Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმედ ჩატაევის სიკვდილი და უპასუხო შეკითხვები


აჰმედ ჩატაევი, თბილისი, 6 დეკემბერი 2012 წ.
აჰმედ ჩატაევი, თბილისი, 6 დეკემბერი 2012 წ.

1 დეკემბერს დადასტურდა არსებული ვარაუდი, რომ 21-22 ნოემბერს ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია კიდევ ორი პირი, ერთი კი დაკავებულია. სუსი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ რას გეგმავდა დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორ შემოაღწია საქართველოს ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებულმა პირმა, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი. სახელმწიფო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა გაქცევა მოახერხა.

გადმოწერა

გამოძიებას ჯერ კიდევ არ დაუზუსტებია, თუ რა მიზნები ამოძრავებდა იმ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წინააღმდეგაც 21-22 ნოემბერს ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე 20-საათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, თუმცა 1 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა, სრულად დაადასტურა პირველივე დღეებიდან გავრცელებულ ეჭვები და ვარაუდები აჰმედ ჩატაევის სიკვდილთან დაკავშირებით:​

ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“.

გამოძიების თანახმად, აჰმედ ჩატაევმა სპეცოპერაციის მსვლელობისას 22 ნოემბერს ბინაში აიფეთქა თავი. ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ოპერაცია, რომელმაც ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე შეიწირა, აჰმედ ჩატაევის გარდა, საბედისწერო აღმოჩნდა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ორი წევრისთვის. კიდევ ერთი პირი - კერძოდ, საედ დუდაევი - დაკავებულია. სუსის ინფორმაციით, სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სუსის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბინაში გამაგრებულ პირებთან „აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე“, თუმცა „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს“.

სპეცოპერაცია თბილისში. 22 ნოემბერი 2017 წ.
სპეცოპერაცია თბილისში. 22 ნოემბერი 2017 წ.

მთავარ შეკითხვებს - როგორ შემოვიდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე და როგორ მოახერხეს საბრძოლო იარაღის შემოზიდვა, სუსი ამ ეტაპზე არ პასუხობს, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სხვათა შორის, პირველმა ილაპარაკა ჩატაევის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ეჭვების არსებობაზე, 1 დეკემბერს კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა:

„ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი, დღეის მდგომარეობით, დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა და, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ეს ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული“.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ჰყავდათ თუ არა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მოკავშირეები საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა სუსში დაბეჯითებით აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან ორი პირის გაქცევის შესახებ. უწყების განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაში უცხოელი პარტნიორებიც არიან ჩართული:

„გამოძიების ამ ეტაპზე სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“.

ქვეყანამ მიიღო სერიოზული ზიანი, თუნდაც მისმა იმიჯმა, რომ ჩატაევი ქვეყანაში იყო და რა მოხდა, ბოლომდე მაინც არ ვიცით... თუ შემოიპარა, ესე იგი პრობლემა გვაქვს საზღვრების დაცვის თვალსაზრისით... თუ საზღვარს მოადგა და გამოატარეს ცალფეხა ჩატაევი, ყველგან ძებნილი, ესე იგი შემოატარა ვიღაცამ, რომელმაც, ეჭვი მაქვს, ამაში ფული აიღო...
თორნიკე შარაშენიძე

აჰმედ ჩატაევის სახელი და გვარი, უკვე დიდი ხანია, საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების საგნად არის ქცეული. ამჟამინდელ ხელისუფლებას წინამორბედი ხელისუფლება მის მიერ ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული საშიში ტერორისტის გათავისუფლებაში სდებს ბრალს, ხოლო ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აჰმედ ჩატაევის დაკავების საფუძველი წინა ხელისუფლების მიერ იმდენად სუსტად იყო შედგენილი, რომ დაკავებული კანონმა გაათავისუფლა.

ვიდრე აჰმედ ჩატაევი სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად დასახელდებოდა, საქართველოში მისი სახელი და გვარი სწორედ ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. ჩატაევს, რომლის დაკავების ცნობაც, ლაფანყურის სპეცოპერაციის კვალდაკვალ, 2012 წლის 8 სექტემბერს გავრცელდა, მალევე პროკურატურამ ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენა ბრალი. სისხლის სამართლის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებდა, თუმცა, როგორც დაცვის მხარე აცხადებდა, ექსპერტიზა არ იყო ჩატარებული და, შესაბამისად, არ არსებობდა დასკვნა იმის დასტურად, რომ ამოღებული საბრძოლო მოწყობილობა სწორედ ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ აჰმედ ჩატაევს ეკუთვნოდა.

2012 წლის 6 დეკემბერს 32 წლის ბრალდებული აჰმედ ჩატაევი 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მართალია, მანამდე ბრალდების მხარე უარს ამბობდა ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენის გათავისუფლებაზე, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების ინიციატივა თავად პროკურორისგან მოდიოდა. შემდეგ ჩატაევი, გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიაში გაემგზავრა, ხოლო რამდენიმე წელიწადში მისი სახელი და გვარი აშშ-ის მიერ შედგენილ განსაკუთრებით სახიფათო ტერორისტთა სიაში ვიხილეთ.

სპეცოპერაცია თბილისში, 22 ნოემბერი 2017 წ.
სპეცოპერაცია თბილისში, 22 ნოემბერი 2017 წ.

„რა მნიშვნელობა აქვს, როგორ შემოვიდა, ფაქტია, რომ აჰმედ ჩატაევმა საქართველოში შემოსვლა შეძლო და ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, უთხრა რადიო თავისუფლებას 1 დეკემბერს პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ:

„ქვეყანამ მიიღო სერიოზული ზიანი, თუნდაც მისმა იმიჯმა, რომ ჩატაევი ქვეყანაში იყო და რა მოხდა, ბოლომდე მაინც არ ვიცით... თუ შემოიპარა, ესე იგი პრობლემა გვაქვს საზღვრების დაცვის თვალსაზრისით... თუ საზღვარს მოადგა და გამოატარეს ცალფეხა ჩატაევი, ყველგან ძებნილი, ესე იგი შემოატარა ვიღაცამ, რომელმაც, ეჭვი მაქვს, ამაში ფული აიღო... და ეს კაცი (ჩატაევი) გარანტიით აქ ცხოვრობდა, მაგრამ მერე რა მოხდა, რთული სათქმელია: რაღაც მომენტში რაღაც აფეთქდა (გადატანითი მნიშვნელობით) და დაიწყო ეს სპეცოპერაცია... ჩემი ვერსიაც ძალიან ცუდია და ოფიციალური ვერსიაც (შემოპარვაზე) ძალიან ცუდია“.

თორნიკე შარაშენიძეს არ ჰგონია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ტერაქტის საქართველოში ჩატარებას. ანალიტიკოსების დიდი ნაწილის მსგავსად, ისიც ვარაუდობს, რომ ჯგუფი საქართველოში ისვენებდა და ხელსაყრელ დროს ელოდებოდა სხვა ქვეყანაში - შესაძლოა, რუსეთში -გადასასვლელად. თუმცა თუკი ჯგუფი რუსეთში გადასვლას მოახერხებდა, ამას შესაძლოა სახიფათო შედეგები მოჰყოლოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

ძალოვანი სტრუქტურები პირობას დებენ, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი და თავის დროზე საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს. ჯერჯერობით კი, საერთაშორისო მასშტაბით ძებნილი აჰმედ ჩატაევის თბილისში ლიკვიდირების ფაქტის დადასტურების შემდეგ, 21-22 ნოემბერს გაჩენილ ბევრ უპასუხო შეკითხვას ახალი შეკითხვები დაემატა.

სუსის ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG