Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოს კრიზისი უცხოეთის მედიაში


ალეპო
ალეპო

მიმდინარე კვირის განმავლობაში დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრშია ვითარება სირიის ქალაქ ალეპოში, სადაც სირიის სამთავრობო ჯარებმა, რომლებსაც მხარს უჭერენ რუსეთი და ირანი, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი საბოლოოდ გაათავისუფლეს მეამბოხეებისგან, თუმცა ეს მოხდა ისეთ მძიმე ფასად, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იერიშებს ალეპოზე უწოდა „ომის დანაშაულის შემცველი“ ქმედება, რის გამოც საუბარი დაიწყო სირიის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების პასუხისმგებლობაზე.

გერმანული ლიბერალური „ცაიტის“ საინტერნეტო გამოცემა მიიჩნევს, რომ სირიის გამო დასავლეთმა რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან, როგორც გამოცემა წერს, სწორედ ამ ნაბიჯმა შეაჩერა რუსეთი, რომელმაც თავის დროზე ვერ მოახერხა ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის კიდევ უფრო მეტი მიწების დაპყრობა. „აპოკალიფსი ალეპოში - ეს არ არის განყენებული პროცესი. ეს ტრაგედია შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა, თუ რუსეთს მკაფიოდ ეცოდინებოდა, რომ საავიაციო იერიშების შედეგებზე პასუხისგება მოუწევდა“, წერს „ცაიტი“ და განაგრძობს: „მითია, თითქოს რუსეთი სირიაში მიმდინარე ომში ჩაება ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. კრემლს სირიაში მკაფიო მიზანი აქვს: ესაა ასადის მხარდაჭერა, თუნდაც ასობით და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის ფასად. პუტინის პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ასეთი ციფრები არასოდეს მიიღება მხედველობაში. ერთადერთი, რასაც რუსეთის ავტოკრატი ლიდერის შეჩერება და გონზე მოყვანა შეუძლია, ესაა მკაფიო შედეგები, რაც შემდგომში აუცილებლად უნდა მოჰყვეს საომარ დანაშაულს“.

ამავე აზრისაა კიდევ ერთი ლიბერალური გამოცემა, ნიდერლანდში გამომავალი გაზეთი „ჰანდელსბადი“, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების სირცხვილს უწოდებს იმ უმოქმედობას, რომელმაც გზა გაუხსნა ბაშარ ალ ასადის რეჟიმის სასტიკ ქმედებას ალეპოში. გამოცემა მიიჩნევს, რომ 2016 წლის დარჩენილ პერიოდში ამ ლიდერს, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე ერთი სახელმწიფო, რუსეთი, უჭერს მხარს, კვლავ შეუძლია დახოცოს ასობით და ათასობით საკუთარი მოქალაქე, თუ ვინმე მის შეჩერებას არ შეეცდება. „მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სოლიდარობის საყოველთაო იდეალებიდან აღარაფერი დარჩა. ნუთუ საერთაშორისო საზოგადოება უძლურია? არა! მას შეუძლია აღნუსხოს ასადის რეჟიმის ყველა დანაშაული იმის იმედით, რომ რაღაც მომენტში ვიღაცა ამისათვის პასუხს აგებს“, - წერს ჰოლანდიური ლიბერალური გამოცემა „ჰანდელსბადი“.

გარკვეული ტენდენციისგან განსხვავებული შეფასება აქვს ირლანდიურ კონსერვატიულ გამოცემა „აირიშ ინდეპენდენტს“, რომელიც მიიჩნევს, რომ მეამბოხეები ტერორისტები არიან და არა მსხვერპლი. „დიახ, ბაშარ ალ ასადმა სასტიკად დაანგრია სირიის ქალაქები იმათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც მისი ჩამოგდება განიზრახა. დიახ, ამ რეჟიმს ჩადენილი აქვს უამრავი ცოდვა... მაგრამ დადგა დრო ითქვას სხვა სიმართლეც: ვისაც ჩვენ დასავლეთში მხარს ვუჭერთ, ესენი არიან ყველაზე უფრო სასტიკი და დაუნდობელი მებრძოლები ახლო აღმოსავლეთში. მაშინ როცა, ჩვენ აღშფოთებას გამოვხატავთ მოსულში ექსტრემისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გამოვლენილი სისასტიკის გამო, ამით ჩვენ განზრახ უგულებელვყოფთ ალეპოში მყოფი მეამბოხეების ქმედებებს“.

სირიის სამთავრობო ჯარების მიერ ქალაქ ალეპოზე კონტროლის სრულად აღების მიუხედავად, სირიაში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაწყებული ომის გაგრძელებას წინასწარმეტყველებს იტალიური გამოცემა „ილ სოლე“, რომელიც მიიჩნევს, რომ როგორც სირიის რეჟიმის მომხრეთ, ისე დასავლეთის კოალიციას სურს საკუთარი გავლენის სფეროების შენარჩუნება ახლო აღმოსავლეთის შუაგულში. „მოსკოვმა სირიაში გარკვეული პროტექტორატი შექმნა, აშშ კი ჯერ კიდევ აკონტროლებს ერაყს. თურქეთს, რომელსაც ქურთების დამორჩილება სურს, შეუძლია იყოს პუტინის დაპირების იმედზე.... მშვიდობის დამყარების არავითარი ნიშანი არ ჩანს, უფრო ნაკლებად ინტენსიური კონფლიქტის პერსპექტივის გარდა. სარაევოს ათასდღიანი ალყის მსგავსად, ალეპოს ბრძოლები ააშკარავებს სირიის ჭრილობებს, რომლისგან განკურნებაც ძნელი იქნება“, - წერს იტალიური გამოცემა „ილ სოლე“.

ქალაქ ალეპოს ტრაგიკული ისტორიის გაკვეთილებზე წერს ბრიტანული „ეკონომისტიც“, რომელიც მიიჩნევს, რომ მიწასთან გასწორებულმა ქალაქმა ალეპომ გერნიკის, დრეზდენისა და გროზნოს ბედი გაიზიარა და ეს მოხდა დასავლეთის და, პირველ ყოვლისა, აშშ-ის ადმინისტრაციის ყოყმანის გამო. „ამ კონფლიქტში შემობრუნების მომენტი დადგა მაშინ, როცა დასავლეთს შეეძლო სირია გამოეცხადებინა ფრენისათვის აკრძალულ ზონად ან შეექმნა საიმედო თავშესაფარი სამოქალაქო მოსახლეობისათვის, თუნდაც შეემუშავებინა სირიელი მეამბოხეების შეიარაღების ფართომასშტაბიანი პროგრამა. მაგრამ ერაყისა და ავღანეთის მემკვიდრეობით პარალიზებულმა დასავლეთმა უკან დაიხია. სასტიკი საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ყოველი სისხლისმღვრელი თვე უფრო და უფრო აძლიერებდა გარედან სამხედრო ჩარევის აუცილებლობას, მაგრამ სწრაფად იზრდებოდა გაურკვევლობაც და ინტერვენციის რისკიც. იმ დროს, როდესაც ბატონი ასადის დამხობა მოახლოებული ჩანდა, ბრძოლაში ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ჩაერთო რუსეთი, რომლის მოქმედებასაც დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა. ალეპოს დაცემა ასადის წარმატებას და ირანის გავლენის ზრდას მოასწავებს, მაგრამ ნამდვილი გამარჯვება ეკუთვნის რუსეთს, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა ანგარიშგასაწევი მოთამაშე ახლო აღმოსავლეთში“, - წერს ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG