადემოკრატიული მიდგომები.

ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები რუსეთის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მედიისა და ინკოგნიტო ონლაინ პირების საშუალებით გააგრძელებენ ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ანტიამერიკული პოლიტიკური ხედვების სტიმულირებისთვის.

„აშშ-ისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ კვლავაც გაგრძელდება მუდმივი და დესტრუქციული კიბერშეტევები და არჩევნები გამოყენებული იქნება, როგორც შესაძლებლობა, დემოკრატიის განადგურების მიზნით“ - ამ შინაარსის განცხადებები აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა 13 თებერვალს კონგრესის კომიტეტში გამართულ სხდომაზე გააკეთა და იქვე დააზუსტა, რომ რუსეთი თავისი ზეგავლენის გასაფართოებლად უდავოდ გამოიყენებს 2018 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ კონგრესის არჩევნებსაც. 13 თებერვალს კონგრესის კომიტეტში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ასევე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA), ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა (FBI) და სხვა სააგენტოების ხელმძღვანელი პირები. ისინი ყველანი თანხმდებიან, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვი კვლავაც განაგრძობს აშშ-ის პოლიტიკაზე ზეგავლენის გაფართოების მცდელობას.

აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ანგარიშში („გლობალური საფრთხის შეფასება“), რომლის გარკვეული ნაწილი 13 თებერვალს გამოქვეყნდა, ნათქვამია:

„ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები რუსეთის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მედიისა და ინკოგნიტო ონლაინ პირების საშუალებით გააგრძელებენ ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ანტიამერიკული პოლიტიკური ხედვების სტიმულირებისთვის. მოსკოვი ცდილობს შექმნას ხელის შემშლელი მექანიზმი, რომელიც შეამცირებს ნდობასა და რწმენას დემოკრატიული პროცესების მიმართ, გააუარესებს დემოკრატიზაციის ძალისხმევას, დაასუსტებს აშშ-ის პარტნიორობას ევროპელ მოკავშირეებთან, ძირს გამოუთხრის დასავლეთის სანქციებს, წაახალისებს ანტიამერიკულ პოლიტიკურ ხედვებს და დაუპირისპირდება იმის მცდელობებს, რომ უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები გაწევრიანდნენ ევროპულ ინსტიტუციებში“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები გარდამტეხი პერიოდია რუსეთის ზრახვების სისრულეში მოსაყვანად და მათ შორის - ამერიკის შემთხვევაშიც. „ჩვენ მოველით, რომ რუსეთი კვლავაც შეეცდება, სულ მცირე, გამოიყენოს პროპაგანდა, სოციალური მედია, გამოგონილი პერსონები, რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი სპიკერები და ზეგავლენის სხვა საშუალებები, რათა გააღრმაოს სოციალური და პოლიტიკური უთანხმოება შეერთებულ შტატებში“.

ანგარიშში, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით არის შემუშავებული, ლაპარაკია რუსეთის აგრესიულ, საოკუპაციო პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებით და ასევე პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება:

მართალია, საქართველოს აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს პრეტენზია და მისი პროგრესი აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, სხვადასხვა ფორმატში გამართული დისკუსიების ფარგლებში მსმენია, რომ საქართველოში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები მთელი ძალაუფლების საკუთარ თავზე მორგებას იწყებენ და ყალიბდება ერთპარტიული მმართველობა...
შორენა ლორთქიფანიძე

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის განგრძობადი ოკუპაცია და რუსეთის მცდელობები ძირი გამოუთხაროს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას კვლავაც დარჩება თბილისის არაუსაფრთხო მდგომარეობის მთავარ წყაროდ. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, შეეცდება დაბლოკოს ოპოზიცია და შეამციროს თავისი ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვები“.

რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ანგარიშში ასახული აქცენტებისადმი და შეკითხვებით მიმართა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

"თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი, პოლიტოლოგი შორენა ლორთქიფანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სრულიად ადეკვატურად მიიჩნევს საქართველოს ოკუპაციის პრობლემის ხსენებას აშშ-ის ევროვნული უსაფრთხოების ინტერესების ამსახველ დოკუმენტში. პოლიტოლოგს არც ის აკვირვებს, რომ ტექსტში რუსეთი საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ არის მოხსენიებული, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთისა და ირანის მხარდამხარ. ხოლო რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიდგომებსა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შორენა ლორთქიფანიძის თქმით, ეს ამ ანგარიშში გამოკვეთილი ძალიან საყურადღებო აქცენტია:

„მართალია, საქართველოს აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს პრეტენზია და მისი პროგრესი აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, სხვადასხვა ფორმატში გამართული დისკუსიების ფარგლებში მსმენია, რომ საქართველოში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები მთელი ძალაუფლების საკუთარ თავზე მორგებას იწყებენ და ყალიბდება ერთპარტიული მმართველობა. ამ ანგარიშში დასმული აქცენტით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ეს პრობლემა დაგვანახვოს და გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების შესანარჩუნებლად, განსხვავებული აზრის, ოპოზიციის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა ყოველმხრივ ეხმარება საქართველოს, მათ შორის - თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა თუ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით“.

ერთადერთი, რითაც შეგვიძლია დავუპირისპირდეთ რუსეთის ე.წ. ფეიკ ნიუსებსა და მოსკოვის ტროლების ფაბრიკას, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ეს არის ხარისხიანი მედია და მისი სწორი კონტენტი...
კონსტანტინ სტალინსკი

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების კონტექსტში ექსპერტები არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საფრთხეს, რომელიც რუსეთის პროპაგანდასა და დეზინფორმაციას მოაქვს. აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ გამოყენებული ეს ხერხები საფრთხეს უქმნის პოსტსაბჭოთა ქვეყნების სწრაფვას გაწევრიანდნენ დასავლურ სტრუქტურებში.

როგორც ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტმა კონსტანტინ სტალინსკიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების კარგად აპრობირებული ხერხები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მასთან გამკლავების ერთადერთი გზა ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებაა:

„ერთადერთი, რითაც შეგვიძლია დავუპირისპირდეთ რუსეთის ე.წ. ფეიკ ნიუსებსა და მოსკოვის ტროლების ფაბრიკას, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ეს არის ხარისხიანი მედია და მისი სწორი კონტენტი, მათ შორის - ინგლისურ ენაზე. უნდა ხდებოდეს ფაქტების გადამოწმება და სწრაფი რეაგირება, დეზინფორმაციის პრევენციის მისაღწევად... ცხადია, არსებობენ ადამიანები ქართულ სივრცეშიც, რომლებიც პროვოკაციას ეწევიან და მიმართავენ მანიპულაციას. ჩემი აზრით, ქართული მედია, სწორი ჟურნალისტიკა ამ გამოწვევას საკმაოდ კარგად უმკლავდება“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG