Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს


 აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეები
აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეები

28 ნოემბერს თბილისში გაიხსნა აბრეშუმის გზის ორდღიანი ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი, მათ შორის, 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ფორუმი, რომელიც საქართველოში 2015 წლის შემდეგ მეორედ იმართება, აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიიჩნევა, ფორუმის მთავარ საკითხებს შორის კი არის ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ფორუმის ფარგლებში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე მემორანდუმიც გაფორმდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“

  • „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გახსნა.
  • გაიმართა რამდენიმე პანელ-დისკუსია: „ციფრული კავშირი“, „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“, „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე“ და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“.
  • თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შეხვედრები 29 ნოემბერსაც გაგრძელდება.

28 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გახსნა და აღნიშნა, რომ საქართველო მდებარეობს მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკებსა და კულტურებს ერთმანეთთან აკავშირებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „სარტყელი და გზის“ ინიციატივით იქნა წარმოდგენილი და ხუთ ძირითად პრინციპს - მშვიდობა, კეთილდღეობა, გახსნილობა, ინოვაცია და ცივილიზაციათა კავშირი - ეფუძნება, საჯარო დიალოგს საჭიროებს, აბრეშუმის გზის ფორუმი კი, პრემიერის განცხადებით, ამის კარგი საშუალება იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოს უპირატესობებზეც ილაპარაკა:

„საქართველოს აქვს ღია ეკონომიკა. ჩვენ მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების კუთხით. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. დავიწყეთ ასევე შესაძლებლობების შესწავლა ინდოეთთან“.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ახალი აბრეშუმის გზის ე. წ. შუა დერეფნის განვითარებაში:

„თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით ოქტომბერში ავამოქმედეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, რომელმაც ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპის სარკინიგზო ქსელთან ალტერნატიული მარშრუტით დააკავშირა. მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული მაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას“.

ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას მოელის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებისგან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი:

მემორანდუმის გაფორმების პროცესი
მემორანდუმის გაფორმების პროცესი

„ის ინვესტიციები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, ასევე კერძო სექტორი ახორციელებს პორტებსა თუ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, შემდგომში უნდა იყოს უკუგებადი და უნდა იყოს ამ ინვესტიციების უკუგება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება".

აბრეშუმის გზის ფარგლებში გაფორმებულ მნიშვნელოვან კონტაქტებს შორის საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ასახელებს ხელშეკრულებას საქართველოს რკინიგზასა და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საკონტეინერო გადამზიდავ ჩინურ კომპანიას შორის. ცნობილია ასევე ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი პორტი, ბაქოს საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტთან თანამშრომლობას გეგმავს - შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და ბაქოს საზღვაო ნავსადგურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სწორედ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მოეწერება.

ჩვენმა ინვესტიციამ საქართველოში 2007 წლიდან დღემდე სამი მილიარდი დოლარი შეადგინა და უფრო მეტი რესურსით დახმარებას ისევ ვაპირებთ. ჩვენ მოვიაზრებთ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრს...
უენცაი ჟანგი

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ პროექტში ჩინური კომპანია „See Power“ მიიღებს მონაწილეობას. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა (GIG) და საპარტნიორო ფონდს შორის გარდაბნის 300 მგვტ-იანი სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტის განხორციელების პროცესში ჩინური კონცერნის, „See Power“-ის, მონაწილეობის შესახებ.

„ველოდები, რომ აბრეშუმის გზის წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს, საქართველო გახდეს ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი კავკასიაში“, განუცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ, ჟურნალისტებს:

„რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა იგივე ფორუმმა ძალიან დიდი შედეგი მოგვცა ინვესტიციების კუთხით. წელსაც ველი, რომ საქართველო გახდება ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი კავკასიაში“.

საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე ლაპარაკობს აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, უენცაი ჟანგი, რომლის თქმით, მომდევნო წლებში მათ არაერთი ენერგეტიკული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვთ განსახორციელებელი საქართველოში. მისი სიტყვებით, მომდევნო რამდენიმე წელიწადში აზიის განვითარების ბანკი აპირებს საქართველოს მხარი დაუჭიროს კიდევ უფრო მეტი რესურსებით:

„ჩვენმა ინვესტიციამ საქართველოში 2007 წლიდან დღემდე სამი მილიარდი დოლარი შეადგინა და უფრო მეტი რესურსით დახმარებას ისევ ვაპირებთ. ჩვენ მოვიაზრებთ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრს“.

მაგალითად, თუ ევროკავშირის ქვეყნები დაინტერესებულები იქნებიან, რომ საქართველოს გავლით პროდუქცია მიიღონ აზიიდან ან, პირიქით, გაიტანონ, მაშინ ისინი მაქსიმალურად იქნებიან დაინტერესებულნი, რომ არ შეგვექმნას პრობლემები თუნდაც რუსეთის მხრიდან...
მერაბ ჯანიაშვილი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრმა კი, შეიხ ალ ნაჰაიანმა, განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები გეგმავს გააორმაგოს ინვესტიციები საქართველოში.

საქართველოსთვის აბრუშუმის გზა მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური სარგებლის მიღების, ისე პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ და დაინტერესებაც აბრეშუმის გზით მეტია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისათვის, რომლებზეც ამ გზამ უნდა გაიაროს, თუმცა ამ ქვეყნებში უსაფრთხოების დაცვისადმი თავისი ინტერესი აქვს ევროპასაც, უთხრა რადიო თავისუფლებას პირველი არხის ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა:

„მაგალითად, თუ ევროკავშირის ქვეყნები დაინტერესებულები იქნებიან, რომ საქართველოს გავლით პროდუქცია მიიღონ აზიიდან ან, პირიქით, გაიტანონ, მაშინ ისინი მაქსიმალურად იქნებიან დაინტერესებულნი, რომ არ შეგვექმნას პრობლემები თუნდაც რუსეთის მხრიდან“.

28 ნოემბერს, აბრეშუმის ფორუმის პირველ დღეს, რამდენიმე პანელ-დისკუსია გაიმართა, მათ შორის: „ციფრული კავშირი“, „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის“ ინიციატივების ფარგლებში, „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“, „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე“ და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შეხვედრები 29 ნოემბერსაც გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG