Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში გრძელდება საპროტესტო აქციები


შეხვედრის მონაწილეები გორში
შეხვედრის მონაწილეები გორში

გორში ბუნებრივი აირის გადასახადით შეწუხებული მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ენერგოომბუდსმენი, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის და „სოკარჯორჯიას“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ადგილობრივ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

გორში გრძელდება საპროტესტო აქციები
please wait

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00
გადმოწერა

რამდენიმე დღეა, გორში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები „სოკარჯორჯიას“ წინააღმდეგ. გორელების აზრით, მათ დეკემბერში ბუნებრივ აირზე იმაზე ორჯერ და რიგ შემთხვევაში სამჯერ მაღალი გადასახადი მიუვიდათ, ვიდრე ეს ნოემბერში იყო. მათი აზრით, „სოკარჯორჯია - გაზის“მოქმედებები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამიტომ შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მაგალითად, შიდა ქართლის გუბერნატორის მრჩეველ ია თინიკაშვილს ამ დრომდე ვერ გაურკვევია, როგორ დაფიქსირდა მის დაკეტილ სახლში ბუნებრივი აირის გადასახადი.

მოქალაქეები კომპანიის მიმართ არაერთ პრეტენზიას გამოთქვამდნენ. მათ არ სჯერათ, რომ ბოლო ერთ თვეში ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ გადასახადის გაზრდაზე ამან საგანგაშოდ იმოქმედა; არც ის სჯერათ, რომ 5 დღით დაგვიანებული ჩვენებების წაკითხვა გაზს ორჯერ გააძვირებდა. ამ საკითხებზე პასუხს ისინი სტუმრებისგან ელოდნენ.

გორის საკრებულოს წევრის, ერგნეთის მცხოვრებ ლია ჩლაჩიძის თქმით, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის სოფლებშიც არარეალურად გაზრდილი თანხა დაერიცხა. მის ეჭვს ის ფაქტი იწვევს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის 200-ლარიანი ვაუჩერის ამოქმედებას დაემთხვა.

შეხვედრა ხმაურიანი იყო. ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ამ შეხვედრაზე მიიღეს, ისაა, რომ მოქალაქეები „სოკარჯორჯიასგან “შეტყობინების სახით არა მარტო დახარჯული თანხის რაოდენობას, არამედ მრიცხველების წინა და მომდევნო თვეების ჩვენებასაც მიიღებენ. „სოკარჯორჯიას“ წარმომადგენელი ხათუნა დგებუაძე აცხადებს, რომ კომპანია თითოეულ საჩივარს ინდივიდუალურად განიხილავს.

შეხვედრის მონაწილეები გორში
შეხვედრის მონაწილეები გორში

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მოქალაქეებს იქვე შესთავაზა ინდივიდუალური განცხადების დაწერა, რათა ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყოს და დავალიანების მქონე აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდეთ. დავის დასრულებამდე მოქალაქეებისთვის ბუნებრივი აირის გათიშვა ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.

მოქალაქეების ნაწილმა განცხადება იქვე დაწერა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური მიდგომა არასწორია, რადგან პრობლემა გორის მუნიციპალიტეტში 40 ათასამდე აბონენტს ეხება და შესაბამისმა სამსახურებმა საკითხი უფრო გლობალურად უნდა შეისწავლონ.

XS
SM
MD
LG