ახალციხის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირება მოახდინა და საკრებულოსგან მიღებული შენიშვნები ბიუჯეტის პროექტში ასახა. ჩასწორებული პროექტი საკრებულომ ხელახლა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.
ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტი
- 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა თვითმმართველობის არჩევნების გამო დაგვიანებით დაიწყეს.
- მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ დაჩქარებულ ვადებში განიხილა და შენიშვნებით ისევ მერიას დაუბრუნა.
- ორ კვირაში კორექტირებული პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად გადაიგზავნა.
- ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 14 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე საკრებულოშია. მერიის მიერ კორექტირებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატები კიდევ ერთხელ გადახედავენ. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ საკრებულოს წევრების მიერ მიცემული ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს. გელა ლომიძის განმარტებით, დეპუტატებმა პროექტში ჭკვიანი კამერებისთვის თანხის გამოყოფა და ბაგა-ბაღების დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს. ამის საფუძველზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბიუჯეტი 400 000-მდე ლარით გაიზარდა. თანხა ბაგა-ბაღების გაფართოებას მოხმარდებაო, ამბობენ მერიაში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი კობა სანდროშვილს, რამდენიმე მიზეზის გამო, თანამდებობის პირთა ჯიბის ქისას აგონებს. საკრებულოს წევრი 14 მილიონზე მეტი თანხის დახარჯვის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს კითხვები აიპების დაფინანსებაზეც აქვს.
ოპოზიციაში კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი ჯერ არ უნახავთ. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი ამბობს, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი კომისიაზე მხოლოდ ერთხელ განიხილეს. გელა დემეტრაძის შენიშვნა ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხებოდა. "ევროპული საქართველოს" წევრი ფიქრობს, რომ ამ მუხლის თანხა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს უნდა მოხმარდეს.
ახალშექმნილ მუნიციპალიტეტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა, თვითმმართველობის არჩევნების გამო, დაგვიანებით დაიწყეს. ამიტომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ დაჩქარებულ ვადებში განიხილა და შენიშვნებით ისევ მერიას დაუბრუნა, ორ კვირაში კი კორექტირებული პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად გადაგზავნეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 14 მლნ. 300 ათას ლარს შეადგენს.