Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია დაბა აგარაში


აგარაში შაქრის კომბინატის მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს
აგარაში შაქრის კომბინატის მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს

დაბა აგარაში შაქრის კომბინატის მუშებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შრომის უფლებას ითხოვენ.

აქცია დაბა აგარაში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:48 0:00
გადმოწერა

შაქრის კომბინატის მუშების აქცია დაბა აგარაში

  • დაბა აგარაში 500-მდე მუშა კომბინატში იყო დასაქმებული და მათი შემოსავლის ძირითად წყაროს საწარმოში აღებული ხელფასი წარმოადგენდა
  • შაქრის კომბინატის მუშებისადმი სოლიდარობის აქციები თბილისში გაგრძელდება და ამ გზით შეეცდებიან მთავრობის ყურადღება მიიპყრონ.

რამდენიმე თვეა, საწარმო გაჩერებულია, მუშებს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ და უსამსახუროდ დარჩნენ. 500-მდე მუშა, მეოთხე თვეა, დასაქმებას უშედეგოდ მოითხოვს.

საწარმოს გაჩერების მიზეზი იმპორტირებული შაქრის ფხვნილის დაბალი ფასია, რომელსაც ადგილზე წარმოებული პროდუქცია კონკურენციას ვეღარ უწევს. კომბინატის მუშები იმპორტირებული პროდუქციის რეგულირებას და ადგილობრივი საწარმოების განვითარების ხელშეწყობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს დღეს პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ამ საკითხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაინტერესება მოითხოვეს. მათი თქმით, არჩევნების წინ მმართველი პარტია ამომრჩეველს ახალ სამუშაო ადგილებს ჰპირდებოდა, დღეს კი ეს პირობა არ სრულდება და, პირიქით, უკვე შექმნილი სამუშაო ადგილებიც იკარგება.

აქციას დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ენერგეტიკის, რკინიგზისა და მეტროს პროფკავშირების წარმომადგენლებმა აგარელ მუშებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართეს და ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდეს, რაც, მათი აზრით, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გარდა, აგარელი მუშების მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.

დაბა აგარაში 500-მდე მუშა კომბინატში იყო დასაქმებული და მათი შემოსავლის ძირითად წყაროს საწარმოში აღებული ხელფასი წარმოადგენდა, ახლა კი არ იციან თავი როგორ გაიტანონ.

ვეფხია დარბაიძე აგარის შაქრის კომბინატში, უკვე 23 წელია, მუშაობს, საწარმოს გაჩერების შემდეგ არაერთ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. იგი ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტანცია შეაწუხეს, მაგრამ პასუხი ვერავისგან მიიღეს. ახლა მისი მთავარი სურვილია ამ პრობლემაზე პრემიერ-მინისტრს შეხვდეს და მისგან მოითხოვოს რეაგირება.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა აგარაში დააანონსეს, რომ შაქრის კომბინატის მუშებისადმი სოლიდარობის აქციები უკვე თბილისში დაიწყება და ამ გზით შეეცდებიან მთავრობის ყურადღება მიიპყრონ.

XS
SM
MD
LG