Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირველ ვიცე-პრეზიდენტად საკუთარი ცოლი დანიშნა


ილჰამ ალიევი მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევთან ერთად.
ილჰამ ალიევი მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევთან ერთად.

21 თებერვალს ცნობილი გახდა აზერბაიჯანში მიღებული ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად საკუთარი ცოლი, მეჰრიბან ალიევა, დანიშნა. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტის სიკვდილის ან მოვალეობის შესრულების უუნარობის შემთხვევაში მის პოსტს მისივე მეუღლე დაიკავებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 21 თებერვალს გამოქვეყნდა განკარგულება ილჰამ ალიევის მეუღლის, მეჰრიბან ალიევას, პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის თაობაზე. სულ აზერბაიჯანში სამი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არსებობს - მათ შექმნას ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა შესახებაც შარშან სექტემბერში რეფერენდუმი გაიმართა. აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტობა დანარჩენ ორზე გაცილებით უფრო გავლენიანი პოსტია სწორედ იმიტომ, რომ მასზე დანიშნული პირი იკავებს პრეზიდენტის პოსტს პრეზიდენტის სიკვდილის ან რაიმე მიზეზით მოვალეობის შესრულების უუნარობის შემთხვევაში. რეფერენდუმის გამართვამდე პრემიერ-მინისტრი იყო პრეზიდენტის შემცვლელი.

ამავე რეფერენდუმის შედეგად აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ვადა გაიზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე და გაუქმდა ასაკობრივი შეზღუდვა პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც იმთავითვე აკრიტიკებდნენ რეფერენდუმს, ვარაუდობენ, რომ ალიევი საკუთარ ვაჟიშვილს, 19 წლის ჰეიდარს, ამზადებს პრეზიდენტობისათვის.

თუმცა დღეს ყურადღების ცენტრში ალიევის მეუღლე დგას, 52 წლის მეჰრიბან ალიევა. ვიდრე ის ვიცე-პრეზიდენტი გახდებოდა, უკვე იყო მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარის მოადგილე და ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდის ხელმძღვანელი. როგორც ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი ილკინ მამადოვი ამბობს, მეჰრიბან ალიევა საზოგადოებაში ჩანდა, როგორც ძალიან აქტიური, ამბიციური ქალი.

„ჩვეულებრივ, აზერბაიჯანის მთავრობა და მთავრობის მხარდამჭერი მედია ცდილობდა მეჰრიბან ალიევას წარმოსახვას ისეთ პიროვნებად, რომელიც აზერბაიჯანში ღიად საუბრობს პრობლემებზე - აკრიტიკებს ოლიგარქებს და ა. შ. ამით ისინი ცდილობდნენ პირველი ლედის განსხვავებულად წარმოსახვას, მის გამოყოფას დანარჩენი მთავრობისაგან. მაგრამ ახლა, ამ დანიშვნით, პრეზიდენტმა ალიევმა თავისი ცოლი გახადა მმართველი წრის ნაწილად. ახლა მეჰრიბან ალიევა აღარ არის მარტო ოჯახის წევრი, ახლა ის რანგით მეორე პირია აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაში“, - რაც, დასძენს ილკინ მამადოვი, გვაჩვენებს, რომ პრეზიდენტი ალიევი არავის ენდობა, საკუთარი ოჯახის წევრების გარდა.

აზერბაიჯანელ კოლეგას ვკითხეთ, როგორია აზერბაიჯანელების გამოხმაურება ვიცე-პრეზიდენტად პირველი ლედის დანიშვნაზე.

„თუ სოციალურ მედიას გადახედავ, რეაქციებს ... ხალხი სარკასტულია. ამ ამბავში თითქოს მოულოდნელი არაფერი იყო, მაგრამ ბევრი მაინც არ მოელოდა, რომ ალიევი ამას გააკეთებდა. დე ფაქტო ისედაც ვიცოდით: პირველი ლედი რანგით მეორე პირი იყო აზერბაიჯანში, ეს ბიზნესინტერესებსაც ეხება (...) ხალხი სარკასტულია. მაგალითს მოვიყვან სოციალური მედიიდან: ერთი წერს, ქალები ახლა ქმრებს დიდ საჩუქრებს მოსთხოვენ - ხედავ, პრეზიდენტმა ცოლს მთელი ქვეყანა აჩუქაო!“, - ამბობს ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა.

55 წლის ილჰამ ალიევი 2003 წლის ოქტომბრიდან დგას ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის ხელისუფლების სათავეში. პრეზიდენტის პოსტზე მან შეცვალა საკუთარი მამა, ჰეიდარ ალიევი, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ორ თვეში გარდაიცვალა. თავად ჰეიდარ ალიევი 1993-დან 2003 წლამდე იყო პრეზიდენტი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა პერიოდშიც ედგა სათავეში - კომპარტიის პირველი მდივნის რანგში 1969-დან 1987 წლამდე.

უფლებადამცველები და დასავლეთის მთავრობები ხშირად ადანაშაულებენ ამჟამინდელ პრეზიდენტს ოპოზიციონერების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნაში. რეპრესიები შეეხო რადიო თავისუფლების აზერბაიჯანელ თანამშრომელ ხადიჯა ისმაილოვასაც, 2015 წელს მას შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ფინანსურ დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. ის შარშან გამოუშვეს საპატიმროდან, თუმცა სამნახევარწლიანი პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.

უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნები ჩვენი კოლეგის სამართლებრივ დევნას მიიჩნევენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად რეპორტაჟებისათვის, რომლებმაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახი კორუფციაში ამხილა.

XS
SM
MD
LG