ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომის ანაზღაურება იზრდება. დეპუტატების უმრავლესობამ მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა. შრომის ანაზღაურების მომატებას კანონდებლობით ხსნიან მერიაში. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა მელიქიძის თქმით, პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ", რომელიც ხელფასის მინიმუმ და მაქსიმუმ ზღვარს ადგენს. ახალციხის მერის თქმით, თვითმმართველობამ საშუალო კოეფიციენტი გამოიანგარიშა.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, დაბალი რანგის მოხელეების ხელფასი 120–150 ლარით გაიზარდა, განყოფილების ხელმძღვანელებისა - 50–200 ლარით, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის შრომის ანაზღაურება კი 750 ლარით არის გაზრდილი. სწორედ ამ საკითხის განსახილველად ჩატარდა 2018 წლის მეორე, რიგგარეშე სხდომა ახალციხეში, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მხოლოდ ორი საკითხი განიხილეს. ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ ხელფასის მომატების პარალელურად თვითმმართველობაში პრემიები აღარ გაიცემა. ცვლილებებს ოპოზოციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.
ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება შრომის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, სამცხის მოსახლეობა გაძვირებულ პროდუქტებსა და გაუარესებულ სოციალურ ყოფაზე ჩივის.
ამჟამად ახალციხის მერიაში 140 საშტატო ერთეული და 11 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციაა, საკრებულოში კი - 27 საშტატო ერთეული და 2 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიცია.