Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვენ


საქართველის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს პატიმრობაში მყოფი ისრაელი ბიზნესმენების - რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის - ოჯახის წევრებმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ისრაელიდან გამოგზავნილი განცხადება პატიმართა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა შეიტანა. არჩილ კბილაშვილივე იცავდა განსასჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2011 წლის 1 აპრილს გამოტანილი განაჩენით ისრაელ ბიზნესმენებს ექვს-ნახევარი და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის შვილების განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
20 აპრილს, დღის მეორე ნახევარში შეიტანა.

„ისინი პრეზიდენტს სთხოვენ მათი მამების შეწყალებას. განცხადებაში მითითებულია ის, რომ 2011 წლის 1 აპრილის სასამართლოს განაჩენით მათ მშობლებს შეეფარდათ 7 წლითა და 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა მშობლების ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ისინი სთხოვენ პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულნი.“

არჩილ კბილაშვილის თქმით, განცხადების შეტანის შემდეგ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, დარჩებიან თუ არა ისრაელი ბიზნესმენები პატიმრობაში, თუმცა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რადიო თავისუფლებას წერილობით აცნობა, რომ საქმე ასე მარტივად არ არის:

„კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პრივილეგია არავის აქვს და, შესაბამისად, ამ საქმის ცალკე განხილვა არ მოხდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია არსებული რეგულაციებით გაჰყვება შესაბამის პროცედურებს. პირველ რიგში, გამოითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მასალებს, რომლებსაც დამუშავების შემდეგ გადასცემს შეწყალების კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად.“

რადიო თავისუფლებამ შეწყალების პროცედურის დასაზუსტებლად კომისიის თავმჯდომარესაც მიმართა. ელენე თევდორაძის თქმით, კომისია გულდასმით შეისწავლის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საპყრობილის ადმინისტრაციის დახასიათებას, თუმცა, თევდორაძისვე განმარტებით, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შეწყალებისადმი თავად პატიმრის დამოკიდებულებას:

„შედიან პატიმართან, ეუბნებიან, რომ თქვენმა დედამ, შვილმა ან სხვა ნათესავმა შეიტანა განცხადება შეწყალებაზე და ხარ თუ არა თანახმა შენ თვითონო. მე მაქვს აპრილის სია, რომლის მიხედვითაც 25-მა პატიმარმა შეწყალებაზე უარი თქვა. ასეთ შემთხვევაში შეწყალების კომისია საკითხს აღარ იხილავს, რადგანაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიმრის თანხმობა: შეიძლება არ უნდა მას ციხიდან გამოსვლა, ჩვენ ხომ მისი ნების წინააღმდეგ ვერ წავალთ.“

ელენე თევდორაძე იქვე შენიშნავს, რომ კანონით პრეზიდენტს პატიმრის თანხმობის გარეშეც, ანუ კომისიის გვერდის ავლითაც, შეუძლია შეწყალება:

„იყო შემთხვევები, როცა პატიმარს შეწყალების მოთხოვნით განცხადება არ დაუწერია... მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილის შემთხვევა, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას შემთხვევა, სულხან მოლაშვილის შემთხვევა, როცა საპატრიარქომ მიმართა პრეზიდენტს და ამ უკანასკნელმაც მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე შეიწყალა.“

სხვათა შორის, მსჯავრდებული ბიზნესმენები ერთი კვირის წინ ციხეში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მოინახულა და მათ მალე გათავისუფლება უსურვა. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელისათვის ხანგრძლივი პატიმრობა აშფოთებთ ისრაელშიც.

„ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა საქართველოში პატიმრობიდან გამოიხსნას ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი, რომლებსაც უდანაშაულოდ მიიჩნევს“, - განუცხადა ადგილობრივ მედიას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიისა და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა პინხას ავივიმ. ამ განცხადების გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის გადადება და ეკონომიკის მინისტრისათვის ვიზის მიუცემლობა პირდაპირ უკავშირდება ბიზნესმენების დაპატიმრებას. ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის თქმითაც, პოლიტიკურთან ერთად აშკარად ჩანს ეკონომიკური ურთიერთობის გაუარესების ტენდენცია, რომლის ერთ-ერთ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს განცხადება, რომელიც 8 აპრილს თავდაცვითი სისტემების მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიამ - „ელბიტ-სისტემსმა“ - გაავრცელა და რომლის თანახმადაც ის საქართველოს მთავრობას დიდი ბრიტანეთის სასამართლოში დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ედავება:

„დავები იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით, როგორც წესი, სასამართლოში არ მიდის. ვფიქრობ, რომ ამ დავის პროვოცირება მოახდინა ბიზნესმენების დაკავებამ და შესაძლებელია ამ ტიპის არაერთი დავა იქნეს ინიცირებული უახლოეს მომავალში, ის 100 მილიონი კი, რომელზეც ხელისუფლება შეიძლება სამართლიანადაც გვესაუბრება, საქართველოს ძვირი დაუჯდეს. თუმცა შედეგები გამოჩნდება ცოტა მოგვიანებით. ახლა რომც შეიწყალოს საქართველოს ხელისუფალმა ისრაელი ბიზნესმენები, სიტუაცია დიდად ვეღარ გამოსწორდება.“

გამოძიების მასალების მიხედვით, ისრაელმა ბიზნესმენებმა ფუქსმა და ფრენკელმა 7 მილიონი დოლარის ქრთამი შეაძლიეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს იმის სანაცვლოდ, რომ საქართველოს მთავრობა არ გაასაჩივრებდა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბიზნესმენებს გადაუხდიდა 72 მილიონ დოლარს 1996 წელს ჩაშლილ ენერგეტიკულ პროექტში. ლონდონში ტრიბუნალის სხდომა 13 აპრილს შედგა, თუმცა გადაწყვეტილებას სასამართლო, სავარაუდოდ, უახლოეს ერთ თვეში გამოაცხადებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG