Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხე-ჯავახეთში ასაჩივრებენ არჩევნების შედეგებს


ახალციხე
ახალციხე

ახალქალაქში, ახალციხესა და ასპინძაში პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასაჩივრებენ 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს. პროტესტის ძირითადი მიზეზი ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, გადასწორებული ოქმები და დაუბალანსებელი ამომრჩეველია.

გადმოწერა

საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს. პარტიაში ამბობენ, რომ შემაჯამებელი ოქმები სრულყოფილად შევსებული არ არის. გარდა ამისა, ციფრები გადასწორებულია, უბნებზე კი ასობით ბათილი ბიულეტენი ფიქსირდება. იურისტებმა უბნების გადათვლა მოითხოვეს, თუმცა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა. პარტიის იურისტებმა ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოში სარჩელი 25 ოქტომბერს, ხოლო ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში 26 ოქტომბერს შეიტანეს, – განმარტავს საარჩევნო ბლოკის ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავას“ იურისტი, თენგიზ ომანიძე.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პასუხისგება მოუწია 39-ე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიასაც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასპინძის მე-4 უბანზე ბიულეტენების გახსნასა და ხელახლა გადათვლას ითხოვდა, რადგან ამ უბანზე მაჟორიტართა ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 50-ია. იურისტებმა საჩივარი ჯერ 39-ე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაწერეს. საიას მოთხოვნა არც კომისიაში და არც სასამართლოში არ დაკმაყოფილდა, – ამბობს საიას წარმომადგენელი, მაია გრძელიშვილი.

ახალქალაქისა და ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიების მსგავსად გადაწყვიტა სასამართლომ ახალციხის ოლქის საჩივრების შედეგებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" საჩივარი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას კი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის - გადახდა დააკისრა. მოსარჩელე მხარე ახალციხის N30 და N35 უბნების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა, რადგან აღნიშნულ უბნებზე შემაჯამებელ ოქმებს ბეჭედი არ ჰქონდა, ასევე, ერთ ამომრჩეველზე ერთი და იმავე სახეობის ორი ბიულეტენი იყო გაცემული და ოქმის შევსების დროც ჩასწორებული იყო. სასამართლომ ერთი და იმავე სახეობის ორი ბიულეტენის გაცემა და ოქმის შევსების დროის გადასწორება კანონდარღვევად მიიჩნია და ახალციხის საოლქო კომისიას საქმის ხელახლა შესწავლა დაავალა, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი, ლელა ხათრიძე

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომისიამ უნდა იმსჯელოს, დააკისრებენ თუ არა უბნების თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ბეჭდის გარეშე შევსებულ ოქმებს, მოსამართლემ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG