ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური ახალციხეში ორი მუნციპალიტეტის ისევ გაერთიანების ინიციატივას მოჰყვა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამსხვილებას მხარი არ დაუჭირეს. მალხაზ გიქოშვილის თქმით, სახელმწიფო თვითმმართველობებს თავიდან იშორებს და, ამასთანავე, მოსახლეობის აზრი არავის აინტერესებს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა კი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემთხვევაში, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის აზრით, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვნად შემცირებული ტრანსფერი იქნება.
მუნიციპალიტეტების გამსხვილებას არც საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დაუჭირა მხარი. კახა ბერიძის აზრით, მდგომარეობა არც გაყოფით შეცვლილა და არც გაერთიანებით მოხდება მნიშვნელოვანი ძვრები. საკრებულოს დეპუტატის აზრით, საკითხის ცენტრიდან მართვაც არასწორი ნაბიჯია.
თვითმმართველობებისთვის უფლება-მოვალეობების გაძლიერება აუცილებელია, – აცხადებს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე. დავით ლომიძის თქმით, თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს და მატერიალურ რესურსებს განაგებდეს. საკრებულოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ გაერთიანებით მუნიციპალიტეტებს უფრო მეტი საქმის კეთების შესაძლებლობა მიეცემათ.
ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხზე ახალციხელთა აზრი არაერთგვაროვანია.
თვითმმართველობების გაერთიანებას წარმოდგენილი 14 დეპუტატიდან 9-მ მხარი დაუჭირა. „ევროპული საქართველოსა“ და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ოთხი წევრი, ასევე, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი სტატუსის გაუქმებას არ დაეთანხმა.