Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოზე ზურაბ აბაშიძის განცხადებამ აღშფოთება გამოიწვია


ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

„თავისუფალი დემოკრატები“ ისევ ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის დასავლური კურსის სიმტკიცეს და ამჯერად ასეთ დასკვნას ისინი ზურაბ აბაშიძის განცხადების საფუძველზე აკეთებენ. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ წარმოთქმულმა სიტყვებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც აღაშფოთა. რა თქვა ზურაბ აბაშიძემ, რა პასუხი აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს და რას ფიქრობენ ანალიტიკოსები?

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა 19 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას სრული უფლება აქვს ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და, მათ შორის, ნატოსთან, რომელიც „მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა“. თუმცა ამის შემდეგ, აზრის გავრცობისას, ზურაბ აბაშიძემ წარმოთქვა კიდევ რამდენიმე წინადადება, რამაც გამოიწვია კიდეც კამათი და ვნებათაღელვა:

„ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“.

მაშინ როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე...
ალექსი პეტრიაშვილი

ზურაბ აბაშიძის განცხადებას „უაღრესად საგანგაშო“ უწოდეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“. როგორც საგანგებო ბრიფინგზე 19 თებერვალს განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება:

„მაშინ როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზედაც „თავისუფალი დემოკრატები“ დიდი ხანია მივუთითებთ. რადგან ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომელიც ითვალისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და ქვეყნის საბოლოო მიზნის, ნატოში გაწევრიანების, ხელშეწყობას“.

„თავისუფალ დემოკრატებს“ საინტერესოდ მიაჩნიათ, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადებები ნატოს თაობაზე დროში დაემთხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებას და თებერვლის ბოლოს დაგეგმილ აბაშიძე–კარასინის ფორმატის შეხვედრას, „რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი“.

საქართველოს ჰყავს სიტყვით პროევროპული მთავრობა, ვინაიდან იძულებულია ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ ამ მთავრობის შინაარსი და მათი რეალური ხედვა ძალიან შორს დგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისგან...
დავით ბაქრაძე

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან, როგორც „სახელმწიფოს მეთაურმა“, გააკეთოს საჯარო განცხადება და ღიად დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებისგან გამიჯვნის მოწოდებები გაისმა საგარეო უწყების მისამართითაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საგანგებო ბრიფინგი გამართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემაც და გამოხატა აღშფოთება ზურაბ აბაშიძის განცხადების გამო, სადაც ის და მისი თანაგუნდელები რუსეთის მიმართ მაამებლობას ხედავენ:

„საქართველოს ჰყავს სიტყვით პროევროპული მთავრობა, ვინაიდან იძულებულია ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ ამ მთავრობის შინაარსი და მათი რეალური ხედვა ძალიან შორს დგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისგან. დღეს ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა. ეს არის უაღრესად საგანგაშო“.

ზურაბ აბაშიძის განცხადებების კვალდაკვალ გამწვავებულ კამათს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გამოეხმაურა. მას მოუწია იმის განმარტება, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცე და უცვლელია:

„საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და ის ეფუძნება ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს და ურყევ ნებას... საქმეები, რეფორმები, კონკრეტული ნაბიჯები იქნება პასუხი სკეპტიკოსების იმ კითხვაზე, რომელიც ამ მიმართულებით კიდევ გაისმის“.

ეს მე რომ ვთქვა, რომ დღეს და ხვალ ვერ შევალთ ნატოში, ეს, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა ეს ოფიციალური პირისგან მოდის, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელია... ეს განცხადება იყო პასუხი ლავროვის განცხადებაზე: რას გვერჩით, არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებთო...
თორნიკე შარაშენიძე

19 თებერვალს განმარტება გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც. მინდია ჯანელიძემ თქვა, რომ არ შეფერხდება „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი უნდა ამოქმედდეს, თუმცა ეს არ იქნება სამხედრო ბაზა და, ჯანელიძის აზრით, სავარაუდოდ, სწორედ ეს იგულისხმა ზურაბ აბაშიძემ თავის განცხადებაში.

ეჭვების, ბრალდებებისა და განმარტებების ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია სერგეი ლავროვის განცხადებამ, რომელიც 18 თებერვალს მოსკოვში გაკეთდა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრესკონფერენციას მართავდა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევთან ერთად.ლავროვის თქმით, ნატოში საქართველოს „ჩათრევის“ პროცესი უწყვეტად გრძელდება და ეს ხელს არ უწყობს სტაბილურობის უზრუნველყოფას სამხრეთ კავკასიაში. აქვეა მუქარაც. „თუკი ეს ნაბიჯები „პრაქტიკულ ხასიათს შეიძენს, რაც, როგორც ჩანს, უკვე ხდება, მივმართავთ ზომებს, რომ არ დავუშვათ სუტუაციაზე ამ პროცესების უარყოფითი ზეგავლენა“,განაცხადა ოთხშაბათს რუსმა მინისტრმა.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას ვარაუდობს, რომ ზურაბ აბაშიძემ სწორედ სერგეი ლავროვის ამ განცხადებას უპასუხა. თუმცა, ექსპერტის აზრით, დამაბნეველი და დამაფიქრებელია, როდესაც მსგავსი შინაარსის განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს:

„ეს მე რომ ვთქვა, რომ დღეს და ხვალ ვერ შევალთ ნატოში, ეს, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა ეს ოფიციალური პირისგან მოდის, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელია... ეს განცხადება იყო პასუხი ლავროვის განცხადებაზე: რას გვერჩით, არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებთო... მეტი არაფერი არ იყო, ალბათ. სხვანაირად ვერ შევაფასებ. ეს იყო რეაქცია ლავროვის განცხადებაზე“.

ზურაბ აბაშიძის განცხადების ადრესატი აუდიტორია ასევე რუსეთში ეგულება კორნელი კაკაჩიას და ასევე არც მას უკვირს, რომ საქართველოში ამ განცხადების შინაარსმა დაბნეულობა და შეშფოთება გამოიწვია. პოლიტოლოგი ამ ჭრილში ჩვენთან საუბრისას ერთ არასახარბიელო ტენდენციაზეც ამახვილებს ყურდღებას:

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რასაც, პრინციპში, დიდი ხანია ამბობენ, რომ დიხოტომია შეინიშნება საგარეო პოლიტიკური კუთხით. ანუ იგივე პრემიერის სპეცწარმომადგენელი სხვას ამბობს, საგარეო საქმეთა მინისტრი სხვას ამბობს, პრემიერი სხვას ამბობს... ერთიანობა და სინქრონი არ იგრძნობა საგარეო პოლიტიკაში, მთლიანობაში“.

დღის მეორე ნახევარში ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება. მასში ნათქვამია, რომ „საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად“ და რომ „ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ“. პრეზიდენტი აცხადებს ასევე, რომ, „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათი ანექსიისადმი გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველო ცდილობს შექმნას ის გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას და თუნდაც რაიმე სახის პოზიტიური ელემენტის გაჩენას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში“ და რომ „სწორედ ამ მიზანს ემსახურება როგორც ჟენევის, ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები“.

პრეზიდენტი საჭიროდ თვლის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს პრაღის ფორმატის შინაარსი და რომ „საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოხდეს აბაშიძე-კარასინისა და ჟენევის მოლაპარაკებების კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG