საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მოსახლეობის რიცხვის შემცირებით, ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა. რეგიონალურ ჭრილში ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია - 37,4 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კი - 29 პროცენტი. საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსმა პაატა შავიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სამეგრელო -ზემო სვანეთში სულ 331 145 ადამიანი დაფიქსირდა. მისი სიტყვებით, ეს წინასწარი მონაცემებია და გარკვეული ცვლილებები იქნება, მაგრამ არა რადიკალური:
„თუ მუნიციპალიტეტების დონეზე გაინტერესებთ, ყველაზე მეტი კლება დაფიქსირებულია თვითონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ეს არის 37 პროცენტი. შემდეგ მოდის მესტიის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები. საბოლოოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მოსახლეობის კლების თვალსაზრისით, დომინირებს ეს სამი მუნიციპალიტეტი“.
პაატა შავიშვილის განცხადებით, მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგს საქსტატი 2016 წელს გამოაქვეყნებს. იქ დეტალურად იქნება გაწერილი მონაცემები, სოფლებსა და ქალაქებში ადამიანების ასაკის, მათი დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით.
მანამდე კი რადიო თავისუფლებას ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტები უზიარებენ მოსახლეობის კლების თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს:
„ხალხი სამუშაოს ვერ შოულობს. მიდიან ხან რუსეთში, ხან სხვაგან და მერე აქეთ ფულს აგზავნიან“, - ამბობს ზუგდიდელი ემზარ დგებუაძე. მასავით ფიქრობს ნუნუ გამისონია: „საშუალება არ არის. ჩემმა ქმარმა ან ჩემმა შვილმა იქედან რომ გამომიგზავნოს ფული, მირჩევნია. აქ არაფერი არ არის“.
„მეც გავდივარ აქედან, საქართველოს გარდა, ნებისმიერ ქვეყანაში, იქ, სადაც უკეთესობაა. ოთხი შვილის მამა ვარ. სამსახური აქ არაა ნორმალური, ხელფასი აქ არაა ნორმალური“, - გვითხრა ვეფხვია ჭყონიამ.
„მძიმე ეკონომიკური პირობების გამო მიდის ხალხი, გამოსავალს ვერ ხედავს. თურქეთი, უკრაინა, რუსეთი...სად არ გადიან“, - ამბობს ლელა მებონია. მას ეთანხმება ასევე ზუგდიდელი ლარისა კილასონია: „სადაც შესაძლებლობაა ორი კაპიკი იშოვო, მიდიან და ცარიელდება... ახლა სამეზობლოში ვხედავ მე, რომ ყოველი მესამე სახლიდან თითქმის წასული არიან. ეს ჭირს ყველაზე მეტად - უმუშევრობა“.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ მუშაობა სწორედ უმუშევრობის დაძლევის კუთხით აქვთ გააქტიურებული. გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამ პრობლემის მოგვარებაზე დაიწყო მუშაობა და ახლაც გრძელდება. მისი თქმით, მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა მშენებლობაზე უკვე დასაქმდა. მაგალითისთვის ასახელებს რუხში ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე, ანაკლიაში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტში, ასევე რეგიონის მასშტაბით გზების სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე შექმნილ ადგილებს. მისი მტკიცებით, დასაქმებულთა რიცხვი მიმდინარე, განსაკუთრებით კი, მომდევნო წლებში მკვეთრად გაიზრდება:
„სამეგრელოს რეგიონში რომ არის დაგეგმილი მეგა და ტოპპროექტები, ასეთი არ არის არც ერთ რეგიონში, ქვეყნის მასშტაბით. 2016 წელს დაგეგმილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 25-30 ათასი მოქალაქე დასაქმდება. ეს ძალიან მნიშვნელოვნად შეამცირებს მიგრაციას. ჩვენ ვგეგმავთ ნესკრაჰესის მშენებლობას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. აქ დასაქმდება ხალხის უზარმაზარი, მნიშვნელოვანი რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია თეთნულდის სათხილამურო პროექტი- 10-მილიონიანი პროექტია, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება. მისი დასრულება 2016 წელს იგეგმება. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხით“.
კობა ქანთარიას სიტყვებით, მთავრობა კი არ ასაქმებს, არამედ ხელს უწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას, ბიზნესის განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის სამუშაო ადგილებს. გუბერნატორის მოადგილის მტკიცებით, უკვე შემუშავებული და მომავალში დაგეგმილი პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრებთა დიდი ნაწილის დასაქმებას და შეამცირებს მიგრაციის დონეს.