Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი შესაძლებლობა სახელმწიფო ქონების ძველ მყიდველებს


თბილისი
თბილისი

მოქალაქე, ვინც 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის მიღებამდე, უძრავი ქონება შეიძინა, მაგრამ ყველა პროცედურის დასრულება ვერ მოასწრო და, შესაბამისად, ოფიციალურად მესაკუთრედ არ ითვლება და ამ ქონების განკარგვას ვერ ახერხებს, სახელმწიფო შანსს მისცემს ეს ქონება დაიკანონოს.

კერძოდ, მათ, ვისაც უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში გადახდილი აქვთ საფასურის 80%, მიწის შემთხვევაში კი - 90 % ან მთლიანი საფასური და ვადების დარღვევის გამო ქონების დაკანონება ვერ მოახერხეს, დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, აღნიშნული ქონება დაუკანონდებათ, - მოკლედ ასეთი გახლავთ მთავრობის მიერ მომზადებული ორი ახალი დადგენილების შინაარსი.

ხელისუფლების განმარტებით, პირველ შემთხვევაში, როდესაც გაყიდული იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არ იყო გაყიდული მიწა, ახალი დადგენილებით, აღნიშნულ პირებს და კომპანიებს შეეძლებათ მოითხოვონ შენობის ქვეშ არსებული მიწა მთლიანად იმისათვის, რომ მოხდეს მიკუთვნება, მიუხედავად იმისა, რა იყო ჩაწერილი საპრივატიზებო დოკუმენტაციაში.

დღეისთვის ოფიციალურად მსგავსი შემთხვევა 100-მდეა დაფიქსირებული, თუმცა ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ დადგენილება, ჯამში, 250 ობიექტს შეეხება. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, პრივატიზების ეს ფორმა არ იქნება უფასო და, როგორც "მიკუთვნების და აღიარების შესახებ კანონშია", მოუწევთ გარკვეული საზღაურის გადახდა, რომელიც არის ხუთმაგი წლიური საგადასახადო ოდენობის ტოლი.

მეორე განკარგულების პროექტი ეხება ასევე დაუსრულებელი პრივატიზების საკითხს 2010 წლამდე, სანამ "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონი შემოვიდოდა, იმიტომ რომ შემდგომ უკვე სხვანაირად მოწესრიგდა ეს ურთიერთობები. ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაგვიანებით იყო გადახდილი თანხები ან არ იყო სრულად გადახდილი.

თუ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწებზე 50 % ან მეტი იყო გადახდილი, ხელისუფლება მყიდველს აძლევს შესაძლებლობას, რომ, თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, დაასრულოს პრივატიზების პროცესი და, შესაბამისად, მიიღოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. არის მეორე პრინციპი: იმ შემთხვევაში, თუ ეს არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, უნდა ჰქონდეთ გადახდილი 80 % ან მეტი, რომ მყიდველმა პირდაპირ პრივატიზება შეძლოს.
არის ასევე შემთხვევები, როდესაც თანხა გადახდილია სრულად, მაგრამ ვადის გადაცილებით. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ასეთი ქეისი ქვეყნის მასშტაბით აღემატება 150-ს და შესაძლოა 350-ს მიაღწიოს. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებები, ხელისუფლების გაანგარიშებით, დახლოებით 500 მესაკუთრეს ეხება.

რამდენად შეძლებენ ეს მესაკუთრეები ახალი შანსის გამოყენებას და რა თანხის მობილიზებას შეძლებს ამ გზით სახელმწიფო, უახლოეს წელიწადში გახდება ცნობილი, როცა მესაკუთრეებს შეეძლებათ ახალი დადგენილების პირობებით ისარგებლონ.

XS
SM
MD
LG