Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ კარგი, აგვისტო!


ბათუმი
ბათუმი
ახლა ერთადერთი, რაზეც შემიძლია ვიფიქრო, დასვენებაა. ცუდი ის არის, რომ ჩემი დასვენების დრო ჯერ არ მოსულა, კარგი კი ის, რომ როცა ეს დრო მოვა, ზუსტად მეცოდინება, სად უნდა წავიდე და რატომ. საქმე ისაა, რომ ზაფხულში აჭარაში რამდენიმე საინტერესო ივენთია დაგეგმილი. უკვე ცნობილია, თუ რომელი არტისტები, რომელ კლუბში დაუკრავენ, ასევე ცნობილია Summer Set-ისა და Second Life Weekend-ის ლაინ აფები. დღევანდელი ახალგაზრდულ პროგრამა კი შეეხება იმ რამდენიმე ადგილს, სადაც შეგიძლიათ დამქანცველი წლის შემდეგ კარგად გაერთოთ.

ყველაფერი კი უკვე მალე იწყება, სულ რამდენიმე დღეში, როცა 10 აგვისტოს კლუბი „ვიტამინი“ პირველ არტისტს უმასპინძლებს, რომლის მოსასმენადაც წასვლა ნამდვილად ღირს. სულ რაღაც ერთ კვირაში ბათუმში გერმანელი მუსიკოსი რობაგ ვრუმე ჩამოვა და დამსვენებლებს მთელი ღამის განმავლობაში გაართობს. ვრუმე ერთ-ერთი საინტერესო მუსიკოსია, რომელიც გერმანული პედანტურობით მიდის ხოლმე სეტთან და ზუსტად იცის, თუ რა და როდის ესიამოვნება ხალხს, რომელსაც შეუძლია დილამდე იცეკვოს მის მუსიკაზე. ამიტომ მგონია, რომ, პირველ რიგში, ეს არ უნდა გამოტოვოთ.



თუმცა „ვიტამინი“ კიდევ რამდენიმე კარგ ივენთს შემოგთავაზებთ. საერთოდ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ეს კლუბი იქნება ის ადგილი, სადაც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა წახვიდეთ. არ ჩამოვთვლი, თუ რომელი არტისტები გამოვლენ „ვიტამინში“, - ამ ინფორმაციას ინტერნეტშიც მარტივად იპოვით, - მე კლუბის კიდევ ერთ სტუმარზე გავამახვილებ ყურადღებას. 25-ში „ვიტამინში“ ANDHIM დაუკრავს. ეს ერთ-ერთი გამორჩეული დუოა ასევე გერმანიიდან, რომელიც საკუთარ მუსიკას აღწერს როგორც "სუპერ ჰაუსს". წელს საოცრად ნაყოფიერი წელი ჰქონდათ და, საბოლოოდ, მათი რელიზები თითქმის ყველა ცნობილი დიჯეის აუდიოთეკაში აღმოჩნდა. დუომ ითანამშრომლა რამდენიმე ლეიბლთან: Monaberry, Terminal M და Sunset Handjob. მოკლედ, მუსიკოსები კიოლნიდან ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ 25 აგვისტოს ბათუმში კარგად გაერთოთ და მეც გირჩევთ, რომ არ გამოტოვოთო ეს ივენთი.



ახლა ცოტა უკან დავბრუნდეთ და 16 აგვისტოს გონიოს ვეწვიოთ. 16-17 აგვისტოს გონიოში Second Life Weekend გაიმართება და ესეც თამამად შეგვიძლია შევიყვანოთ სიაში "Places To Go". ფესტივალზე უცხოელ არტისტებთან ერთად ქართველი მუსიკოსებიც გამოვლენ. ეს კარგია თუ ცუდი, თავად შეაფასეთ, მით უმეტეს, რომ ჩამოთვლილი არტისტების ნაწილი ყოველ შაბათ-კვირას ისედაც უკრავს თბილისის რომელიმე კლუბში და უკრავს სულ ერთნაირად, სულ უხალისოდ, სულ მოსაბეზრებლად, თუმცა ეგ არაფერი - ფესტივალს რამდენიმე კარგი სტუმარი მაინც ეყოლება და ნამდვილად გირჩევთ ერთ შაბათ-კვირას გონიოში წასვლას. სხვა თუ არაფერი, ასეთ ფესტივალებზე დასწრება ყოველთვის სასიამოვნოა. რაც შეეხება მუსიკას, ჩემი ფავორიტი Second Life-ის ლაინ აფიდან TADEO-ა. ამ დროს, სავარაუდოდ, უკვე შევძლებ შვებულებაში გასვლას და ამ ივენთსაც არ გამოვტოვებ.



მთავარი მაინც ბოლოსთვის შემოვინახე. Batumi Summer Set 2013, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფესტივალია, რაც კი საქართველოში ჩატარებულა - ფესტივალი, რომელიც სამი დღე გაგრძელდება და ნამდვილად ღირს, რომ სამივე დღეს თავიდან ბოლომდე დაესწრო, წამით არ შეწყვიტო მუსიკის მოსმენა და მიიღო უდიდესი სიამოვნება მუსიკისგან. 22, 23 და 24 აგვისტო უკვე უნდა მონიშნოთ წითლად თქვენს ორგანაიზერებში, კალენდარში და ყველა გააფრთხილოთ, რომ ამ დღეებში არ გცალიათ. 22 აგვისტოს ყველაფერი ნორმალურად წავა, შეგეძლებათ მოუსმინოთ ქართველ არტისტებსაც, თუმცა მთავარი მაინც ღამის 3-4 საათიდან დაიწყება, როცა სამერ სეტზე SYNKO გამოვა. ამ არტისტზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ჯობს თვითონ მოუსმინოთ.



23 აგვისტოს დრიმ პოპ ჟღერადობის მოსმენაც შეგეძლებათ, როცა სცენაზე Sleep Party People გამოჩნდება და, საერთოდაც, არც ეს დღე იქნება რამით უარესი პირველზე, ისევე როგორც მესამეზე, როცა ბათუმში ფესტივალის ჰედლაინერი Faithless გამოვა. მართალია, Faithless უკვე დიდი ხანია ახლით არაფრით გვაკვირვებს, მაგრამ ფესტივალზე ყველაზე მეტი ადამიანი, ალბათ, მაინც ამ ჯგუფის მოსასმენად წავა და ძალიან კარგადაც გაერთობა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG